დნმ-ის დონეზე: საქართველო და სლოვაკეთი: ორი გზა დემოკრატიისკენ

იმპერიის მარცხი შანს აძლევს პატარა ქვეყნებს. საქართველოსა და სლოვაკეთის თანამედროვე ისტორიის ათვლა შეგვიძლია ორი იმპერიის - რუსეთისა და ავსტრია-უნგრეთის დაშლით დავიწყოთ. 1918 წლის 26 მაისს თბილისში გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. იმავე წლის 28 ოქტომბერს, პირველი მსოფლიო ომის ბოლოს პრაღაში ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადეს. სულ რაღაც ორი დღის შემდეგ პატარა ქალაქ მარტინში მიიღეს დეკლარაცია სლოვაკი ხალხის თვითგამორკვევის უფლების თაობაზე. თუმცა, მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მიეცათ სლოვაკ და ქართველ ხალხს დემოკრატიის შექმნის თავისუფლება.

"ჩვენ წავაგეთ ბრძოლა, მაგრამ თავიდან ავიცილეთ ომი", - ასეთი კომენტარი გააკეთა ალექსანდრ დუბჩეკმა მოსკოვში დამამცირებელი ვიზიტის შემდეგ. ეს მაშინ, როცა ვარშავის პაქტის არმიამ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია და ყველა დემოკრატიული რეფორმის დამხობა მოახერხა. მისი სურვილი სოციალიზმისთვის ადამიანური სახე შეენარჩუნებინა მსოფლიო პროლეტარიატის გლობალურ ინტერესებს შეეჯახა.

ათასობით ადამიანისთვის დუბჩეკი ის კაცი იყო, რომელმაც დაამტკიცა, რომ სისტემის თუ დაშლა არა, შეცვლა მაინც შეიძლება. "პრაღის გაზაფხულიდან" ორი ათეული წლის შემდეგ სლოვაკეთში გამოჩნდა ახალგაზრდების თაობა, რომელიც მზად იყო წინ აღდგომოდა სისტემას. მათ შორის იყო დიონიზ გოხელი - მონაწილე "ხავერდოვანი რევოლუციისა", რომელმაც ჩეხოსლოვაკია კომუნისტური წყობილების დემონტაჟამდე მიიყვანა.

როგორც ნებისმიერი სხვა ახალგაზრდა თაობა, ჩვენ არ გვქონდა ახლო კავშირი იმ რეჟიმთან, რომელიც ხელისუფლებაში 1968 წლის აგვისტოში მოვიდა და რომელიც საბჭოთა კავშირსა და ვარშავის პაქტის არმიების მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციაზე იყო დაფუძნებული. ჩვენ არ ვეგუებოდით პარადიგმას, რომ აქ საბჭოთა ტანკები იყო განლაგებული და რომ ეს რეჟიმი ოკუპაციას ეყრდნობოდა. ამიტომ, როგორც ნებისმიერი ახალგაზრდა თაობა, ჩვენც ვაპროტესტებდით

დიონიზ გოხელი, ხავერდოვანი რევოლუციის მონაწილე.

იხსენებს რა, სოციალისტურ ჩეხოსლოვაკიაში ცხოვრების პერიოდს, გოხელი აღნიშნავს, რომ მაშინ ბევრი ახალგაზრდა, სტუდენტი უსმენდა რადიო თავისუფლებას, ბიბისის და ამერიკის ხმას.

"ჩვენ გვქონდა თავისუფალ ინფორმაციაზე წვდომა, აგრეთვე ვუსმენდით ავსტრიის ტელევიზიასა და რადიოს, როკ-მუსიკას, გადაცემებს პოპულარულ, პოლიტიკურ თემებზე, რომლებიც არ განიცდიდა ცენზურას და არ კონტროლდებოდა რომელიმე მთავრობის მიერ".

გოხელი ამბობს, რომ მის თაობას ხელი მიუწვდებოდა დისიდენტურ ლიტერატურაზეც. მისი თქმით, ბევრი ჩეხი და სლოვაკი მწერალი, პოეტი, პოლიტიკოსი და აქტივისტი იყო ლიტერატურული პერსონა ნონ-გრატა, აკრძალული იყო ჩეხოსლოვაკიაში. მათ არ შეეძლოთ თავიანთი ნაწარმოებების გამოქვეყნება და გაყიდვა წიგნის მაღაზიაში. "ვახერხებდით ჩეხურ და სლოვაკურ ენებზე თარგმნილი წიგნების მოპოვებას, როგორიცაა ჯორჯ ორუელის "1984", მილან კუნდერას "ყოფის აუტანელი სიმსუბუქე..". შემდეგ მათ ჩვენს წრეში ვავრცელებდით".

ამას გარდა გოხელის სიტყვებით ბევრი მეგობარი და კოლეგა იყო იატაკქვეშა ორგანიზაციის ე.წ. საიდუმლო ეკლესიის წევრი, რომლებიც მსჯელობდნენ არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ პოლიტიკურ თემებზე. პირველი სერიოზული მოვლენა დიონიზისთვის გახდა ბრატისლავას სტუდენტების გამოსვლა 1989 წლის 16 ნოემბერს - პრაღის აქციამდე ერთი დღით ადრე, რასაც მოგვიანებით "ხავერდოვანი რევოლუციის სტარტი" ეწოდა. ამ დღეს დიონიზი თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან დღედ მიიჩნევს.

შევიკრიბეთ სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების მოედანზე, ვისაუბრეთ ადამიანის უფლებებზე, განათლებაზე. ჩემდა გასაკვირად, ბევრი ხალხი იყო, ბევრი სტუდენტი უნივერსიტეტებიდან და მოსწავლეები სკოლებიდან. სრულიად სპონტანურად, ყოველგვარი გეგმის გარეშე, ჩვენ მთელი ბრატისლავა მოვიარეთ, ვსკანდირებდით ლოზუნგებს არა მხოლოდ განათლების რეფორმის მოთხოვნით, არამედ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის

საბედნიეროდ, ეს მიტინგი ძალადობის გარეშე დასრულდა. თუმცა დიონიზის თქმით მშობლებს, რომელთაც "პრაღის გაზაფხულის" დრამატული მოვლენები ახსოვდათ, ეშინოდათ და ხშირად შვილებს ქუჩაში არ უშვებდნენ. მიუხედავად ამისა ახალგაზრდები ჩუმად მაინც მონაწილეობდნენ მიტინგებში.

გოხელი იხსენებს, რომ აქციის პირველ დღეს პოლიციამ სტუდენტები ალყაში მოაქცია და მათთან ერთად მოძრაობდნენ, შემდეგ კი გარს შემოერტყნენ მოედანს",სადაც ახალგაზრდებს განათლების სამინისტროს თანამშრომლებთან პოლემიკა გაემართათ". მისი სიტყვებით, პოლიციას რომ ძალა გამოეყენებინა, ისტორია გადაიწერებოდა: არა 17 ნოემბერი პრაღაში, არამედ 16 ნოემბერი ბრატისლავაში გახდებოდა დღე, როცა სტუდენტთა მშვიდობიანი აქცია ისტორიაში დიდი ცვლილებების დასაბამად ჩაიწერებოდა.

პროტესტის ერთ-ერთი ახალგაზრდა მონაწილე, რომელიც მოგვიანებით სტუდენტური მოძრაობის ლიდერი გახდა, იყო ფილიპ ვაგაჩი. ვაგაჩი იხსენებს რომ სტუდენტები დავობდნენ პარტიის ფუნქციონერებთან და მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ კომუნისტურ მთავრობასთან, აღელვებდათ რა არა მხოლოდ განათლების სისტემა, არამედ დიდი პოლიტიკაც.

ვაგაჩის თქმით, "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ სლოვაკური საზოგადოება არ აღმოჩნდა მზად სახელმწიფოს მშენებლობას სერიოზულად მოკიდებოდა. "ჩვენ უნდა გვებრძოლა იმის გასააზრებლად თუ რას ნიშნავს იყო თავისუფალი, რას ნიშნავს გქონდეს დემოკრატია, რადგან ეს სიტყვა ხალხს სულ სხვადასხვაგვარად ესმის. ზოგიერთებისთვის ეს საკუთარი ძალაუფლების დამყარების გზაა, რომ აკეთონ ის, რაც მოესურვებათ, სხვები მასში უფრო ღრმა მნიშვნელობას - საზოგადოებისთვის დიდი შესაძლებლობების შექმნას ხედავენ".

მაგდა ვაშარიოვა - სლოვაკი დიპლომატი

პოლიტიკა ყოველთვის აინტერესებდა "ხავერდოვან რევოლუციამდე" აღმოსავლეთ ევროპაში ცნობილ მსახიობს - მაგდა ვაშარიოვას.

"ქალ პოლიტიკოსად მამაჩემმა მაქცია. საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი მგრძნობელობისთვის ასეთ ოჯახში უნდა გაიზარდო. მამაჩემი სწორედ ასეთი ადამიანი იყო. 5-6 წლის ვიყავი, როცა მიხსნიდა ვინ იყო სტალინი, ტიტო, რამ გამოიწვია მათ შორის დაპირისპირება. პატარა ვიყავი, მაგრამ გარკვევით მახსოვს, როგორ ცდილობდა ესწავლებინა ჩემთვის საჯარო სივრცეში მიმდინარე მოვლენების კრიტიკული შეფასება, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც".

ვაშარიოვას სიტყვებით მას სამსახიობო ხელოვნება არასდროს უსწავლია, ამაზე არ უოცნებია, თუმცა 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში ვარშავის პაქტის არმიის შეჭრის შემდეგ გოგონა უნივერსიტეტიდან გარიცხეს. იმ დროისთვის მაგდას რამდენიმე ფილმში გადაღება უკვე მოესწრო, ამიტომ სამუშაოდ თეატრში მიიწვიეს.

იხსენებს რა "ხავერდოვანი რევოლუციის" წინმსწრებ მოვლენებს, ვაშარიოვა აღნიშნავს, რომ მაშინ სლოვაკ საზოგადოებაში ამჩნევდნენ მოსკოვიდან არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ კულტურულ სიგნალებსაც. მაგალითად, ასეთი სიგნალი იყო თენგის აბულაძის ფილმის "მონანიების" ფართო ეკრანზე ჩვენება. მისი სიტყვებით, რომ არა მიხეილ გორბაჩოვის ფიგურა და კრემლის პოლიტიკური ნება, რეჟიმის ასეთ სწრაფ დაცემას ვერავინ დაიჯერებდა.

კომუნისტური წყობის დამხობა გარდამტეხი მომენტი გახდა არა მხოლოდ ჩეხოსლოვაკიის, არამედ თვითონ მაგდალენას ცხოვრებაშიც. ქვეყნის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა მას ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შესთავაზა და დიპლომატიურ სამსახურში მიიწვია. პირველი წინადადება მან უარყო, მეორე - არა.

ვაშარიოვა აღნიშნავს, რომ მაშინ, უკვე შემდგარი მსახიობის ბიოგრაფიაში იყო მრავალი მხატვრული ფილმი და 40 წლიანი ცხოვრებისეული გამოცდილება. ამიტომ გადაწყვიტა - "კმარა მსახიობობა".

წინა პროფესიამ მაგდალენას შემდგომ კარიერაში გარკვეული უხერხულობა შეუქმნა. ცრურწმენას აყოლილები, როგორც ყოფილ მსახიობს და თან ქერა ქალს არასერიოზულად უყურებდნენ. "ხალხი გაკრიტიკებს და ამბობს: ოჰ, ის ხომ მხოლოდ მსახიობია!"

მაგდას სიტყვებით 80-იან წლებში ჰქონდა შანსი გამხდარიყო მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი. მას შესთავაზეს ეთამაშა სოფი ზავიტოვსკის როლი ჰოლივუდის ფილმში "სოფის არჩევანი", მაგრამ ვაშარიოვამ უარი თქვა და პოლიტიკური კარიერის გაგრძელება ამჯობინა. "ამით ბედნიერი ვარ", ამატებს საუბრისას. ამერიკულ დრამაში საბოლოოდ არჩევანი მერილ სტრიპზე შეაჩერეს და ქალის როლისთვის, რომელმაც ოსვენციმის ბანაკში თავის გადარჩენა შეძლო, "ოსკარით" დაჯილდოვდა.

ჰოლივუდის ვარსკვლავობისთვის ბრძოლას ვაშარიოვამ ამჯობინა სლოვაკეთის პირველი ქალი-პრეზიდენტის სტატუსისთვის ებრძოლა. 1999 წლის არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა უპარტიო კანდიდატის რუდოლფ შუსტერისა და სლოვაკეთის ყოფილი მმართველის ვლადიმირ მეჩიარის შემდეგ. მაშინ ვაშარიოვას მხარი თითქმის 200 ათასმა სლოვაკმა დაუჭირა.

არჩევნების შემდეგ, ყოფილმა მსახიობმა დიპლომატიური სამსახური გააგრძელა. 2000-2005 წლებში ის იყო სლოვაკეთის ელჩი პოლონეთში. მოგვიანებით გახდა საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი.

მაგდა ვაშარიოვა წარმატებული მსახიობი იყო.

კომუნიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის პრაღის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ განო ელენბოგენის სახელობის პრემიით დააჯილდოვა. დღეს მაგდალენა აგრძელებს ბრძოლას ევროპული ფასეულობებისა და სამოქალაქო თავისუფლებისთვის არა მხოლოდ სლოვაკეთში, არამედ ვიშეგრადის ჯგუფის მთელ რეგიონში.

მიუხედავად ბევრ პოლიტიკურ ლიდერთან პირადი ნაცნობობისა, ის თავს ვალდებულად მიიჩნევს ისაუბროს და მიუთითოს მათ შეცდომებზე. მაგალითად, უნგრეთის მთავრობის მეთაურთან ვიქტორ ორბანთან ვაშარიოვა ოდესღაც მეგობრობდა, დღეს კი დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევის გამო აკრიტიკებს.

მაგდალენას განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს ვარშავასთან. მუშაობდა ელჩად, ფლობს პოლონურ ენას, იქ აღიარებული მსახიობია, თუმცა პოლონეთის მმართველი პარტიის "უფლება და სამართლიანობის ლიდერს" იაროსლავ კაჩინსკის მაგდა ბრალს დებს ქვეყნის არასწორ მმართველობაში. ვაშარიოვა გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმას "რუხ კარდინალს" უწოდებს, რომელიც ქვეყანაში საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად მედია-იმპერიასა და პოპულისტურ განცხადებებს იყენებს.

მაგდა ვაშარიოვა ჩეხეთის პრეზიდენტს მილოშ ზემანსაც აკრიტიკებს კრემლთან სავარაუდო კავშირის გამო. ის დარწმუნებულია, რომ სლოვაკეთშიც არის პრობლემები. დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტისთვის დემოკრატიული ფესვები არ იყო საკმარისად ღრმა. "აი, რატომ იბრძოდა ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება მთელი ამ წლების განმავლობაში და აგრძელებს ბრძოლას. ახლა ჩვენ უფრო კარგად ვართ, ვიდრე უნგრეთი, ჩეხეთი ან პოლონეთი, რადგან ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება მზად არის ქუჩაში გავიდეს და იბრძოლოს".

ვაშარიოვას სიტყვებით, სლოვაკებს ჰყავთ რამდენიმე საპროტესტო თაობა: ადამიანები, ვინც "პრაღის გაზაფხულში" მონაწილეობდნენ, ისინი ვინც "ხავერდოვანი რევოლუციის" დროს რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, 40 წელს ზემოთ თაობა - წარმოქმნილი 1998 წელს და სრულიად ახალი თაობა - ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ ჟურნალისტ იან კუციაკის მკვლელობის გამო.

ფოტო: სოვა

ახალი თაობის ერთ-ერთი ნათელი წარმომადგენელი პეტერ ნაგია - კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ ბრატისლავაში ყველაზე მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების ორგანიზატორი. ის იხსენებს, რომ კუციაკის ტრაგიკულ გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, ერთმა ფილოსოფოსმა უთხრა: სლოვაკებს, როგორც ერს ხასიათის განსაკუთრებული თვისება გააჩნიათ - როგორც კი რამე საზარელი ხდება, ფხიზლდებიან და იწყებენ ვითარების შეცვლას.

სტატიები მომზადებულია მულტიმედიური ჟურნალის სოვას მიერ Slovak Aid-ის მხარდაჭერით.