9 მაისი ყოველთვის სადავო საკითხი იყო და დღემდე ასეა. საზოგადოება ვერ თანხმდება ეს დღე მართლა ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნად დაინიშნა, თუ საბჭოთა კავშირის მორიგი ახირებაა.

ევროპის ქვეყნების ნაწილი 8 მაისს აღნიშნავს ფაშიზმის დამარცხების დღედ, ვინაიდან სწორედ 1945 წლის 8 მაისს გამოაცხადა ფაშისტურმა გერმანიამ კაპიტულაცია. თუმცა, საბჭოთა კავშირში ჩათვალეს, რომ მეორე დღეს წითელ მოედანზე გამართული სამხედრო აღლუმი უფრო საზეიმო განწყობას ქმნიდა და როგორც გამარჯვებულებს, უფლება ჰქონდათ თავად გადაეწყვიტათ როდის სურდათ ზეიმი. ასე შეიქმნა 9 მაისი.

დღე, რომელიც ვეტერანების შეკრების და დაღუპულ ჯარისკაცთა გახსენებისთვის დაწესდა რუსეთმა პროპაგანდის იარაღად აქცია. 75 წელი გავიდა, ფაშისტური გერმანია უკვალოდ გაქრა, საბჭოთა კავშირის გადმონაშთი კი ისევ არსებობს.

9 მაისი საქართველოში

ფაშიზმზე გამარჯვების დღე საქართველოში ოფიციალურად უქმეა. სპეციალურად ამ დღისთვის ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავზე დიდი ხნის წინ ჩამქრალი მარადიული ცეცხლი ინთება. პოლიტიკოსები და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა შთამომავლები მემორიალს ყვავილებით ამკობენ.

ვეტერანები წარსულს იხსენებენ. მღერიან, ცეკვავენ, საგულდაგულოდ გაპრიალებულ მედლებით თავს იწონებენ და შიგადაშიგ ტირიან. ასე ხდებოდა ყოველ წელს. იყო პროტესტი და მცირე ექსესებიც, მაგრამ არა იმ მასშტაბის, როგორც წელს.

დღეს 9 მაისის აღსანიშნავად 2 საზეიმო და 2 საპროტესტო მსვლელობა და 1 ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. პროტესტის ძირითადი მიზეზი უკვდავი პოლკი გახდა.

უკვდავი პოლკი

უკვდავი პოლკი არის მოძრაობა, რომელიც თავის მთავარ მიზნად "სამამულო ომში" დაღუპულთა ხსოვნის უკვდავყოფას ასახელებს. პოლკის იდეა 2011 წელს გაჩნდა. კრემლის ფინანსური მხარდაჭერით 2015 წლიდან საერთაშორისო მასშტაბის გახდა და 17 ქვეყანაში გაიმართა. 2017 წელს პოლკს ქართული დანაყოფიც შეემატა. ტრადიციულად, პოლკი მსვლელობებს ატარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობდა, რომ ეს მოძრაობა "ისტორიული სიმართლის დაცვას ემსახურება", რომელმაც "საზოგადოება და ხალხები სულიერად უნდა შეადუღაბოს და ისტორიის რევიზიის უფლება არავის მისცეს". საბოლოოდ, პოლკი რუსული პროპაგანდის იარაღად იქცა.

პოლკის ოფიციალურ საინფორმაციო ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის წარმოდგენილი. ამის გასაპროტესტებლად მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიამ და თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნულმა პლატფორმამ საპროტესტო აქციები გამართა.

"არ ვიზეიმებთ გენოციდს"

თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული პლატფორმის წევრების აქციის მთავარი მესიჯი იყო არ ვიზეიმებთ გენოციდს. დღეს პირველები სწორედ ისინი შეიკრიბენ. ალეკო ელისაშვილის მეთაურობით მათ მიხეილ მესხის სტადიონიდან დაიწყეს მსვლელობა და ვაკის პარკში გადაინაცვლეს.

ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge

საპროტესტო აქცია 9 მაისის მსვლელობის პარალელურად

საპროტესტო აქცია 9 მაისის მსვლელობის პარალელურად

"აღნიშნული აქციით [უკვდავი პოლკი] პუტინის ხელისუფლება ცდილობს შექმნას ყალბი განცდები და წარმოდგენები საბჭოთა ისტორიაზე, რომელიც, მათი აზრით, რაიმე ფორმითა და დოზით საქართველოს ხალხებში სიამაყისა და მონატრების გრძნობებს უნდა აღძრავდეს", — აცხადებდნენ აქციის ორგანიზატორები.

მათ თან ჰქონდათ რეპრესიების შედეგად გარდაცვლილი ქართველების ფოტოები. მათი თქმით, აქცია არაძალადობრივი იყო და ემსახურებოდა საბჭოთა მსხვერპლის გახსენებას.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ვაკის პარკში მისულები ფანტანის მარჯვენა მხარეს პოლიციის კორდონის მიღმა დადგნენ.

"არა პუტინის მარშს"

"უკვდავი პოლკი პუტინის პროპაგანდისტული რეჟიმის პროექტია და ოკუპანტი სახელმწიფოს რბილი ძალის ყველაზე საზიზღარ ფორმას წარმოადგენს. ის აძლიერებს კრემლის კოლაბორაციონისტულ ძალებს, არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ყველგან, სადაც ოფიციალურ მოსკოვს საკუთარი ინტერესები აქვს", — აცხადებდნენ მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას ორგანიზატორები.

აქტივისტები უკრაინის საელჩოს მიმდებარედ შეიკრიბნენ. პოლიციის კორდონი მათ უკვდავი პოლკის მხარდამჭერებისგან ყოფდა.

ორგანიზატორების თქმით, აქციის მიზანი არა პოლკის მსვლელობის ჩაშლა, არამედ საპირისპირო, პრო-ევროპული და პრო-ამერიკული აზრის მშვიდობიანად გაჟღერება იყო.

ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge

ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge

"Putin Khuilo", გიორგი ანწუხელიძე და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი — ამ და სხვა ბანერებით მათ მსვლელობით ვაკის პარკში გადაინაცვლეს.

ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge

ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ვაკის პარკში მისულები ფანტანის მარცხენა მხარეს, ანალოგიურად, პოლიციის კორდონის უკან დადგნენ.

"პოლკი კი არა, პატრიოტები"

უკრაინის საელჩოსთან პოლიციის კორდონის მეორე მხარეს ევრაზიული ინსტიტუტის დამფუძნებელის, გულბაათ რცხილაძის მხარდამჭერები შეიკრიბენ. იქვე იყვნენ საქართველოს კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

გულბაათ რცხილაძე ამტკიცებდა, რომ ისინი არა უკვდავი პოლკის, არამედ საქართველოს უკვდავი ჯარის წარმომადგენლები იყვნენ და მათი მიზანი იყო საზოგადოებას შეძლებოდა ისტორიის სწორად შეფასება. პრორუსული განცხადებებით ცნობილმა რცხილაძემ თქვა, რომ დღეს რუსეთთან დაკავშირებით არ ისაუბრებდა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

რცხილაძისგან განსხვავებით, რუსეთზე საუბარზე უარი არ უთქვამთ მის თანამოაზრეებს. ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი ოკუპანტობამდე ევროპისა და ამერიკის ჩარევამ მიიყვანა. ანტიდასავლური განცხადებებთან ერთად პროსაბჭოური რიტორიკა და სტალინის ქებაც გაჟღერდა.

შეკრებილები ამბობდნენ, რომ პოლკის კი არა, პატრიოტული ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ.

თანამებრძოლები და თანამოაზრეები

პარალელურად, ვაკის პარკში სპეციალურად მოწყობილი სკამები ვეტერანებმა შეავსეს. ბევრნი არ იყვნენ. ყოველწლიურად მათი რაოდენობა იკლებს, თუმცა ცოცხლად დარჩენილებს ნამდვილად არ ეზარებათ ფორმის გამზეურება და მედლების გაპრიალება.

ფოტო: აკა ზარქუა / On.ge

ისევ გაიხსენეს დაღუპული მეგობრები, იტირეს. ისევ იცეკვეს და რა თქმა უნდა, ისევ ისაუბრეს ომის წლებზე.

ფოტო: აკა ზარქუა / On.ge

გასაკვირი არ არის და ისევ ადიდეს იოსებ სტალინიც.

ფოტო: აკა ზარქუა / On.

ვაკის პარკში მიდიოდნენ პოლიტიკოსები. ვეტერანებს ხელს ართმევდნენ, ულოცავდნენ, სახელობითი ყვავილებით ამკობდნენ მემორიალს, მედიასთან კომენტარს აკეთებდნენ და დაცვის თანხლებით ტოვებდნენ ტერიტორიას.

"სტალინმა და რუსეთმა გადაგვარჩინა, მაგრამ აფხაზეთი და ოსეთიც საქართველოა"

ამ დროს კი ვაკის პარკის ჩასასვლელთან პოლიციების განსაკუთრებით დიდი რაოდენობას წითელდროშებიან ხალხი ჰყავდა შემოსაზღვრული. მხოლოდ ახლოს მისვლის შემდეგ შეიძლებოდა გარკვევა, რომ სწორედ ისინი იყვნენ უკვდავი პოლკის წარმომადგენლები.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

აქ სტალინის ფოტოებს ყველგან ნახავდით, გულმკერდზე, მედლებზე და პოსტერებზე.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

იყვნენ ისეთებიც, ვინც დაღუპული ახლობლების ფოტოები მიიტანა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სუს-ის გაფრთხილება უგულებელყო და საბჭოთა ატრიბუტიკით გამოჩნდა. მათ შორის იყო კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე თემურ ფიფია.

გიორგიევსკის ტრაქტატის ლენტი

გიორგიევსკის ტრაქტატის ლენტი

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

მსვლელობის ერთ წევრი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ გიორგიევსკის ლენტის ტარება მისი უფლებაა და არა კანონდარღვევა, სანამ ლენტი პოლიციამ არ შენიშნა. გაფრთხილების შემდეგ მას გულსაბნევის მოხსნა მოუწია.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

შეკრებილთა ნაწილი ამბობდა, რომ უკვდავი პოლკის წარმომადგენელია. ნაწილი კატეგორიულად უარყოფდა ამ ფაქტს. ნაწილი ამ კითხვას საერთოდ არ პასუხობდა ისევე, როგორც თავს არიდებდა კითხვას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

იყვნენ ისეთებიც, ვინც უკვდავ პოლკზე არა, მაგრამ რუსეთის კეთილმეზობლობასა და სტალინის გადამრჩენლობაზე თამამად საუბრობდნენ. ყოველ მათგანს ორი რამ ჰქონდა საერთო: ყველას ეკეთა წითელი ლენტი მკლავზე და ყველა ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, თუ პოლკი აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებდა.

სანამ სტალინის ფოტოებით და ნეიტრალიტეტის მოთხოვნის ბანერით შეიარაღებულები მსვლელობას დაიწყებდნენ, შეკრებილებს გარეშე პირმა პუტინის მონები უწოდა. შეძახილს, მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა, რადგან სამ რიგად მდგომი პოლიციის კორდონის გარღვევა ორივე მხარემ უშედეგოდ ჩათვალა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

სწორედ ასე, პოლიციის მხარდამხარ (პირდაპირი გაგებით) მსვლელობამ ვაკის პარკში გადაინაცვლა. მათ შეუერთდნენ უკრაინის საელჩოდან წამოსული საქართველოს სამხედრო პოლკის წევრებიც.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

პარკში ჩასულები პოლიციამ დროებით შეაყოვნა. სამართალმდაცავებმა რამდენიმე ბრძანება მიიღეს, რამდენიმე თავად გასცეს და საბოლოოდ, მსვლელობა ფანტანის მარჯვენა მხარეს გაატარეს.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

აქ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ჯარისკაცთა ფოტოები, საბჭოთა რეპრესიების შედეგად გარდაცვლილთა ფოტოებს შეხვდნენ. ერთმანეთს შეხვდნენ აქციის მონაწილეებიც. ისმოდა შეძახილები: "მოღალატეებო", "პუტინის მონებო". ფანტანის მეორე მხარეს კი "Putin Khuilo-ს" და "სირცხვილიას" სკანდირებდა მოძრაობა რუსეთი ოკუპანტია.

უკვდავმა პოლკმა "სირცხვილის კორიდორში" გაიარა, თუმცა მსვლელობის არცერთ მონაწილეს სვლა არ შეუჩერებია.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

მსველობისას ერთი პირი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილე შეეცადა განსხვავებული პოზიციის მქონე პირისთვის დროშის ტარით დაეზიანებინა.

რამდენიმეწამიანი დაპირისპირების შემდეგ შეძახილებით "დიდება სტალინს, დიდება გმირებს" პოლკის წევრები უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან მივიდნენ. ყვავილებით შეამკეს და რამდენიმე სიტყვაც წარმოთქვეს. აქვე, გაჯღერდა რუსეთთან ურთიერთობისა და გორში სტალინის ძეგლის აღდგენის იდეაც.

პარალელურად, ისევ ისმოდა: "მოღალატეებო", "სამარცხვინოებო".

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

პოლკის წარმომადგენლებმა ვაკის პარკის ტერიტორია პოლიციის თანხლებით დატოვეს. გზად თავადაც არ დააკლეს ლანძღვა პროტესტის მონაწილეებს და ჰომოფობიურად მოიხსენიეს.

დროშები დაახვიეს, ბანერები დაკეცეს, მაგრამ სახლისკენ მიმავალ გზაზე სამკლაურები და მედლები არ მოუხსნიათ.

შეურაცხყოფილი პრეზიდენტი

რამდენიმე წუთში ვაკის პარკში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოვიდა. "სირცხვილის კორიდორის" გავლა მასაც მოუწია. პრეზიდენტმა კონტრაქციის მონაწილეებს გაუღიმა, ხელი დაუქნია და მემორიალთან მივიდა.

ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge

ფრაზა Putin Khuilo მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას წევრებმა Salome Khuilo-დ გადააკეთეს. ამ შეძახილების ფონზე დატოვა ზურაბიშვილმა ვაკის პარკი.

პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლექსო მაჭავარიანი პრეზიდენტისთვის შეურაცხყოფისნ მიყენების ბრალდებით დააკავა.

შეურაცხყოფილი ვეტერანები

ამ აურზაურში ვაკის პარკი ვეტერანებმა დატოვეს. რამდენიმე მათგანი იმდენად გაბრაზებული იყო, რომ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა.

სანამ მედია პრეზიდენტს მისდევდა კომენტარის ჩასაწერად, დაცვა კი მის გაყვანას ცდილობდა, გვერდითა მხარეს ვეტერანი კაცი ბავშვებმა ჭყლეტას გაარიდეს.

"არაუშავს ბაბუ, ამათ უბრალოდ არ იციან, შენ კი არ გერჩიან", — ასე ამშვიდებდა შვილიშვილი კაცს, რომელმაც გულდაწყვეტით თქვა: "მარტო ჩემი კი არა თქვენი მომავლისთვის ვიბრძოდი იქ. გადავრჩი და თქვენ ისიც არ გინდათ ეს ერთი დღე შევირგოთ".

ვეტერანმა თავის წარდგენა და დამატებით საუბარი აღარ ისურვა. "აღარ ვილაპარაკებ მე ამაზე. არ შეიძლება ასე", — თქვა მან ვაკის პარკიდან გასვლამდე.

"პუტინს რა? — ნატოს წვრთნა"

მალევე ვაკის პარკი დატოვეს ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრებმა. პარკიდან ბოლოს ალეკო ელისაშვილი და მისი მხარდამჭერები გავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პარკში აღარც პოლკის და აღარც კომუნისტური პარტიის წევრები იყვნენ დარჩენილი, უკუმსვლელობაც შეძახილების ფონზე წარიმართა.

"პუტინს რა? — ნატოს წვრთნა" — სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. შეძახილს ტაშით და ღიმილით ხვდებოდა ვაკის პარკში მოსეირნეთა ნაწილი და სამართალდამცავებიც, რომლებიც უშედეგოდ ცდილობდნენ სახეზე ღიმილის დაფარვას.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აქციასა და კონტრაქციაზე სულ 5 პირი დააკავეს და ერთი გააფრთხილეს.

უწყებაში ამბობენ, რომ ხუთივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს. კერძოდ, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აქციის ერთ-ერთი მონაწილე პოლიცისადმი დაუმორჩილებლობის, კონტრაქციის 4 მონაწილე კი, ასევე, დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით.

უწყების განცხადებით, ამ დროისთვის ყველა დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულია.