არჩევნები, ძალის გადამეტება, ლგბტ თემის დისკრიმინაცია — Human Rights Watch-ის ანგარიში
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ The Human Right Watch-მა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში არსებულ ვითარებას აანალიზებს. საქართველოში პრობლემებს შორის დასახელებულია საფრთხე, რომელიც, ამ ავტორიტეტიანი ორგანიზაციის შეფასებით, მედიაპლურალიზმს ემუქრება. ანგარიშის პერიოდი მოიცავს 2017 წლის ბოლოდან 2018 წლის ნოემბრამდე პერიოდს. საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას ორგანიზაცია რამდენიმე მიმართულებით დეტალურად განიხილავს.
Human Right Watch საქართველოს შესახებ ანგარიშში ყურადღებას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამახვილებს. ორგანიზაცია წერს, რომ ამ არჩევნებმა ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოს წარსული და მიმდინარე პრობლემები პოლიტიკური დებატების დროს წინ წამოწია. მათივე ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რომ შეიქმნას უფლებადამცველების მხრიდან დარღვევების გამოსაძიებელი მექანიზმი, მაგრამ მისთვის არ მიუნიჭებიათ სრული დამოუკიდებლობა. ორგანიზაციისთვის შემაშფოთებელია სხვა სფეროებში არსებული მდგომარეობა. მათ შორის არის ნარკოტიკებთან დაკავშირებული გაუმართლებლად მკაცრი კანონები, უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე და შრომითი უფლებები, ლგბტ თემის დისკრიმინაცია და საფრთხე, რომელიც მედიაპლურალიზმს ემუქრება.
საპრეზიდენტო არჩევნები
Human Right Watch ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებზე დაყრდნობით წერს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო კამპანიას "თავისუფლად აწარმოებდნენ და ამომრჩევლებმა რეალური არჩევანი გააკეთეს". ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მმართველმა პარტიამ ადმინისტრაციული რესურსი არამიზნობრივად გამოიყენა.
პოლიციის ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, უშიშროების სამსახურის მხრიდან ძალის გადამეტება
Human Right Watch-ის ცნობით, სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტების დაუსჯელობა, მოუგვარებელი პრობლემაა. თუ გამოძიება ბოლომდე მივიდა, სასჯელი არის უმნიშვნელო და სანქციები შეუსაბამოა. პასუხისმგებელი ორგანოები უარს ამბობენ მიანიჭონ მსხვერპლს დაზარალებულის სტატუსი, რათა მათ არ ჰქონდეთ საქმის მასალებზე წვდომა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სექტემბრის თვეში ომბუდსმენის ოფისმა 149 საჩივარი მიიღო, რომელიც ციხის თანამშრომლებისა და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიანიშნებდა. საქართველოს პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ 8 საქმეზე დაიყო. გამოძიება კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა.
ანგარიშში მიმოიხილავს სახელმწიფო ინსპექტორის დეპარტამენტის შექმნას, რომელიც დამოუკიდებელი ორგანო უნდა იყოს და სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები უნდა გამოიძიოს.
ორგანიზაცია საუბრობს ხორავას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზეც და იმ პროცესებზე, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა. Human Right Watch თავის ანგარიშში პანკისში მომხდარ სპეცოპერაციასა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესაც მიმოიხილავს. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გამოძიებამ მალხაზ მაჩალიკაშვილს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა და მათ არ აქვთ წვდომა საქმის მასალებზე.
ანგარიშში განხილულია ბასიანში მომხდარი სპეცოპერაციის შემდეგ რუსთაველის გამზირზე გამართული აქციები, რომელსაც ორგანიზაცია სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების წინააღმდეგ მიმართულ პროტესტად მოიხსენიებს.
ანგარიშში ასევე საუბარია შსს-ში შექმნილ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტზე, რომლის მიზანიცაა განსაკუთრებული ყურადღების მიუდგეს ოჯახში ძალადობის, სიძულვილით მოტივირებულ და არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
ნარკოპოლიტიკა
ანგარიშში ნათქვამია, რომ შემცირდა დევნის მაჩვენებელი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის შემთხვევებში, თუმცა კანონი ისევ მკაცრია;პოლიციამ ათასობით ადამიანი აიძულა შემოწმება გაევლო, ზოგ შემთხვევაში ისინი თვითნებურად, საათობით ჰყავდათ დაკავებული.
ორგანიზაცია ახსენებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ივლისში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც მან გააუქმა ყველა დარჩენილი დამსჯელი ზომა მარიხუანის მოხმარებისათვის. ამის შემდეგ მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებას შინ, მაგრამ სასჯელს საჯარო სივრცეში მისი მოხმარებისათვის.
შრომითი უფლებები
საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების ცნობით, 2018 წლის ივლისამდე სამუშაო ადგილზე 29 მუშა გარდაიცვალა და 24 დაშავდა. შვიდი მათგანი შახტში მომხდარ შემთხვევას ემსხვერპლა. მარტში პარლამენტმა მიიღო კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ვრცელდება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ამ კანონით შრომის ინსპექტორებს უფლება ეძლევათ შეამოწმო სამუშაო ადგილი სასამართლოს ნებართვის გარეშე უბედური შემთხვევის შემდეგ. კანონი ზღუდავს შრომის ინსპექციის მანდატს შრომის უსაფრთხოების საკითხებში. უბედური შემთხვევის გარდა, ყველა სხვა შემთხვევაში ინსპექტირებას სასამართლოს ნებართვა სჭირდება.
სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა
The Human Right Watch ობმუდსმენზე დაყრდნობით წერს, რომ ლგბტ აქტივისტები ხშირად არიან ძალადობის, არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი. ანგარიშის მიხედვით საჯარო პირების ჰომოფობიური განცხადებები აღვივებს ჰომოფობიას საზოგადოებაში.
ანგარიშში მაგალითად მოყვანილია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, პასუხი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკაზე. საკითხი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის პირადობის მომწობაში სქესის შეცვალს ეხება.
"ჩემი წინააღმდეგი იმიტომ არიან, რომ უარს ვამბობ ქალად დავარეგისტრირო ადამიანი, რომელსაც მამაკაცის ორგანოები აქვსო, განაცხადა მინისტრმა 2018 წლის ივნისში", — განაცხადა თეა წულუკიანმა.
ორგანიზაციის შეფასებით, იუსტიციის მინისტრმა 2018 წელს გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე გაკეთებული კომენტარით, "სავარაუდოდ, საზოგადოებაში არსებულ ტრანსფობიურ განწყობებზე თამაში სცადა".
სამოქალაქო საზოგადოება და მედიის თავისუფლება
2017 წლის სექტემბერში პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესწორება შეიტანა, სადაც გააფართოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლება განათავსოს დამატებითი კომერციული რეკლამები ეთერში. კერძო ტელევიზიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს ეს ცვლილება. მათი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე იღებდა დაფინანსებას ბიუჯეტიდან და მათთვის რეკლამის უფლება საფრთხეს უქმნიდა პატარა, რეგიონული ტელევიზიების მდგრადობას ბაზარზე. პარლამენტმა კანონს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა დაძლია.
ანგარიშში საუბარია რუსთავი 2-თან დაკავშირებულ სასამართლო დავაზეც. ასევე მიმოხილულია ტელეკომპანია იბერიის მაუწყებლობის შეწყვეტის შემთხვევაც.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ რამდენიმე ოფიციალურმა პირმა საჯარო განცხადებებით "დაარტყა" არასამთავრობო სექტორს. ამის პასუხად 13-მა არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადება გაავრცელა და მაღალი დონის კორუფცია დაგმო, რაც მოგვიანებით უარყვეს ოფიციალურმა პირებმა.
საერთაშორისო აქტორები
ამ თავში Human Right Watch საქართველოს შესახებ რამდენიმე საერთაშორისო ანგარიშს მიმოიხილავს.
ორგანიზაცია განიხილავს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ ანგარიშს და წერს, რომ ევროპარლამენტი აქებს ქვეყნის წინსვლას, მაგრამ ხელისუფლებას მოუწოდებს მოაგვაროს პრობლემები, რომლებიც ეხება შრომის სტანდარტებს, გარემოს დაცვასა და მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალების დისკრიმინაციას.
ანგარიშში ასევე საუბარია გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებაზე, რომელიც ეხება მოხუცი ადამიანების უფლებებს და ასაკობრივ დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე, გენდერულ ძალადობას და ხანდაზმულებისთვის ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული პროგრამების არარსებობას. ექსპერტმა მოუწოდა ხელისუფლებას შეიმუშავონ სტრატეგია დისკრიმინაციისა და ე.წ. ეიჯიზმის პრობლემის მოსაგვარებლად.
ამ ქვეთავში ნახსენებია საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის პრობლემაც: "გაერომ, ევროკავშირმა, აშშ-მა და საქართველოს სხვა ორმხრივმა და მრავალმხრივმა პარტნიორებმა გააკეთეს განცხადებები საქართველო-რუსეთის ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით. ზოგი გამოვიდა მოწოდებით, ბოლო მოეღოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას".
ასევე ნათქვამია, რომ საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო აგრძელებს გამოძიებას აგვისტოს ომის დროს მომხდარ დანაშაულებებზე, რომელიც მიმართულია კაცობრიობის წინააღმდეგ.
კომენტარები