ტერეზა მეის გადადგომა — რა ელის ბრექსიტს და ვინ იქნება შემდეგი პრემიერი
დიდი ბრიტანეთის მთავრობის სათავეში სამწლიანი ყოფნის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თანამდებობას დატოვებს. ერთ-ერთი მიზეზი, რამაც მის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია, ბრექსიტი და ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმებაა, რომელიც პარლამენტმა სამჯერ დაიწუნა.
ტერეზა მეის პრემიერობის პერიოდში ბრექსიტზე უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადადგა საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი და ბრექსიტის საკითხების ორი მინისტრი. ბოლო რამდენიმე თვეში უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადეს როგორც მას, ისე მთავრობას.
გაწელილი ბრექსიტის გამო მკვეთრად დაეცა როგორც ტერეზა მეის, ისე კონსერვატიული პარტიის რეიტინგი, რაც, საბოლოოდ, რეგიონულ არჩევნებშიც აისახა. მაისის არჩევნებში პარტიამ 1995 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.
არსებობს მოსაზრება, რომ მეის გადადგომა არა თუ ნაადრევი, დაგვიანებულიც არის. ამავე აზრზეა სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მეცნიერი, გიორგი ბადრიძე. მისი თქმით, მეის ბოლო შეთავაზებამაც რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ქვეყანაში ვითარება ვერ შეცვალა.
"მან ვერ მოიმხრო პარლამენტარი ოპოზიციონერების საკმარისი რაოდენობა და სამაგიეროდ, საკუთარი პარტიიდან უფრო მეტი მომხრე დაკარგა. აშკარა გახდა, რომ ბრექსიტის ვერც ერთი ვერსია, რომელზედაც მუშაობდა ქალბატონი მეი, პარლამენტში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდა, რაც ბევრისთვის ადრეც ნათელი იყო", — განუცხადა ბადრიძემ On.ge-ს.
რა ელის ბრექსიტს
ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლა 2019 წლის ოქტომბრისთვის არის გადადებული. ტერეზა მეიმ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება პარლამენტს ივნისის დასაწყისში მეოთხედ უნდა წარუდგინოს.
გიორგი ბადრიძის აზრით, მეის გეგმა კენჭისყრაზე აღარ დადგება, რადგან ის უკვე სამჯერ ჩააგდეს. მისივე თქმით, მოვლენების განვითარება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ იქნება კონსერვატიული პარტიის ლიდერი, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი.
ბადრიძის მოსაზრებით, დღემდე არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი შეთანხმების გარეშე დატოვოს. მომხრე დეპუტატების მიუხედადავ, პარლამენტმა ამ ვარიანტს მხარი არ დაუჭირა. მეორე ვარიანტად ბადრიძე ევროკავშირიდან გამოსვლაზე უარის თქმას განიხილვას. ბადრიძე აღნიშნავს, რომ ამ საკითხს ან ახალი რეფერენდუმი ან საპარლამენტო არჩევნები სჭირდება.
რაც შეეხება ევროკავშირთან შეთანხმების გადახედვას, ბადრიძეც ამბობს, რომ ეს შეუძლებელი იქნება, რადგან ალიანსმა ნათლად დააფიქსირა, რომ გეგმაზე გადახედვას არ აპირებს და ეს მათი საბოლოო შეთავაზებაა:
"ვივარაუდებ, რომ საქმე მივა ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე, რადგან ეს პარლამენტი ვერ თანხმდება ბრექსიტის ვერც ერთ ვერსიაზე".
ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების დანიშვნას ემხრობა პარლამენტის ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, ჯერემი კორბინიც. მისივე თქმით, არც მეის და არც მის "დაშლილ პარტიას" მმართველობის უნარი არ აქვს.
ვინ შეიძლება გახდეს შემდეგი პრემიერ-მინისტრი
ტერეზა მეი პარტიის ლიდერის პოსტ 7 ივნისს დატოვებს. ეს არ ნიშნავს, რომ ის ამ დღიდან თანამდებობაზე მუშაობას წყვეტს. პრემიერ-მინისტრის არჩევამდე, მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ ჯერ ლიდერი უნდა იარჩიოს. პროცესმა კი შესაძლოა რამდენიმე კვირა გასტანოს.
ბრიტანული პრესა უკვე წერს, თუ ვინ შეიძლება დაიკავოს კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი და გახდეს მთავრობის ხელმძღვანელი. მეის მემკვიდრედ ყველაზე აქტიურად სამი კანდიდატი განიხილება: საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბორის ჯონსონს, ბრექსიტის საკითხების ყოფილ მინისტრს, დომინიკ რააბისა და საგარეო საქმეთა მოქმედ მინისტრს, ჯერემი ჰანტს განიხილავენ.
კონსერვატიული პარტია ლიდერს რამდენიმე ტურად ირჩევს და არჩევნების ხანგრძლივობა კანდიდატურების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
პირველად, კანდიდატურებს ხმას აძლევენ პარტიის ის წევრები, რომლებიც თემთა პალატის დეპუტატებიც არიან, თითო რაუნდს თითო კანდიდატი ტოვებს, სანამ ორი არ დარჩება. ამის შემდეგ კი დარჩენილ ორ კანდიდატს პარტიის ყველა წევრი უყრის კენჭს. გამარჯვებულ კანდიდატს კი პრემიერ-მინისტრად დედოფალ ნიშნავს.
პარტიაში უკვე აღნიშნეს, რომ კანდიდატურების წამოყენება 10 ივნისს დაიწყება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ისინი იმედოვნებენ, რომ დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ივლისის შუა რიცხვებისთვის ეყოლება.
კომენტარები