როგორ განსხვავდება ახალი წელი თბილისის გარეუბნებსა და ცენტრში — ფოტორეპორტაჟი
2019 წლის დადგომა ყველაზე მეტად "ცენტრალურ თბილისს" ეტყობა. კოსტავას ქუჩა, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირი ახალი ბრჭყვიალა ილუმინაციებით მორთეს. უკვე ტრადიციად იქცა, რომ ახალ წელს გარეუბნები ცენტრისთვის მობეზრებული, ღარიბული ილუმინაციებით უნდა შეხვდეს.
თბილისის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ გარეუბანში, გლდანში, ახმეტელის მეტროს მიმდებარედ, ხიზანიშვილის ქუჩის გასწვრივ ელექტროგადამცემი ბოძები მხოლოდ ფიფქებით მორთეს.
ქალაქის მეორე მხარეს განათებული ნაძვის ხეებითა და ილუმინაციებითაა მორთული ვაზისუბნის შესასვლელთან მოედანი და ჯავახეთის ქუჩა ვარკეთილის მეტროსთან, თუმცა საახალწლო განწყობა დასახლებებში შესვლისთანავე წყდება. იქ ან სიბნელეა ან კანტი-კუნთად მაღალსართულიანი კორპუსის რომელიმე აივნის საახალწლო ნათურები ბჟუტავს.
იგივე მდგომარეობაა კახეთის გზატკეცილზეც. სწორედ ამ გზის გავლა უწევთ ყოველდღიურად საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს.
ავლაბრის მეტროს მიმდებარედ, ქეთევან წამებულის გამზირი ვერცხლისფერი ვარსკვლავებით მორთეს. მსგავსი განათება დააყენეს კოსტავას ქუჩაზეც.
თუმცა ამავე ქუჩის მეორე ბოლოში, სააკაძის მოედანთან საახალწლო განწყობა წყდება. სწორედ ეს ხედი ჩანს თბილისის მერიის შენობიდანაც. ძეგლის ირგვლივ განახლებული მწვანე საფარი, ახლადრეაბილიტირებული მოედანი და გზები საახალწლო განათებების გარეშე დარჩა. ასეა შარტავას ქუჩაძეც, სადაც მერიის შენობა მდებარეობს.
იქვე, შორი-ახლოს, ახლადრეაბილიტირებულ პეკინის გამზირს ვაკის გამოცვლილი შარშანდელი განათებები: ქოლგებისა და კუბის ფორმის ილუმინაციები შეხვდა.
იმავეს ვერ ვიტყვით ვაჟა-ფშაველას გამზირზე. საბურთალოს ერთ-ერთი დიდი გამზირისა და პეკინის კვეთაზე, შეიძლება ითქვას, რომ ილუმინაციები საერთოდ არ არის.
თუ კარგად დააკვირდებით ვაჟა-ფშაველას გამზირის დასაწყისს, ელექტროგადამცემ ბოძებზე დაკიდებულ პატარა ვარსკვლავებსაც შეამჩნევთ.
ახლებურად, სხვადასხვა ფორმის ოქროსფერი ფიგურებით გააფორმეს ჭავჭავაძის გამზირი და ვარაზისხევი.
თავისუფლების მოედნის ნაძვის ხის სტილი შენარჩუნდა, თუმცა შეიცვალა დიზაინი და ფერი — წმინდა გიორგის ქანდაკება ოქროსფერი ანგელოზებით მორთეს.
პარლამენტის სიახლოვეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ ხეივანი ოქროსფრად გააფორმეს.
ახლებურად გამოიყურება რუსთაველის გამზირიც, სადაც ანგელოზის ფორმის ილუმინაციები დაკიდეს.
წლების განმავლობაში მთავარ ნაძვის ხეს პარლამენტის შენობის წინ დგამდნენ. წელს ეს ტერიტორია პროტესტის ადგილია. ილუმინაციებით გადახურულ რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, "დამნაშავეების დასჯის" მოთხოვნით, კარვებში ათენებენ ღამეებს. თავდაპირველად მერია მათ კარვებისთვის "ალტერნატიული ადგილის მოძებნას" სთავაზობდა, რათა იქ ნაძვის ხე დაედგა, თუმცა საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. შვილმკვარმა მამებმა კარვების გაშლა შეძლეს და საახალწლო ეპიცენტრმაც რუსთაველიდან რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლა.
ახლებურად, ოქროსფერი ანგელოზებით გაფორმებულ თბილისის მთავარ ნაძვის ხეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიუჩინეს ადგილი. პირველი შემთხვევაა, როდესაც პარლამენტის ნაცვლად, სხვაგან დაიდგა ქალაქის მთავარი საახალწლო სიმბოლო. იქვეა მოწყობილი საშობაო ბაზრობა და საბავშვო სივრცე, ბევრი ფერადი ბუშტითა და ბამბის ნაყინით.
წელს თბილისის მერიის საახალწლო სლოგანი "სიყვარულით სავსე ქალაქია". მერია საახალწლო ღონისძიებებში 1 778 800 ლარს ხარჯავს. ამ თანხიდან 138 ათას ლარზე მეტი კი 22 დეკემბერს ცენტრალური ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებას მოხმარდა.
კომენტარები