პროტესტი ნეპალში — #ნეპობავშვები, კორუფცია და სოციალური ქსელის აკრძალვა
ახალგაზრდებში გაღიზიანებას იწვევს ვიდეოები და ფოტოები, რომლებიც ელიტის შვილების პრივილეგირებულ ცხოვრებას ასახავს.
#ნეპობავშვები
კვირების განმავლობაში, სანამ სამშაბათს ნეპალში ძალადობრივი პროტესტები დაიწყებოდა, სოციალურ ქსელებში ფართოდ ვრცელდებოდა ფოტოები, რომლებიც თითქოს ასახავდა ქვეყნის პოლიტიკური ელიტის შვილების ფუფუნებით სავსე ცხოვრებას.
ამ მასალებს თან ერთვოდა ჰეშთეგი #nepokids (ქართ: #ნეპობავშვები, ნეპოტიზმით მოსარგებლე შვილები), რაც მიუთითებდა ახალგაზრდებზე, რომლებიც საკუთარი ოჯახის კავშირებით სარგებლობენ. ნეპალის მრავალი მოქალაქე აკრიტიკებდა მათ, როგორც რეალობიდან სრულიად მოწყვეტილებს ისეთ ქვეყანაში, სადაც ყოველი ოთხიდან ერთი ადამიანი ეროვნული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
სინამდვილეში ეს ფოტოები რეალური იყო თუ გაყალბებული — უცნობია, მაგრამ ისინი იმ კორუფციის სიმბოლოდ იქცა, რომელმაც, ნეპალელთა თქმით, უთანასწორობა გააღრმავა და საჯარო მოხელეები და მათი ნათესავები გაამდიდრა.
პროტესტების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი აღშფოთება გახდა, აქციები პირდაპირ სოციალურ ქსელებზე დაწესებულმა აკრძალვამ გამოიწვია, თუმცა ამ ყველაფერს საფუძვლად წლობით დაგროვილი წყენა და უკმაყოფილება უდევს.
Z თაობა ახლა აღარ გაჩერდება. ეს პროტესტი მხოლოდ სოციალურ ქსელებზე არ არის — ეს არის მათი მცდელობა ჩაახშონ ჩვენი ხმა და ამას არ დავუშვებთ
ათასობით ახალგაზრდა სოციალურ ქსელებზე დაწესებული აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
ფოტო: Getty Images
ნეპალის #ნეპობავშვები ტრენდის ფარგლებში, მომხმარებლებმა TikTok-ზე, ინსტაგრამსა და X-ზე გაავრცელეს ვიდეოები და ფოტოები, რომლებიც თითქოს ბრენდირებულ ტანსაცმელში გამოწყობილ ნეპალის პოლიტიკური ფიგურების შვილებს ასახავს — ძვირადღირებულ კურორტებზე დასვენებისას, პარალელურად კი ხაზს უსვამს უბრალო ნეპალელთა ყოველდღიურ სირთულეებსა და სიღარიბეს.
ყველაზე ხშირად გაზიარებულ მასალებს შორის იყო ფოტო, რომელზეც თითქოს მინისტრის შვილი პოზირებდა Louis Vuitton-სა და Cartier-ის ყუთებისგან გაკეთებულ "საახალწლო ნაძვის ხესთან". სხვა ვიდეოში კი ჩანდა მოსამართლის შვილი, ძვირადღირებულ რესტორნებში სადილობისას და Mercedes-ის მანქანასთან ერთად.
ტიკტოკსა და ინსტაგრამზე გავრცელებულმა ვირუსულმა ვიდეოებმა ელიტარული ოჯახების ძვირადღირებული ტანსაცმელი, უცხოური მოგზაურობა და ფუფუნების მანქანები შეადარა ახალგაზრდების რეალობას — უმუშევრობასა და იძულებით მიგრაციას.
ეს სლოგანები უთანასწორობის მიმართ უფრო ღრმა უკმაყოფილების სიმბოლოდ იქცა, რადგან მომიტინგეები ელიტის ცხოვრებას ადარებენ ყოველდღიური მოქალაქეების ყოფას.
მომიტინგე ყვირილით გამოხატავს პროტესტს ნეპალის პარლამენტის წინ
ნეპალში ფართოდ გავრცელებულია განცდა, რომ ქვეყნის პოლიტიკური კლასის სიმდიდრე მოსახლეობის უმეტესობის ხარჯზეა მოპოვებული.
ფოტო: პრაბინ რანაბატი / Agence France-Presse — Getty Images
#ნეპობავშვების ტრენდი, რომელიც ნეპოტიზმის შემოკლებული ვერსიით მოიხსენიება, დასავლეთისთვის კარგად ნაცნობ "nepo babies"-ის კონცეფციას წააგავს — როცა ცნობილი ადამიანების შვილებს მათი პრივილეგიების გამო ასე მოიხსენიებენ.
ბევრ პოსტში ასეთ #ნეპობავშვების ფოტოებთან ერთად არის კადრები, რომლებზეც ჩვეულებრივი, ღარიბი ნეპალელების ყოველდღიური ბრძოლა ჩანს გადარჩენისთვის, და ღრმად იგრძნობა განცდა, რომ ქვეყნის პოლიტიკური კლასის სიმდიდრე უბრალო ხალხის ხარჯზე იქნა მოპოვებული. მომიტინგეები ამბობენ, რომ ისინი უსამართლოდ სარგებლობენ პრივილეგიებით და ფუფუნებით, ცხოვრობენ საჯარო ფულით, მაშინ როდესაც უბრალო ნეპალელები მძიმე პირობებში არსებობენ.
Gen Z კორუფციასა და სოციალური ქსელების აკრძალვას აპროტესტებს
ფოტო: Getty Images
დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International ნეპალს აზიის ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ სახელმწიფოდ აფასებს. მიუხედავად ხშირი სკანდალებისა, რომლებიც ძირითადად არჩეულ პოლიტიკოსებსა და თითქოს დამოუკიდებელ ოფიციალურ პირებს შორის გარიგებებს ეხება, ბრალდებების უმეტესობა იშვიათად მთავრდება წარმატებული სასამართლო პროცესით.
მაგალითად, პარლამენტის გამოძიებამ გამოავლინა, რომ პოხარას ქალაქში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისას სულ მცირე 71 მილიონი დოლარი გაიფლანგა. სხვა შემთხვევაში ნეპალის ლიდერები წილში ესხდნენ პროგრამას და აშშ-ში დასაქმების მსურველ ახალგაზრდებს ფულს სძალავდნენ — იმ დროს, როცა პროგრამა განკუთვნილი იყო მხოლოდ ბჰუტანიდან იძულებით გაძევებული ეთნიკური ნეპალელებისთვის.
ახალგაზრდები განსაკუთრებით აღშფოთდებულები არიან, რამდენიმე ელიტარული ნეპალელის მიერ თავისი შვილებისთვის უზარმაზარი ქონების დაგროვებით. ბევრი მოქალაქე სახელმწიფოს მოუწოდებს, გამოიძიოს, როგორ იქნა ეს ქონება შეძენილი.
სოციალური ქსელების დროებითმა აკრძალვამ, როგორც მცდელობამ, გააჩუმოს უთანასწორობისადმი მიმართული ეს კრიტიკა — პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა და ახალგაზრდები გამოსვლას აგრძელებენ.
კატმანდუში იწვის მთავრობის სასახლე
ფოტო: Getty Images
რა ხდება ნეპალში?
დემონსტრაციები გამოწვეული იყო მთავრობის გადაწყვეტილებით, რომელიც გასულ კვირას მიიღო: აკრძალულიყო 26 სოციალური ქსელის პლატფორმა, მათ შორის WhatsApp, Instagram და Facebook, იმ მიზეზით, რომ მათ ნეპალის კომუნიკაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროში რეგისტრაცია ვერ მოასწრეს.
მთავრობა გააკრიტიკეს, რომ თითქოს ამ გზით ანტიკორუფციული კამპანიის ჩახშობა სურდა. აკრძალვა ორშაბათს ღამით გაუქმდა.
მიუხედავად იმისა, რომ აკრძალვა უშუალო ნაპერწკალი იყო, მომიტინგეები ასევე გამოხატავენ უფრო ღრმა და ხანგრძლივ უკმაყოფილებას ქვეყნის ხელისუფლების მიმართ. ორშაბათს პოლიციასთან შეტაკებებში 19 მომიტინგე დაიღუპა.
შეიარაღებული პოლიცია პარლამენტის შენობას იცავს
ფოტო: Getty Images
ნეპალის კომუნიკაციების მინისტრმა პრიტვი სუბამ BBC-ს იმავე დღეს განუცხადა, რომ პოლიციას ძალის გამოყენება მოუხდა — მათ შორის წყლის ჭავლების, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების.
ზოგმა მომიტინგემ მოახერხა პარლამენტის შენობის პერიმეტრის დარღვევა კატმანდუში, რის შემდეგაც პოლიციამ მთავარ სამთავრობო შენობებზე კომენდანტის საათი დააწესა და უსაფრთხოება გაამკაცრა.
სამშაბათს, დედაქალაქში მომიტინგეებმა პარლამენტს კვლავ წაუკიდეს ცეცხლი, ქვეყნის მასშტაბით თავს დაესხნენ სამთავრობო შენობებს და პოლიტიკოსების სახლებს.
ცეცხლი პარლამენტის შენობის წინ
ფოტო: Getty Images
სამშაბათს სულ მცირე სამი ადამიანის დაღუპვა დაფიქსირდა, რის შედეგადაც პროტესტების დაწყებიდან ჯამში 22-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა.
დაშავებულთა უმეტესობა ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სადაც ხალხის მასშტაბური რაოდენობა შეიკრიბა. BBC Nepali-მ ესაუბრა ექიმებს, რომლებმაც თქვეს, რომ უმკურნალეს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილებს და რეზინის ტყვიებით მიყენებულ ტრავმებს.
პოლიციის თქმით, რამდენიმე ოფიცერიც დაშავდა და მოსალოდნელია, რომ მსხვერპლის ოფიციალური რიცხვი გაიზრდება.
ვინ მონაწილეობს პროტესტებში?
სოციალური ქსელებით მობილიზებული და ახალგაზრდების მიერ მართული ეს პროტესტი უნიკალურია ნეპალისთვის.
დემონსტრანტები თავს Z თაობის წარმომადგენლებად აცხადებენ, ეს ტერმინი კი მოძრაობის სიმბოლოდ იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ცენტრალური ლიდერი, ახალგაზრდულმა გაერთიანებებმა დაიწყეს მოქმედებისკენ მოწოდებები და ონლაინ განახლებების გაზიარება. აქციებზე ეძახდნენ სტუდენტებს ნეპალის დიდი ქალაქების კოლეჯებიდან და უნივერსტიტებიდან, რომ ერთიანი ფორმით, წიგნებით ხელში შეერთებოდნენ პროტესტს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოებიც, სადაც სკოლის მოსწავლეებიც კი მონაწილეობენ მარშებში.
რა მოთხოვნები აქვთ მომიტინგეებს?
- მთავრობის მიერ სოციალური ქსელების აკრძალვის მოხსნა (ეს უკვე შესრულებულია);
- კორუფციული პრაქტიკის დასრულება.
ბევრმა მომიტინგემ, ძირითადად სტუდენტებმა, სოციალური ქსელების ბლოკირება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად და პოლიტიკოსების მასშტაბურ კორუფციასთან კავშირში დაინახა.
"გვინდა ნეპალში კორუფცია დასრულდეს", — უთხრა BBC Nepali-ს 19 წლის სტუდენტმა ბინუ ქეისიმ — "ლიდერები არჩევნებზე ერთ რამეს გვპირდებიან, მაგრამ არასდროს ასრულებენ. ისინი ბევრ პრობლემას ქმნიან". მან ასევე დასძინა, რომ სოციალური ქსელების აკრძალვამ მისი განათლება შეაფერხა, რადგან ონლაინ-ლექციებსა და სასწავლო რესურსებზე წვდომა შეეზღუდა.
მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ კატმანდუში, პარლამენტის შენობასთან
ფოტო: Getty Image
სუბანა ბუდჰათოკიც მსგავსად გამოხატავდა უკმაყოფილებას: "Z თაობა ახლა აღარ გაჩერდება. ეს პროტესტი მხოლოდ სოციალურ ქსელებზე არ არის — ეს არის მათი მცდელობა ჩაახშონ ჩვენი ხმა და ამას არ დავუშვებთ".
რა შეიძლება მოხდეს ახლა?
პრემიერ-მინისტრი გადადგა, მაგრამ უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს მას — ან რა მოხდება შემდეგ, რადგან სიტუაციას თითქოს არავინ აკონტროლებს.
ზოგიერთი მინისტრი და ლიდერი უსაფრთხოების ძალებთან ერთად თავშესაფარში იმყოფება.
მომიტინგეებმა ჯერჯერობით დააიგნორეს დედაქალაქ კატმანდუსა და სხვა რეგიონებში გამოცხადებული კომენდანტის საათი.
ისინი ანგარიშვალდებულებას და მმართველობის რეფორმას ითხოვენ. თუმცა, თუ ხელისუფლება რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არეულობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
კომენტარები