ცეკვა დანაშაული არ არის

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მომავლის შექმნას ცდილობს დღემდე არსებობს ქვეყნები, სადაც საბაზისო უფლებების დაცვის გარანტი არა კანონის უზენაესობა, არამედ საზოგადოების სოლიდარობაა. მათ შორისაა ირანიც. ირანელი ბლოგერი არც მეტი არც ნაკლები ცეკვისთვის დააპატიმრეს.

მედა ჰოჰაბრი ინსტაგრამზე ვიდეოებს აქვეყნებდა, რომლებშიც ირანულ და დასავლურ პოპ-მუსიკაზე ცეკვავდა. ჰოჰაბრის ვიდეოში ჩანდა, რომ ის ჰიჯაბს, ან სავალდებულო თავსაბურავს, არ ატარებდა და ისე ცეკვავდა სახლში.

ირანის მთავრობას კი ქალების ჩაცმულობაზე მკაცრი კანონები აქვს, რომელსაც რელიგიური დოგმები განსაზღვრავს. ქალებს ეკრძალებათ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან საჯარო ცეკვაც. გამონაკლისია შემთხვევა, როცა გარშემომყოფებს მხოლოდ ოჯახის წევრები წარმოადგენენ.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ თინეიჯერი გოგოს მიმართ მკაცრი პოლიტიკა გაატარა, ადგილობრივები არ შეშინდნენ და მის მხარდასაჭერად დემონსტრაციულად დაიწყეს საჯაროდ ცეკვა და ვიდეოების გამოქვეყნება.

"ვცეკვავ, ასე რომ მთავრობა დაინახავს, რომ ვერ წამართმევს ბედნიერებასა და იმედს, თინეიჯერი გოგოების დაპატიმრებით", — წერდა ერთ-ერთი აქტივისტი, რომელმაც საკუთარი ცეკვის ვიდეო გაასაჯაროა.

ირანელი ქალები ვიდეოს აქვეყნებდნენ ჰეშთეგით, რომელიც ითარგმნება როგორც "ცეკვა დანაშაული არ არის". ქვეყანაში, სადაც ცეკვა პატიმრობის ტოლფასია და კანონებზე ღია დაპირისპირება სიკვდილით დასჯის საფრთხესაც შეიცავს ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სოლიდარობის მაგალითი იყო.

ცეკვა თავისუფლებისთვის

2018 წელს ცეკვა თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა საქართველოშიც, რასაც წინ სპეცოპერაცია და მრავალათასიანი საპროტესტო აქცია უძღოდა.

12 მაისს, დაახლოებით ღამის 12 საათზე თბილისის ორ ღამის კლუბში, ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაცია დაიწყო. კლუბები დაატოვებინეს ყველა სტუმარს ისე, რომ პირადი ნივთების გამოტანის საშუალებაც არ მისცეს და მიზეზი არ განუმარტეს.

პოლიცია აგრესიით გამოირჩეოდა. სამართალდამცველები მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ამის გამო, მეგობრების მხარდასაჭერად კლუბებთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა და მსვლელობით გაემართენ პარლამენტისკენ.

პარლამენტთან ათიათასობით ადამიანი პოლიციისგან განმარტებას ითხოვდა. შსს-ში განაცხადეს, რომ სპეცოპერაცია ნარკომოვაჭრეების დასაკავებლად გაიმართა. ამ განცხადებით რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირები კლუბებში აიყვანეს. თუმცა, მოგვიანებით, გაირკვა, რომ არცერთი პირი კლუბებში არ დაუკავებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედების გასაპროტესტებლად და თავისუფლების დასაცავად ათიათასობით ადამიანმა საქართველოს და უცხოეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გამართა. სპეცოპერაციას, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან უამრავი დიჯეი გამოეხმაურა და აქციის მონაწილეებსა და კლუბებს სოლიდარობა გამოუცხადა.

გამოსვლებისა და რუსთაველის გამზირის გადაკეტვის შემდეგ საპროტესტო აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" გადაიზარდა აქციაში "ვიცეკვოთ ჩვენი თავისუფლებისთვის". ელექტრონული მუსიკის ფონზე ათიათასობით ახალგაზრდა პროტესტის ნიშნად ცეკვავდა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ისტორიაში პირველად ქართველმა ახალგაზრდობამ პროტესტი, სოლიდარობა და თავისუფლების სიყვარული არა ბანერებით და შეძახილებით, არამედ ცეკვით გამოხატა.

რიგითი კადეტების დასაცავად

ცეკვა, უფრო კონკრეტულად კი ცეკვის ფორმა, პრობლემად იქცა რუსეთშიც. 2018 წლის დასაწყისში ინტერნეტში კადეტების ცეკვის ვიდეო გავრცელდა, რომელიც რუსეთში ყველაზე განხილვადი თემა გახდა. ვიდეო ერთგვარი პაროდია იყო კლიპისა Satisfaction. საცვლებში გამოწყობილი კადეტები ცოცხით, მინის სითხით და ოთახში არსებული სხვა ნივთებით ხელში კლიპის ეროტიულ მომენტებს აშარჟებდნენ.

ამასთან დაკავშრებით, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სამინისტრომ სპეციალური კომისიის შექმნა დააანონსა, რომელსაც "აღმაშფოთებელი ინციდენტის მიზეზები და გარემოებები უნდა მოეკვლია". ადგილობრივმა გუბერნატორმა კადეტების დასჯა და აკადემიიდან გარიცხვა მოითხოვა, პროკურატურამ კი გამოძიება წამოიწყო.

კადეტების დასაცავად რუსული ინტერნეტი ჰეშთეგით #Satisfaction გაერთიანდა. მსგავსი ვიდეოების გადაიღეს სამშენებლო, აგრარული სასწავლებლების სტუდენტებმა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა. შემდეგ იყვნენ მეჯინიბეები, თეატრალური დასი, სანიტარები, რუსეთის ბიატლონის ქალთა გუნდის წევრები. უკრაინულმა მოცურევეებმა საკუთარი კლიპი წყალქვეშ გადაიღეს. კიდევ ერთმა ჯგუფმა — გარეთ, თოვლში.

თითოეული კლიპი ერთმანეთისთვის უცნობი ახალგაზრდების სოლიდარობის გამოხატულებაა, რომელიც აჩვენებს, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს აქვთ თვითორგანიზებისა და ერთად მოქმედების უნარი, თუნდაც ისეთ ჰომოფობიურ გარემოში, როგორიც რუსეთშია.

აქტივისტი ფეხბურთელი

ჰომოფობია აქტიურ პრობლემად რჩება საქართველოშიც. ლგბტ სამკლაური, რომელიც ქართველმა ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ვიტესის კაპიტნის რანგში გაიკეთა "ქართველობის შეურაცხყოფის" სიმბოლოდ, მის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა კი "ქართველობისვე დაკარგვის" საფრთხედ აღიქვეს.

ფოტო: Skysports

კაშიას დაუპირისპირდნენ ქართული მარში, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, ბავშვთა დაცვის ორგანიზაცია და მსგავსი ჰომოფობიური ჯგუფები. სიძულვილის ენის შემცველმა კამპანიამ მოედნის ჯებირების ნგრევიდან სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა. შეურაცხმყოფელი და მუქარისშემცველი მესიჯების გამო ფეხბურთელს ფეისბუქის ვერიფიცირებული ანგარიშის გაუქმება მოუწია.

სწორედ ამ დროს დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ონლაინკამპანია #გურამშენთანვართ. ნაკრების ფეხბურთელები, გულშემატკივრები, სხვა სპორტსმენები, მსახიობები და ცნობილი სახეები ქართველ ფეხბრუთელს ეუბნებოდნენ, რომ ამ აგრესიის წინააღმდეგ მარტო არ დატოვებდნენ.

რამდენიმე თვით კაშიას კრიტიკოსები დადუმდნენ, თუმცა სიტუაცია ხელახლა დაიძაბა, როცა UEFA-მ ფეხბურთელს თანასწორობისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ისტორიული ჯილდო გადასცა. ნეონაცისტურ ჯგუფებში ქართველობის დაკარგვის შიშთან ერთად გაისმა მუქარაც ეროვნული ნაკრების თამაშის ჩაშლის შესახებ. ქართული მარშის აქტივისტები აცხადებდნენ, რომ თუ ფეხბურთის ფედერაცია ნაკრებიდან კაშიას არ გაუშვებდა დინამოს ეროვნულ სტადიონზე მატჩის ჩატარების საშუალებას არ მისცემდნენ.

სპორტსმენს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ფედერაციამაც და მმართველმა პარტიის წარმომადგენლებმაც. მათ შორის, ქალაქის მერმა, ყოფილმა ფეხბურთელმა, კახა კალაძემ.

კაშიასა და ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად მატჩის დღეს მსვლელობა მოაწყეს ქომაგებმაც. "დადექი სამშობლოს და არა სიძულვილის მხარეს" ამ ფორმით მათ საზოგადოებას ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

სტადიონი არა მოწინააღდეგეებით, არამედ გულშემატკივრებით გაივსო და მატჩი არ ჩაშლილა. მხარდაჭერის ტალღამ აგრესიაც გადაფარა. თამაშმა კაშიას მხარდასაჭერი ბანერებისა და დროშების ფრიალისა და მხარდასაჭერი შეძახილების ფონზე ჩიარა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

საზოგადოების მხარდაჭერას ფეხბურთელმა მადლიერებით უპასუხა და უფრო აქტიურად ჩაერთო სოციალურ აქტივობებში. ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფეხბურთელი გურამ კაშია ბრწყინვალების მედლით დააჯილდოვა.

Time's up — ქალთა მარში

2017 წელს ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კამპანია დაიწყო მოძალადე კაცეების წინააღმდეგ. მსახიობ ეშლი ჯადის აღიარებას სექსუალური შევიწროების მსხვერპლობის შესახებ ქალთა მობილიზაცია მოყვა. სოლიდარობის ნიშნად ქალებმა დაიწყეს კამპანიები #MeToo და Time's up. ჰოლივუდში გამაგრებული მოძალადე კაცები გამოაშკარავდნენ და ძალადობით მიღწეული წარმატებაც დაკარგეს.

2018 წელს ქალებმა გადაწყვიტეს უფრო მეტი პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები მოეთხოვათ და ქალების მარში გაიმართეს. ქალთა მარშზე მილიონობით ადამიანი გამოვიდა ნიუ-იორკის, ვაშინგტონის, ლოს-ანჯელესის, ჩიკაგოს, ფილადელფიის, სანდენსის, ლას-ვაგასისა და სხვა ქალაქების ქუჩებში.

ფოტო: jimfry / VOA

ფოტო: Sheila Mraz

"ეს მსვლელობა პირველი ნაბიჯია ცვლილებების დასაწყებად. ჩვენ არ მოვისვენებთ, სანამ ყველაზე ჩაგრულ ჯგუფებს ამ ქვეყანაში პრობლემები აქვთ", — აცხადებდნენ ქალები. ქალთა მსვლელობას ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავებიც ესწრებოდნენ.

ქალების ბრძოლა აქ არ დასრულებულა. კანის კინოფესტივალზე კინოს სფეროში მოღვაწე ქალებმა მთელი მსოფლიოდან ისტორიული ქალების მარში მოაწყვეს. კანის 71-წლიან ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც 82-მა ქალმა წითელ ხალიჩაზე გენდერული თანასწორობის მოთხოვნით გაიარა.

ფოტო: V. Hache / AFP

ამ მარშის შემდეგ კანის წითელ ხალიჩას ქალების კიდევ ერთმა ტალღამ გადაუარა. კინოში მოღვაწე 16-მა ქალმა შავკანიანებისთვის თანასწორობა მოითხოვა და კინოინდუტრიაში რასიზმი გააპროტესტა.

ფოტო: Anthonin Thuilier / AFP

ქალების ისტორიული მარშის შემდეგ კანის კინოფესტივალზე გენდერული კვოტა დაწესდა. ფესტივალის დირექტორის, ტიერი ფრემოს გადაწყვეტილებით, 2020 წელს ფესტივალზე ქალი და კაცი რეჟისორები თანაბარი რაოდენობით წარსდგებიან.

მაქმანიანი საცვალი არ ნიშნავს თანხმობას

წელს ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტუალური იყო. თუნდაც ერთი ქალის ჩაგვრის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ათასობით ქალთა საპროტესტო აქციებს იწვევდა.

ირლანდიაში საპროტესტო აქციების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლოში არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის ბრალდებულის ადვოკატმა კლიენტის გასამართლებლად დაზარალებულის საცვალი გამოიყენა. ადვოკატმა თქვა: "თქვენ უნდა გენახათ, მას როგორ ეცვა. მას ეცვა ტანგა, გარშემო მაქმანებით". 27 წლის კაცი, რომელსაც გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ უდანაშაულოდ ცნეს.

"ტანსაცმელი თანხმობას არ ნიშნავს" — მართმსაჯულბის სისტემამდე და საზოგადოებამდე ამ მესიჯის მისატანად ქალები ქუჩაში გამოვიდნენ.

ჯგუფმა "მე მისი მჯერა" სოციალურ ქსელში #ThisIsNotConsent (#ესთანხმობაარაა) კამპანია წამოიწყო. ქალებმა ტვიტერზე საცვლის ფოტოების დადება დაიწყეს, რათა თავიანთი პროტესტი გამოეხატათ და დაზარალებული გოგოსთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინათ.

სასამართლოს გადაწყვეტილება ირლანდიის პარლამენტის ქალმა დეპუტატმა, რუტ კოპინგერმა სხდომათა დარბაზში გააპროტესტა და მაქმანიანი საცვალი მიიტანა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / BBC

"მე ამას ვაკეთებ, რათა გაჩვენოთ, რას გრძნობს გაუპატიურების მსხვერპლი, როდესაც მის საცვლებს სასამართლოში აჩვენებენ", — განაცხადა კოპინგერმა გამოსვლის დროს.

ქალთა აქტივობის შემდეგ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, ლეო ვარადკარმაც და თქვა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი საზოგადოებამ არ უნდა განსაჯოს.

მსოფლიო მღვიმის მძევლებისთვის

2018 წლის ივნისის მიწურულს მთელი მსოფლიო ერთი სურვილით გაერთიანდა. ყველა ელოდა, რომ ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი 12 ბავშვი და მათი მწვრთნელი ცოცხალი და უვნებელი გამოეყვანათ.

23 ივნისს ტაილანდის ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბი და მათი მწვრთნელი პიკნიკზე წავიდნენ და დაიკარგენ. მაშველებმა მათ კვალს ცხრა დღის შემდეგ გამოქვაბულის შესასვლელთან მიაგნეს, სადაც ბავშვების ველოსიპედები იპოვეს.

ფოტო: BBC

ისინი ტურისტებისთვის პოპულარულ გამოქვაბულში საფეხბურთო ვარჯიშის შემდეგ შევიდნენ, თუმცა მუსონური წვიმების გამო წყლის დონემ მოულოდნელად მოიმატა და გარეთ გამოსვლა ვეღარ შეძლეს. მღვიმიდან ბავშვებისა და მათი მწვრთნელის გამოყვანას 9-დღიანი ოპერაცია დასჭირდა, რასაც მსოფლიო მედიის მთავარ თემად იქცა.

ბავშვების გამოყვანაში ტაილანდის მთავრობას არაერთი ქვეყანა ეხმარებოდა. სამაშველო ოპერაციისთვის ტაილანდში ბრიტანელი მყვინთავები ჩავიდნენ. ცნობილმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა კი სპეციალური კაფსულა შექმნა, რომლითაც ბავშვები უნდა გამოეყვანათ, მაგრამ კაფსულა არ გამოუყენებიათ.

პირველი კითხვა, რომელიც მყვინთავმა მღვიმეში ნაპოვნ ბავშვებს დაუსვა იყო — "რამდენი თქვენგანი ხართ აქ". მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ცამეტივე დაკარგული იპოვა მაშველმა ბედნიერი ხმით შესძახა "დიდებულია". ვიდეოში ჩანს, რომ მაშველები ბავშვებს ამშვიდებდნენ და ეუბნებოდნენ რამდენი ადამიანი მუშაობდა მათ გადასარჩენად.

ფოტო: The Guardian

ბავშვების გამოსაყვანად მაშველებს რთული გზა უნდა გაევლოთ, რომელიც წყლით იყო დაფარული. გაუვალი ადგილები და უჰაერობა სიტუაციას ართულებდა. ბავშვების გამოყვანის მცდელობის დროს ერთი მყვინთავიც დაიღუპა, თუმცა ოპერაცია არ შეწყვეტილა. ბავშვების დასახმარებლად მღვიმეში ექიმი და ორი მაშველი შევიდა და მათთან დარჩა.

7 ივლისს საღამოს დაწყებულმა წვიმამ, რომელიც ერთ კვირას გაგრძელდა ტაილანდის ხელისუფლება იძულებული გახადა ოპერაცია ნაჩქარევად დაეწყო. სამაშველო ოპერაცია სიბნელეში სიარულს, ცოცვას, ცურვასა და ყვინთვას გულისხმობდა. მაშველებსა და ბიჭებს სახეზე სპეციალური ნიღბები ეკეთათ და ჟანგბადის ბალონები ჰქონდათ. თითოეულ ბიჭს ორი მაშველი აცილებდა. 10 ივლისს ოპერაცია დასრულდა და 13-ვე დაზარალებული უვნებლად გამოიყვანეს მღვიმიდან.

ბავშვების გამოყვანის ოპერაციას მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. ბიჭები და მწვრთნელი გათავისუფლების შემდეგ დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბავშვებმა საავადმყოფო 8 დღეში დატოვეს. მაყურებლის დიდი ინტერესის გამო დანიშნულ პრესკონფერენციაზე ყველა კითხვა ფსიქოლოგებთან იყო შეთანხმებული, ბავშვების მდგომარეობის გათვალისწინებით.

ფოტო: Reuters

ბავშვები პრესკონფერენციაზე ამბობდნენ, რომ სანამ მაშველებს ელოდნენ, გადარჩენისთვის რიგრიგობით გამოქვაბულის კედლებს თხრიდნენ. მოზარდებმა მყვინთავებთან პირველი შეხვედრა არაჩვეულებრივ მომენტად შეაფასეს. როდესაც მყვინთავებმა ჰკითხეს, რომელს სურდა პირველი გასულიყო გამოქვაბულიდან, სურვილი არავის გამოუთქვამს და ერთად გადაწყვიტეს ვის გაუშვებდნენ.

"ამ გამოცდილებამ მასწავლა დავაფასო ცხოვრება, ამან მე გამაძლიერა", — თქვა გადარჩენილმა 11 წლის ბიჭმა.

62-დღიანი უწყვეტი ლოცვა

განსაკუთრებული მობილიზაციის და სოლიდარობის მაგალითი გახდა ჰოლანდიის ერთ-ერთ ეკლესია, რომელშიც 2018 წლის 26 ოქტომბერს დაწყებული ლოცვა ამ დრომდე გრძელდება. 1 500-საათიანი უწყვეტ წირვაში 500 საეკლესიო პირია ჩართული 20 სხვადასხვა რელიგიური კონფესიიდან. ეს ყველაფერი კი ტამრაზიანების დევნილი ოჯახის გადასარჩენად ხდება.

სომეხმა მიგრანტებმა, რომლებსაც ჰოლანდიიდან დეპორტაცია ემუქრებოდათ, თავი ეკლესიას შეაფარეს. პასტორმა ღამის პირველის ნახევარზე წირვა დაიწყო, რითაც ხელი შეუშალა ეკლესიის ტერიტორიაზე საემიგრაციო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლების შესვლას. ჰოლანდიაში მოქმედი კანონით სამართალდამცავებს არ აქვთ უფლება ეკლესიაში შევიდნენ, როცა იქ მსახურება მიმდინარეობს.

ფოტო: AXEL WICKEY/TWITTER

პასტორის ენთუზიაზმი მალე სხვა მღვდელმსახურებმაც გაიზიარეს და პროცესმა უწყვეტი ფორმა მიიღო. ეკლესია, რომელმაც მიგრანტების ოჯახი შეიფარა, საზოგადოების გაერთიანების სიმბოლოდ იქცა. ტაძარში არამხოლოდ ადგილობრივების, არამედ სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მლოცველების რიცხვიც გაიზარდა.

ერთი სასულიერი პირი იბარებს წირვის წარმართვის უფლებას მეორისგან პროცესის უწყვეტობის შესანარჩუნებლად

ფოტო: Twitter / hayarpi_3

უკვე 62 დღეა, კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, ჰოლანდიის ხელისუფლება უძლურია საზოგადოების ერთიანობის წინაშე. ტამრაზიანების ოჯახისთვის ბრძოლა გრძელდება.

ჩვენი სიცოცხლისთვის

იარაღის კონტროლი ის თემაა, რომელიც აშშ-ში აქტუალობას არასდროს კარგავს. თუმცა, სკოლებში მასობრივმა სროლებმა საკითხი უფრო გაამწვავა. 2018 წელს ფლორიდის საშუალო სკოლაში თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად და სიცოცხლის უფლების დასაცავად მოსწავლეებმა მასობრივი მსვლელობები დაიწყეს და იარაღის შესყიდვის წესების გამკაცრება მოითხოვეს.

მარში სახელწოდებით "ჩვენი სიცოცხლისთვის" მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. აქციის მონაწილეები მოუწოდებდნენ კონგრეს მკვლელობების შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯების გადაედგათ.

ფოტო: Alex Brandon / AP

სკოლის მოსწავლე ემა გონსალესმა პროტესტის ფორმად დუმილი შეარჩია, რომელსაც, მოგვიანებით, ყველაზე ხმამაღალი დუმილი უწოდეს ამერიკის პროტესტების ისტორიაში. გონსალესმა სიტყვის გამოსვლისას გარდაცვლილი კლასელების სახელები ჩამოთვალა შემდეგ კი 6 წუთისა და 20 წამის განმავლობაში დუმდა.

"აღარასდროს განმეორდეს", — ამ სიტყვებს სკანდირებდა ნახევარი მილიონი აქტივისტი გონსალესის დუმილის საპასუხოდ. დროის ამოწურვის შემდეგ გონსალესმა თქვა:

"უკვე ექვსი წუთი და 20 წამი გავიდა, რაც სცენაზე ვდგავარ. დაახლოებით ამ დროის განმავლობაში თავდამსხმელმა შეწყვიტა სროლა და მიატოვა იარაღი. შეერია სტუდენტებს, გაუჩინარდა და დაჭერამდე, ერთი საათის განმავლობაში, თავისუფლად გადაადგილდებოდა. ვიბრძოლოთ ჩვენი სიცოცხლისთვის, სანამ ის სხვისი საქმეა", — ამ სიტყვების შემდეგ გონსალესმა სცენა დატოვა.

სტუდენტებმა, რომლებიც აშშ-ში იარაღით ძალადობის ეპიდემიაზე საუბრობენ, აღნიშნეს, რომ გონსალესის გამოსვლა ყველაზე დასამახსოვრებელი იყო.

სკოლის მოსწავლეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და შეუერთდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავებიც.

მილიონობით ადამიანი ამერიკაში სხვადასხვა აქციებზე სიცოცხლის უფლების დაცვას სთხოვდა სახელმწიფოს.

ზაზასთვის და ზაზას წინააღმდეგ

და ბოლოს, შვილმკდარი მამა, ზაზა სარალიძე, რომელმაც ერთი წელია ვერც შვილის მკვლელი და ვერც სამართალი იპოვა ერთდროულად ქართული საზოგადოების გაერთიანებისა და გახლეჩვის ყველაზე დიდი მიზეზი გახდა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან 6 თვის განმავლობაში სარალიძე მარტო იბრძოდა. შვილის მკვლელის მაძიებელი მამა უპასუხოდ დატოვა სისტემამ, მათ შორის სასამართლომაც.

სამართლის საძიებლად სარალიძე სასამართლოდან ქუჩაში გავიდა. ატირებულ შვილმკვდარ მამას პროკურატურასთან მხარდამჭერები შეუერთდნენ. ხალხი კითხვებზე პასუხებს ითხოვდა. პასუხები ისევ არ ისმოდა. პროტესტმა პარლამენტთან გადაინაცვლა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

რამდენიმე დღეში მამის პროტესტი პოლიტიკურად მართულად შეფასდა და საზოგადოება ორად გაიყო. ქალაქში ორი აქცია იმართებოდა, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად და მის გარეშე. რამდენიმედღიანი მსვლელობების და დემონსტრაციების შედეგად ხორავას ქუჩის საქმის გამოსაძიებლად პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა.

კომისიამ ორი დოკუმენტი მიიღო. ერთი მმართველი პარტიის დეპუტატების ინიციატივით, მეორე კი ოპოზიციის. პარლამენტმა პირველს დაუჭირა მხარი და ზაზა სარალიძე კი პროტესტის ნიშნად ისევ ქუჩაში დაბრუნდა.

107-დღიანი უწყვეტი პროტესტის განმავლობაში რუსთაველის გამზირი რამდენჯერმე გაივსო. 82 დღე შვილმკვდარი მამა ღია ცის ქვეშ მხოლოდ რამდენიმე მხარდამჭერეთან ერთად იდგა. ხალხი დუმდა, როცა სარალიძეს კარვის გაშლის უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა, როცა მერიამ საახალწლო ნაძვის ხის გაშლის გამო შვილმკვდარ მამებს რუსთაველის გამზირის ტერიტრორიის დატოვებისკენ მოუწოდა, ხალხი ისევ ქუჩაში დაბრუნდა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

"ვირჩევ ადამიანს ნაძვის ხის ნაცვლად" — ამ მოთხოვნით რუსთაველზე აქცია გაიმართა. პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ რუსთაველზე კარვებიც გაიშალა. საბოლოოდ, სარალიძისთვის გაერთიანებულმა საზოგადოებამ შეძლო და მრავალწლიანი ტრადიცია შეცვალა: ქვეყნის მთავარმა ნაძვის ხემ რუსთაველის გამზირის ნაცვლად პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლა.