რა წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში უზენაესის მოსამართლეების დანიშვნაზე — რეკომენდაციები
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესისა და პროცედურების შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა. კომისია რამდენიმე ძირითად რეკომენდაციას აქვეყნებს, მათ შორისაა, არამოსამართლე წევრებისთვის სასამართლო სისტემაში მოხვედრის შესაძლებლობა და კანდიდატების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საჯაროობა.
მთავარი რეკომენდაციები
- მაღალი მოთხოვნა უნდა დაწესდეს ასაკზე, უფრო მეტად უნდა გაესვას ხაზი კანდიდატის გამოცდილებას, მის გადაწყვეტილებებს, შერჩევის კრიტერიუმებში უნდა იყოს უზრუნველყოფილი მრავალფეროვნება;
- არსებული მოთხოვნა, რომ არამოსამართლე კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები, უნდა გადაიხედოს. როგორც ზემოთ არის აღნიშნული, მხოლოდ გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სამართალწარმოებაში შეიძლება განიხილებოდეს არამოსამართლე კანდიდატად უზენაეს სასამართლოში. ადამიანები ასეთი კვალიფიკაციით არ უნდა იყვნენ იძულებულები ჩააბარონ გამოცდა იმისთვის, რომ დაამტკიცონ, რომ ისინი შეძლებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას;
- იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული ფარული კენჭისყრა უნდა გაუქმდეს. კანდიდატების კვალიფიკაციაზე ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და პროცედურები უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს. კანდიდატები უნდა შეფასდნენ ქულების მიხედვით;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც არის მოსამართლეობის კანდიდატი, უნდა ირიცხებოდეს ყველა პროცედურისგან, მათ შორის ხმის მიცემა, მოსმენა, ნომინირება და ა.შ;
- გასაჩივრების შესაძლებლობა უნდა არსებობდეს დასაბუთებულ გადაწყვეტილებებსა და გამორიცხვაზე.
ზოგადი რეკომენდაციები
- ორგანული კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის ვადა 10 წლით განისაზღვრება. საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც უფრო მსხვილ და ახლად შექმნილ უზენაეს სასამართლოზე გადასვლა ხდება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 10 წლით დანიშვნა შესაძლოა, ძალიან ხანგრძლივი იყოს. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის უფრო მცირე ვადა შეიძლება განხილული იყოს;
- ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ ამჟამინდელმა პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში მხოლოდ იმ ოდენობის მოსამართლეები გაამწესოს, რამდენიც საჭიროა სასამართლოს გამართული საქმიანობისთვის. ის თუ რამდენი მოსამართლეა საჭირო უზენაეს სასამართლოში პრობლემების აღმოსაფხვრლეად, შესაძლოა, უზენაეს სასამართლოსთან კონსულტაციის შემდეგ დადგინდეს. დანიშნული მოსამართლეების რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 20-ს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, დასანიშნი მოსამართლეების ნახევარი უნდა გამწესდეს თანამდებობეზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოსული ხელისუფლების პირობებში. ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ შენარჩუნდეს საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ გრძელვადიან პერსპექტივაში.
შერჩევის კრიტერიუმების დახვეწა
კანონპროექტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადგენს კანდიდატების შერჩევის პროცედურებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად, რათა წარუდგინოს პარლამენტს ვაკანსიის გამოცხადებიდან ერთ თვეში. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ნაკლებობის თავიდან აცილების მიზნით, ვაკანსია უნდა გამოცხადდეს წინა მოსამართლის ვადის ამოწურვამდე.
"მნიშვნელოვანია, რომ არამოსამართლე კანდიდატები, მათ ვისაც აქვთ იურიდიულ სფეროში მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება, მიიღებენ კონკურსში მონაწილეობას. ისინი ასევე უნდა აკმაყოფილებდნენ 2 დამატებით კრიტერიუმს. ერთ-ერთია ის, რომ უნდა იყვნენ "სამართლის სფეროში გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები". ეს უჩვეულო ფორმულაა, რომელიც დამატებით შესწავლას საჭიროებს. თუკი "გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი" არის სინონიმი "გამორჩეული რეპუტაციის მქონე იურისტის", მაშინ ეს ნაკლებად პრობლემურად ჩანს", — ვკითხულობთ კომისიის დასკვნაში.
ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ მეტად გაესვას ხაზი კრიტერიუმებში გაწერილ გამოცდილებას, ისევე როგორც უფრო მაღალ ასაკს.
"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, უნდა ჰქონდეთ საჭირო სამართლებრივი ცოდნა, უნარები, კომპეტენცია და გამოცდილება იმისა, რომ საკუთარ თავზე აიღონ ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შერჩევა არ იყოს დაფუძნებული პოლიტიკურ ან პერსონალურ მოსაზრებებზე", — ნათქვამია დოკუმენტში.
შერჩევის კრიტერიუმი უნდა იყოს იმდენად ფართო, რომ არსებობდეს საშუალება მრავალფეროვანი კანდიდატების არჩევის.
დასკვნის მიხედვით, არსებული მოთხოვნა, რომ არამოსამართლე კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები, უნდა გადაიხედოს.
ფარული კენჭისყრის გაუქმების რეკომენდაცია
საერთო სასამართლოებში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მოსამართლეებს შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპიანია, მათ შორისაა შემდგომ ეტაპზე გადასული კანდიდატების სიის გამოქვეყნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე. მეორე ეტაპი ითვალისწინებს კანდიდატების მოსმენას. გამოცდილების შესწავლის შესახებ ჩანაწერი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს საშუალებას მოითხოვოს დოკუმენტები და გაეცნოს ინფორმაციას კანდიდატების შესახებ.
ვენეციის კომისია წერს, რომ ამ კანონში ძირითადი სირთულე არის ჩანაწერი ფარული კენჭისყრის შესახებ, რომელიც საბჭოში ორჯერ ტარდება. პირველად მიღებული ვაკანსიების გადარჩევისას და მეორედ, საბოლოო სიის კენჭისყრის დროს. ვენეციის კომისია წერს, რომ ესმის ფარული კენჭშისყრის ჩანაწერის მოტივი კანონპროექტში. ეს ნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები ანონიმურად მიიღებენ გადაწყვეტილებას და ზეწოლის ან გავლენის რისკი არის ნაკლები, მაგრამ ფარულ კენჭისყრას აქვს ერთი სირთულე — ის არ არის დასაბუთებული.
"ეს ქმნის საფრთხეს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები ხმას მისცემენ სხვების გავლენით და არა თავისი ობიექტური შეხედულებით, ისინი არ იქნებიან ვალდებულები დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილება", — წერს ვენეციის კომისია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ვალდებულები უნდა იყვნენ აცნობონ საზოგადოებას, თუ რის მიხედვით მიიღეს გადაწყვეტილება კონკრეტულ კანდიდატზე.
გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭშო გახდეს ვალდებული დაასაბუთოს, რატომ არჩია რომელიმე კანდიდატი სხვას და ეს შეფასება ერთნაირი კრიტერიუმით უნდა მოხდეს. ვენეციის კომისიის თქმით, უმჯობესია თუ ხმის ფარულობის შესახებ ჩანაწერი გადაიხდება და გაუქმდება.
ვენეციის კომისია წერს, რომ ამ კანონპროექტით იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია აცნობოს პარლამენტს დასაბუთება, თუ რატომ დაუჭირა მხარი ვაკანტურ ადგილზე ამა თუ იმ მოსამართლეს, თუმცა ამის პარალელურად, საბჭოს არ აქვს ვალდებულება აუხსნას კანდიდატებს, რატომ უთხრა მათ უარი.
ვენეციის კომისია ასევე აკრიტიკებს ჩანაწერს, რომლითაც ინფორმაცია კანდიდატების შესახებ არის დახურული და არ უნდა გამჟღავნდეს.
"ეს ჩანაწერი ხელს შეუშლის საბჭოს წევრებს დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილება", — ვკითხულობთ დასკვნაში.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა იყოს ვალდებული თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთოს არა მხოლოდ კანდიდატების გამოცდილებასა და საქმიანობაზე დაყრდნობით, არამედ გასაუბრების დროს კითხვებზე პასუხების მიხედვით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, ფარული კენჭისყრა უნდა ჩანაცვლდეს ქულების სისტემით და იუსტიციის საბჭოს წევრებმა უნდა დაუწერონ ქულები კანდიდატებს შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, რომ, თუ კენჭისყრა ფარული გახდება და საბჭოს წევრები ვალდებულები იქნებიან დასაბუთებული გადაწყვეტილებები მიიღონ, კანდიდატებს გასაჩივრების უფლებაც უნდა ჰქონდეთ. სიის დაკომპლექტების საბოლოო ეტაპზე, დამარცხებული კანდიდატებისთვის გასაჩივრების შესაძლებლობა გაფანტავს ეჭვებს, რომ საბჭო თვითნებურ გადაწყვეტილებებს იღებს.
"ეს ცვლილება ასევე გაზრდის ნდობას იუსტიციის საბჭოს მიმართ, რაც ამ მომენტისთვის საკმაოდ მწირია", — ვკითხულობთ დასკვნაში.
ინტერესთა კონფლიქტი
ვენეციის კომისია მიესალმება იმას, რომ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტით, იუსტიციის საბჭოს კანდიდატ წევრს ხმის მიცემაში მონაწილეობის უფლება არ აქვს. კომისია დასკვნაში ამბობს, რომ ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, იუსტიციის საბჭოს წევრმა, რომელიც არის ამავდროულად უზენაესი სასამართლოს მოსამარლეობის კანდიდატი, გამოეთიშოს შერჩევის ყველა პროცედურას.
კომენტარები