როგორ მოქმედებს 2-1-ში შამპუნი და კონდიციონერი — რამდენად ეფექტიანია
ფოტო: Liudmila Chernetska
აფთიაქებსა თუ მაღაზიებში მსგავსი დასახელების პროდუქტი ყველას გვინახავს. ზოგს ისიც გვიფიქრია, რომ დროის დაზოგვის თვალსაზრისით ეს არაჩვეულებრივი გამოგონებაა. მეორე მხრივ, ადამიანების უმრავლესობაში ასეთი პროდუქტი ეჭვს აღძრავს. მაშ, რეალურად როგორ მუშაობს იგი, ან საერთოდ თუ მუშაობს?
ზოგადად, შამპუნის დანიშნულება თმიდან და თავის კანიდან ჭუჭყის მოშორებაა, კონდიციონერის კი — თმის დარბილება, დატენიანება და აღდგენა. შესაბამისად, შამპუნები სურფაქტანტებს შეიცავს, რომლებიც თმას ჭუჭყსა და ცხიმს აშორებს. ხოლო კონდიციონერები ემოლიანტებსა და სილიკონებს, რომლებიც თმას ეკვრის.
2-1-ში შამპუნის შემთხვევაში სურფაქტანტები მაინც აქტიურია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პროდუქტი თმასა და თავის კანს საერთოდ ვერ გაწმენდდა. სურფაქტანტები და კონდიციონერის აგენტები ხშირად ერთმანეთს ანეიტრალებს. გარდა ამისა, კონდიციონერში შემავალი ნივთიერებები ამ შემთხვევაში თმას ვერ ეკვრის, რადგან იგი გაწმენდის დროსვე ირეცხება თმიდან.
სწორედ ამიტომ, 2-1-ში შამპუნის გამოყენებისას თმა საკმარისად არ ტენიანდება. ეს ნიშნავს, რომ თუ ცხიმიანი ან მოკლე თმა გაქვთ, 2-1-ში შამპუნი თქვენთვის შეიძლება მისწრება იყოს. თუ ხვეული, გრძელი ან მშრალი თმა გაქვთ, უმჯობესია შამპუნი და კონდიციონერი ცალ-ცალკე შეიძინოთ.
მიუხედავად ამისა, Alterna Haircare-ის სტილისტი, პოლ უინტნერი განმარტავს, რომ როგორი ტიპის თმაც არ უნდა გქონდეთ, 2-1-ში შამპუნი კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ უნდა გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში დროსაც დაზოგავთ და თმის გამოშრობის რისკსაც შეამცირებთ.
ამას გარდა, თუ შამპუნის ბოთლს სიტყვა "დამატენიანებელი" აწერია, უმეტეს შემთხვევაში მას კონდიციონერის აგენტებიც აქვს დამატებული. შესაბამისად, თუ 2-1-ში შამპუნის ყიდვა გადაწყვიტეთ, თავისუფლად შეგიძლიათ იგი უბრალოდ დამატენიანებელი შამპუნით ჩაანაცვლოთ.
კომენტარები