კორუფციული რისკები და საჯარო ინტერესი — რატომ არ უნდა შეიზღუდოს ღია ბაზებზე წვდომა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მიიჩნევს, რომ ღია ბაზებში განთავსებული პერსონალური მონაცემები ხშირად უხერხულობას ქმნის, ზოგ შემთხვევაში კი ზიანის მომტანია სუბიექტისთვის. ამ კონტექსტში აპარატი ახსენებს საარჩევნო სიის, საჯარო რეესტრის, საჯარო სამსახურის ბიუროსა და პრივატიზაციის ვებგვერდზე არსებულ მონაცემებს. უწყებაში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია მოქმედმა კანონმდებლობამ უპასუხოს პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების დაცვასთან დაკავშირებულ თანამედროვე გამოწვევებს.
"ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ბაზების მარეგულირებელი კანონმდებლობა, როგორც წესი, არ ითვალისწინებს შეზღუდვას ბაზებში განთავსებული პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვებგვერდების ტექნიკური ფუნქციონალიც ნაკლებად შეიცავს მონაცემთა მოპოვების შემზღუდავ მექანიზმებს", — ვკითხულობთ ანგარიშში.
ღია მონაცემთა ბაზებზე წვდომა რომ არ უნდა შეიზღუდოს, ამაზე თანხმდებიან მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ყველა შემთხვევაში მიზეზი ერთი და იგივეა, კორუფციის რისკების შემცირება და მაღალი საჯარო ინტერესი. ღია ბაზებით ჟურნალისტებს, მკვლევარებსა და მოქალაქეებს შეუძლიათ გადაამოწმონ და დოკუმენტებით დაადასტურონ შესაძლო კანონდარღვევები, ცესკოს მონაცემთა ბაზა კი პირის იდენტიფიცირებაში ეხმარებათ.
გამომძიებელი ჟურნალისტი გიორგი მგელაძე ამბობს, რომ დღეს ღია მონაცემთა ბაზებს არამხოლოდ გამომძიებელი ჟურნალისტები, არამედ ყოველდღიურად ახალი ამბების ჟურნალისტებიც იყენებენ. მისი თქმით, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა იყოს ღია ბაზებით ხელმისაწვდომი, რადგან ხელისუფლებაში მყოფი პირები უფრო და უფრო "დახვეწილ" მეთოდებს იყენებენ კორუფციული ფაქტების მისაჩქმალად.
"შეიძლება, ჩვენმა მედიაპროდუქტებმა ვინმე ჩააყენოს უხერხულ მდგომარეობაში, მაგრამ საზოგადოების ინტერესი, კორუფციის, ნეპოტიზმის მხილება უფრო მაღალი საჯარო იტერესის მატარებელია, ვიდრე რომელიმე საჯარო მოხელის ან მისი ოჯახის წევრის პერსონალური მონაცემის გასაჯაროება და უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება", — ამბობს მგელაძე On.ge-სთან საუბრისას.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ ღია ბაზებზე წვდომა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა კორუფციასთან საბრძოლველად და საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად. მისი თქმით, რომ არა ეს ბაზები, საზოგადოებისთვის ვერ გახდებოდა ცნობილი, რომ წინა ხელისუფლების შემომწირველები დღესაც აგრძელებენ მოქმედი ხელისუფლების წინასაარჩევნოდ დაფინანსებას. გარდა ამისა, ვერც ის გამოვლინდებოდა, რომელი ბიზნესი რომელი პარტიის მიმართ არის ლოიალური და ა.შ.
"თუ ეს ბაზები შეიზღუდება, არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით, იქნება საარჩევნო გარემო თუ პერსონალური მონაცემების დაცვა, ეს გამოიწვევს სხვა ბაზებზეც წვდომის შეზღუდვასაც. თუ დაიხურება ბაზები, აღარ იქნება შესაძლებლობა ჟურნალისტებმა და არასამთავრობოებმა გამოავლინონ შესაძლო კანონდარღვევები, რაც აზიანებს საზოგადოების ინტერესს", — ამბობს ძველიშვილი On.ge-სთან საუბრისას.
საქართველოში რიგი მონაცემების მაღალ სტანდარტებზე საუბრობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის პროგრამების დირექტორი, ლევან ავალიშვილი. მისი თქმით, საქართველოში ინფორმაციის საჯაროობის მიმართულებით გატარებული რეფორმის მიზანი იყო კორუფციის და ნეპოტიზმის აღმოფხვრა.
"საჯაროობით ნაკლები სივრცე რჩება ფარული გარიგებებისთვის. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ პირთა ინტერესებს ლახავს, მაგრამ უფრო მაღალი ლეგიტიმური მიზნები აქვს, რომ კორუფცია აღარ დაბრუნდეს", — განმარტავს ავალიშვილი On.ge-სთან.
ის ამბობს, რომ საქართველო გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაა, სადაც კორუფციის გაგრძელების რისკები არსებობს. მისი თქმით, რომ არა ღია ბაზები, ვერ აღმოაჩენდნენ იმ საეჭვო გარიგებას, რომელითაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ძმასთან ამავე უწყებამ 737 ათას ლარიანი ხელშეკრულება დადო.
კომენტარები