საბჭოთა კავშირის ნგრევის ისტორია ფოტოებში
1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირმა (სსრკ) არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა. ის, რასაც ვლადიმერ პუტინმა მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა, 14 სახელმწიფოს დამოუკიდებლობის საწინდარი გახდა.
70-წლიანი არსებობის მანძილზე ბოროტების იმპერიად და ხალხთა საპყრობილედ მონათლულ საბჭოთა კავშირს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება შეეწირა.
საბჭოთა კავშირის დაშლით დასრულდა, როგორც ცივი ომი ისე სოციალისტური და კაპიტალისტური სისტემების შეჯიბრიც. სსრკ-ს დაშლა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის ისეთივე ქაოტური და სისხლიანი იყო, როგორიც მისი შექმნა.
სსრკ-ს ნგრევის პროცესი რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ამას თავისი პოლიტიკური და უმთავრესად ეკონომიკური მიზეზებიც ჰქონდა. საბჭოთა კავშირის ბოლო წლები მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობდა.
საბჭოთა კავშირის ნგრევის ისტორია ფოტოებში
მიხეილ გორბაჩოვი სსრკ-ს გენერალურ მდივნად 1985 წლის 11 მარტს აირჩიეს. მისი წინამორბედები კონსტანტინ ჩერნენკო და იური ანდროპოვი იყვნენ. უკვე ასაკში შესული ანდროპოვისა და შემდგომ ჩერნენკოს მმართველობა ჯამში 27 თვე გაგრძელდა. სწორედ გორბაჩოვი გახდა საბჭოთა კავშირის გარდაქმნის ე.წ. პერესტროიკის ინიციატორი, რაც რეფორმების, ღიაობის, სიტყვის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის დამკვიდრებას გულისხმობდა.
გორბაჩოვის არჩევა დაძაბულ საერთაშორისო ვითარებაში ახალი სტარტი იყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარგარეტ ტეტჩერმა, გორბაჩოვთან პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გორბაჩოვი არის ადამიანი, რომელთანაც საქმიანი პარტნიორობა შესაძლებელია.
გორბაჩოვმა წინამორბედებისგან განსხვავებით, დასავლეთთან თანამშრომლობისა და დაახლოების პრეცედენტი შექმნა. მისივე გადაწყვეტილებით, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად საქართველოს ცენტრალური კომიტეტის (ცეკა) გენერალური მდივანი, ედუარდ შევარდნაძე დაინიშნა. ამით დასრულდა მისტერ არა-ს მეტსახელით ცნობილი მთავარი საბჭოთა დიპლომატის, ანდრეი გრომიკოს ერა საბჭოთა დიპლომატიაში.
გორბაჩოვისთვის გარდაქმნის გზაზე მთავარი გამოწვევა ის ეკონომიკური სირთულეები გახდა, რომელიც სსრკ-ს ეკონომიკაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში მწიფდებოდა. ეკონომიკის კატასტროფულ არაეფექტურობას, საკვები პროდუქტებისა და ყოველდღიური მოხმარების საგნებზე დეფიციტს, ავღანეთის სამხედრო კამპანია და ნავთობის ფასის შემცირება დაემატა, რაც საბჭოთა კავშირის, როგორც ერთიანი სივრცის გადარჩენას კიდევ უფრო შეუძლებელს ხდიდა.
1989 წელს საბჭოთა მოქალაქე სურსათის რიგში დღეში დაახლოებით 4 საათს ატარებდა. დეფიციტი საკვებზე, ტკბილეულზე, ტუალეტის ქაღალდსა და სხვა საყოფაცხოვრებო საგნებზე საბჭოთა რეალობის განუყოფელი ნაწილი იყო.
სსრკ-ს დიდი გამოწვევა გახდა ალკოჰოლიზმი. საკითხმა იმდენად მწვავე ფორმა მიიღო, რომ 1985 წელს მშრალი კანონი დაწესდა, რომლითაც სპირტიანი სასმელების წარმოება მესამედით შემცირდა. იმავე პერიოდში 15 პროცენტით გაიზარდა სპირტის შემცველი შუშის საწმენდი სითხის გაყიდვები. ყოველწლიურად საბჭოთა ე.წ. გამოსაფხიზლებელ დაწესებულებებში 9 მილიონი ადამიანი ხვდებოდა.
ქვეყნის შიგნით შექმნილმა მდგომარეობამ სსრკ-ს საგარეო პოზიციები დაასუსტა და ე.წ. სოციალისტური ბანაკის დაშლას შეუწყო ხელი. ვარშავის ბლოკის ქვეყნები ერთიმეორის მიყოლებით ამბობდნენ უარს სოციალიზმზე და დასავლეთს უახლოვდებოდნენ. გარდამტეხი მომენტი იყო ბერლინის კედლის ნგრევა, რომელიც 28 წლის განმავლობაში ორად ჰყოფდა ქალაქს და მთლიანად გერმანიას.
ამავე პერიოდში, გორბაჩოვმა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოთა ჯარებს ავღანეთი 10 წლის განმავლობაში ჰქონდათ ოკუპირებული. ავღანეთის ოპერაცია სსრკ-ს ათასობით დაღუპული ჯარისკაცისა და მილიარდობით დოლარის ფასად დაუჯდა. ბოლოს საბჭოთა ჯარისკაცმა ავღანეთი 1989 წლის 15 თებერვალს დატოვა.
პრობლემების სიმწვავესთან ერთად საბჭოთა კავშირში საპროტესტო განწყობებიც იზრდებოდა. იმპერიის სხვადასხვა დედაქალაქში სულ უფრო ხშირად იმართებოდა საპროტესტო მიტინგები. ყველაზე აქტიურები ამ კუთხით ბალტიის ქვეყნები და საქართველო იყვნენ.
საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე, ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი დამოუკიდებლობის მოძრაობა საქართველოში ჩამოყალიბდა. ეროვნულ მოძრაობას სათავეში ყოფილი დისიდენტები, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ჩაუდგნენ.
დამოუკიდებლობის იდეა სულ უფრო ხშირად ხდებოდა პროტესტის მიზეზი სხვადასხვა მოკავშირე რესპუბლიკებში. 1991 წლის გაზაფხულზე 15 საკავშირო რესპუბლიკიდან 11-ში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ტარდება, თუმცა სსრკ-ს ხელმძღვანელობა ამ მოთხოვნების შესრულებას არ ჩქარობდა. თითქმის ყველა საბჭოთა დედაქალაქში გამართული მიტინგი წითელმა არმიამ სასტიკად დაარბია.
მიტინგის დარბევისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის პირველი შემთხვევა თბილისში 1989 წლის 9 აპრილს მოხდა. მაშინ წითელი არმიის მოქმედებებს 21 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.
ლიეტუვის საზოგადოებრივი ტელევიზიის დარბევისას დაიღუპა 13, ხოლო დაშავდა ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. იმავე პერიოდში წითელი არმიის დარბევას მეზობელ რიგაში 4 ადამიანი შეეწირა. ყველაზე სისხლიანი ბაქოს მიტინგის დარბევა აღმოჩნდა, რომელსაც 130 მოქალაქე ემსხვერპლა.
ვითარების გაუარესებასთან ერთად სულ უფრო იზრდებოდა გორბაჩოვის მოწინააღმდეგეებისა და მათი მომხრეების რიცხვიც. მათ შორის იყო სახელმწიფო მოხელეების კონსერვატიულად განწყობილი ნაწილიც. მათთვის კონტროლის შესუსტება მიუღებელი იყო და საბჭოთა კავშირის პირვანდელი ფორმით შენარჩუნებას ემხრობოდნენ.
გორბაჩოვის ძალაუფლება ყოველდღიურად სუსტდებოდა. იმ დროისთვის მის ოპოზიციაში აღმოჩნდნენ, როგორც კონსერვატიულად განწყობილი პირები ასევე, მოქალაქეები და პოლიტიკოსები, რომლებიც ცვლილებებს ემხრობოდნენ. მთელი ქვეყნის მაშტაბით დარბეულმა მიტინგებმა გორბაჩოვის, როგორც ლიბერალი პოლიტიკოსის იმიჯი სრულად გაანადგურა. შედეგად, მან ლიბერალურად განწყობილი მოსახლეობის მხარდაჭერაც დაკარგა, ხოლო ორთოდოქსულად განწყობილი კომუნისტებისთვის გორბაჩოვი იმთავითვე დისკრედიტირებული იყო.
სსრკ-ს თავდაპირველი საზღვრებისა და პირვანდელი პოლიტიკური წყობის შენარჩუნების მიზნით, 1991 წლის აგვისტოში სსრკ-ს ვიცე პრეზიდენტის, გენადი იანაევის მეთაურობით, ე.წ. გკჩპ-ს პუტჩი დაიწყო. შეთქმულებაში მონაწილეობას ათეულობით პოლიტიკური თუ სამხედრო თანამდებობის პირი იღებდა.
გადატრიალებას რუსეთის მომავალი პრეზიდენტი, ბორის ელცინი შეეწინააღმდეგა. ის გადატრიალების მოწინააღმდეგე მომიტინგეებს შეურთდა და მიმართა — არ დაეშვათ გადატრიალება და დაეცვათ ქვეყნის დემოკრატია.
ამ დროისთვის, შეთქმულებს ყირიმის სამთავრობო რეზიდენციაში მიხეილ გორბაჩოვი ჰყავდათ დაკავებული. მათ განაცხადეს, რომ გორბაჩოვი ავადმყოფობის გამო მედიასთან კომენტარს ვერ გააკეთებდა.
სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ გამოვიდა მოსახლეობის დიდი ნაწილიც. ისინი აჯანყებულებს აქტიურ წინააღმდეგობას უწევდნენ.
საბოლოოდ, გკჩპ-ს პუტჩი, წარუმატებელი აღმოჩნდა, ხოლო ორგანიზატორები და მონაწილეები დააპატიმრეს.
აგვისტოს პუტჩს სულ სამი სამხედრო პირი ემსხვერპლა. ასევე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე პუტჩის ორმა ორგანიზატორმა, ბორის პუგომ და ნიკოლაი კრუჩინმა.
იძულებითი შიდა პატიმრობის შემდეგ მიხეილ გორბაჩოვი მოსკოვში დაბრუნდა. ის დაბრუნდა ოფისში, სადაც ფორმალური ძალაუფლებაც კი აღარ გააჩნდა.
აგვისტოს პუტჩის შემდგომ გორბაჩოვი იმ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, რომელიც ოფიციალური დოკუმენტაციის გარდა, აღარსად არ არსებობდა. სსრკ-ს მოკავშირე რესპუბლიკები ამ დროისთვის უკვე დამოუკიდებლები იყვნენ. სახელმწიფოები ერთიმეორის მიყოლებით ანადგურებდნენ კომუნისტი ბელადების ძეგლებსა და საბჭოთა სიმბოლიკას; წვავდნენ ლენინის უზარმაზარ პორტრეტებს.
საბჭოთა კავშირი ფორმალურ არსებობასაც წყვეტდა, თუმცა ეს პროცესები მთელი ქვეყნის მაშტაბით მძიმე სამოქალაქო თუ ეთნიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ეთნიკურ ნიადაგზე წარმოშობილმა კონფლიქტებმა თითქმის მთელი იმპერია მოიცვა. ეთნიკური დაპირისპირება დაიწყო საქართველოში, მთიან ყარაბაღში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, დნეპრისპირეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში. ყველაზე უმტკივნეულოდ ახალ პოსტსაბჭოთა პერიოდში ბალტიის ქვეყნები გადავიდნენ.
საბჭოთა კავშირის ესეთი სწრაფი ნგრევა მოულოდნელი აღმოჩნდა თავისუფალი სამყაროს ლიდერებისთვისაც. მათი პოლიტიკა, რიგ შემთხვევაში, არათანმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავიც კი იყო. ამის საუკეთესო ილუსტრაცია ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის კიევში წარმოთქმული სიტყვაა. ამ სიტყვაში უფროსი ბუში, უკრაინელებს "სუიციდური ნაციონალიზმის" საფრთხეზე ესაუბრა. New York Times-ის ჟურნალისტის, უილიამ საფირის სტატიის შემდეგ ბუშის სიტყვა ისტორიაში "კიევური დედლის" სახელით შევიდა. სიტყვის ავტორი ამერიკის მომავალი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი იყო.
რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის ლიდერები შეეცადნენ შეენარჩუნებინათ საბჭოთა კავშირი. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ). დსთ-ში გაერთიანდა ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა, გარდა ბალტიის ზღვისპირა ქვეყნებისა. მიუხედავად დსთ-ს ნაკისრი ვალდებულებებისა, ეს უფრო თანამეგობრობა იყო, ვიდრე ერთიანი სახელმწიფო. საბჭოთა კავშირის დანგრევა ორპოლუსიანი მსოფლიოს დასასრულსაც გულისხმობდა და სიცარიელესაც, მილიონობით ადამიანის გონებაში, რომელთა სამშობლოც, აღარ არსებობდა.
1991 წლის, 25 დეკემბერს, მიხეილ გორბაჩოვი ოფიციალურად გადადგა სსრკ-ს პრეზიდენტობიდან. რამდენიმე წუთში საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა.
კომენტარები