დინოზავრების გადაშენების შემდეგ ძუძუმწოვრები პლანეტას მოედნენ. დინოზავრების გარეშე მათი რაოდენობა ძალიან გაიზარდა. ძუძუმწოვრები გაიზარდნენ ზომაშიც — მაგრამ რამდენად?

ჩვენ ვიცით, რომ ლურჯი ვეშაპი ყველაზე დიდი ძუძუმწოვარია, რომელსაც კი ოდესმე უარსებია დედამიწაზე. მეტიც, ის ყველაზე მასიური ცხოველია, რაც კი ოდესმე ჩვენს პლანეტაზე ყოფილა. მისი სიგრძე დაახლოებით 30 მეტრია, წონა კი 200 ტონას აღწევს.

და მაინც, რომელია ყველაზე დიდი ძუძუმწოვარი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია?

ამ მომენტისთვის ხმელეთის ყველაზე დიდ ძუძუმწოვრად (ზოგადად ცხოველადაც) აფრიკული სპილო ითვლება. მისი სიგრძე 7 მეტრს აღწევს, სიმაღლე კი 3.7 მეტრია. ჩვეულებრივ ეს სპილო 4-დან 7 ტონამდე იწონის.

რომ დავუბრუნდეთ ჩვენს პირველ შეკითხვას: ხმელეთის ყველაზე დიდი ძუძუმწოვრის წოდება ამჟამად უკვე გადაშენებულ ინდრიკოთერიუმს ეკუთვნის — მასიურ ურქო მარტორქას ჟირაფის მსგავსი გრძელი კისრით.

ეს არსება ძირითადად აზიაში სახლობდა და არსებობდა ოლიგოცენის ადრეულიდან გვიან პერიოდამდე (34–23 მილიონი წლის წინ). მასთან შედარებით თანამედროვე მარტორქები ძალიან პატარა ცხოველებად მოგეჩვენებოდათ.

ფოტო: IFLScience

ინდრიკოთერიუმი სიგრძეში 7.4 მეტრი იყო, ხოლო სიმაღლეში 4.8 მეტრს აღწევდა. ის დედამიწაზე მცხოვრებ ყველაზე მასიურ ძუძუმწოვრად მიიჩნევა. ეს პრეისტორიული გოლიათი დაახლოებით 17 ტონას იწონიდა, რაც მარტორქის წონაზე თითქმის ხუთჯერ მეტია.

2021 წელს ტიბეტში ამ გიგანტური მარტორქის გადაშენებული ახალი სახეობა აღმოაჩინეს — Paraceratherium linxiaense. ნამარხი 26 მილიონი წლის წინანდელია. სრულად შემონახული იყო თავის ქალა, ასევე სხვა ინდივიდის ქვედა ყბა და ხერხემლის მალებიც.

"თავის ქალა ერთ მეტრზე გრძელი იყო. ეს ძალიან იშვიათი ეგზემპლარია", — განუცხადა CNN-ს კვლევის წამყვანმა ავტორმა, დენგ ტაომ.

აღმოჩენილი ნამარხების არასრული რაოდენობის გამო, ზუსტი წონის დადგენა შეიძლება რთულია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია — ინდრიკოთერიუმი ყველაზე დიდი ძუძუმწოვარია, რომელსაც ხმელეთზე უარსებია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.