რა ღირს ბრექსიტი
Brexit — დიდი ბრიტანეთის გამოსვლა ევროკავშირის შემადგენლობიდან, რომელიც ოფიციალურად ჯერ კიდევ არ გაფორმებულა. ამის მიუხედავად, პროცესის გავლენა გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკაზე სულ უფრო შესამჩნევია. პროცესის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფლაცია, შემცირდა მოხმარება. ჯერჯერობით, ყველაზე მეტად ქვეყნის გაყიდვების სეგმენტი დაზარალდა.
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის Ernst & Young-ის ანგარიშის მიხედვით, რეფერენდუმის ჩატარების დღიდან ამ დრომდე დიდი ბრიტანეთის ეკონომიკიდან ბანკებისა და სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციების ჯამური აქტივების სახით, დაახლოებით, $1 ტრილიონი გავიდა.
მრავალი საერთაშორისო ბანკის რეგიონულმა ოფისებმა უკვე დატოვა ლონდონი და ევროპის სხვა დედაქალაქებში გადაინაცვლა. ეს პროცესი ევროკავშირის რეგულაციების დასაკმაყოფილებლად თავისთავად გულისხმობდა აქტივების გატანასაც. დიდ ბრიტანეთს ტოვებს სხვადასხვა საინვესტიციო ფონდი, რათა დაიცვას საკუთარი კლიენტები გაურკვევლობისა და რისკებისგან. EY-ის ინფორმაციით, Brexit-ის შედეგად დიდი ბრიტანეთის საბანკო სექტორი თავისი მოცულობის დაახლოებით 10 პროცენტს დაკარგავს. შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს.
გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს ოფიციალურად 29 მარტს დატოვებს და შემდეგ დაიწყება სამწლიანი გარდამავალი პერიოდი, თუმცა გარიგების გეგმა და პირობები ჯერ ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გეგმა ევროკავშირთნ გულისხმობს, როგორც თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების, ისე გაერთიანების სხვა ქვეყნებში მცხოვრები ბრიტანელებისთვის სამუშაო და ცხოვრების უფლების შენარჩუნებას. გარიგების მიზანია, ბრიტანეთმა ევროკავშირი მინიმალური ზიანით დატოვოს.
პარლამენტმა ევროკავშირიდან გამოსვლის გარიგებას დღეს, 15 იანვარს უნდა უყაროს კენჭი. ამ მიმართულებით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის უკვე ჰქონდა წარუმატებელი მცდელობა. თუ პარლამენტი გარიგებას მხარს არ დაუჭერს, გაიზრდება რისკი, რომ ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გამოვა. ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის კიდევ უფრო მტკივნეული იქნება.
გარიგების ჩაშლის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთიდან გასვლის შესახებ განაცხადა ერთ-ერთმა მსხვილმა დამსაქმებელმა Airbus-მა, ხოლო გერმანულმა ინჟინერულმა კომპანიამ, Schaeffler გაურკვევლობის გამო უკვე დახურა ორი საწარმო.
ინგლისის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ევროკავშირიდან გარიგების გარეშე გამოსვლა, ქვეყნისთვის 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისზე ცუდი იქნება. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული რისკის ქვეშ ქვეყნის ფინანსური სექტორი დგას. ევროგაერთიანებასთან გარიგების გარეშე, ფინანსური ორგანიზაციები საკანონმდებლო ვაკუუმში აღმოჩნდებიან. ისინი ვეღარ გააგრძელებენ ლეგალურად საქმიანობას. ამავდროულად, ევროკავშირმა უკვე დააანონსა ნაბიჯები საკუთარი ზარალის შესამცირებლად.
EY-ის ცნობით, მათი დაკვირვების ქვეშ მყოფმა კომპანიებმა Brexit-ის შემდეგ უკვე შექმნეს 2 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი ევროპის სხვა ქვეყნებში.
ტრენდს არ ჩამორჩნენ ყველაზე მსხვილი მოთამაშეებიც, Goldman Sachs-მა და Citi და Deutsche Bank-მა გაერთიანებული სამეფოდან საკუთარი ბიზნესის ნაწილი უკვე გაიტანეს. ბრიტანეთიდან გასული მოთამაშეებისთვის ყველაზე პოპულარულ ჩამნაცვლებლად ფრანკფურტი, პარიზი და დუბლინი იქცა.
დიდი ბრიტანეთის ფინანსური ინდუსტრია მთელი ქვეყნის მაშტაბით 2 მილიონზე მეტ ადამიანს ასაქმებდა, ჯამურად ფინანსური სექტორი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 12,5 პროცენტს ქმნიდა, რასაც, თავის მხრივ, გადასახადის სახით მხოლოდ წელიწადში დაახლოებით $100 მილიარდი მოჰქონდა.
ბოლოს, ყველაზე მძიმე რიცხვები, დიდი ბრიტანეთის ავტომწარმოებელთა ასოციაციამ წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, ახალი ავტომობილების რეგისტრირების მაჩვენებელი წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით დაახლოებით 7 პროცენტით არის შემცირებული.
ფაქტია, რომ პროცესმა მნიშვნელოვნად დააზარალა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკა, თუმცა ზიანი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყოს. ამ წუთისთვის ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული დაამტკიცებს თუ არა ბრიტანეთის პარლამენტი ევროკავშირთან გარიგებას.
"ბრექსიტი" მოკლედ
2016 წლის, 23 ივნისს, გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ჩატარდა რეფერენდუმი, ერთადერთი კითხვით, დარჩენილიყო თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში. რეფერენდუმის შედეგად 51,9% ხმა გაერთიანების დატოვებას მისცა. რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს დევიდ კემერონის ეკუთვნის. მან დადო პირობა, რომ 2015 წლის არჩევნების მოგების შემთხვევაში ამ რეფერენდუმს ჩაატარებდა. რეფერენდუმის მომხრეთა არგუმენტები იყო ის, რომ ბრიტანელ ხალხს 1975 წლის რეფერენდუმის შემდეგ არ დაუფიქსირებია თავისი აზრი ევროკავშირში ყოფნის შესახებ. 2016 წლიდან დღემდე, უცნობია, როგორ განვითარდება პროცესი. ნებისმიერი სცენარი შესაძლებელია, მათ შორის, გასვლის პროცესის შეჩერებაც.
კომენტარები