"Veuve Clicquot-ს საქმიანი ქალის" 2018 წლის გამარჯვებულის დაჯილდოება 20 დეკემბერს მრავალფუნქციურ სივრცე "რესპუბლიკაში" გაიმართა, გამარჯვებული თინათინ რუხაძე გახდა. ჯილდო საქართელოში წელს მეორედ გაიცა.

ინოვაციური აზროვნების, თამამი იდეებისა და სტერეოტიპების ნგრევისათვის დაწესებულ ტრადიციულ ჯილდოს შამპანურის სახლი Veuve Clicquot ყოველწლიურად მსოფლიოს 27 ქვეყანაში გასცემს. საქმიანი ქალებისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად, რომელიც საქართველოში წელს მეორედ გაიცა, ეროვნულმა ჟიურიმ ოთხი ნომინანტი შეარჩია:

  • ნინო კვერნაძე (კომპანია "უდაბნოს" ხელმძღვანელი);
  • თამარ ჩიგოგიძე (რადიოჰოლდინგ "ფორტუნას" თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი);
  • თინათინ რუხაძე (კვლევითი საკონსულტაციო კომპანია "ეისითის" თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი);
  • თამარ ბაღდავაძე (სასტუმროების "კოსტე" და "Green Tower" თანადამფუძნებელი და დირექტორი);

2018 წლის გამარჯვებულს გადაეცა სამახსოვრო თასი ინდივიდუალური გრავირებით, ის წლის განმავლობაში ბრენდის ელჩის როლს შეითავსებს. გარდა ამისა, თინათინ რუხაძე ეწვევა Veuve Clicquot-ს შამპანურის სახლს და საქმიან ქალთა ჯილდოს მფლობელების ფორუმს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში. ასევე, Veuve Clicquot-ს ვენახში ვაზის ერთ ძირს თინათინ რუხაძის სახელი დაერქმევა.

"Veuve Clicquot-მ საქმიანი ქალის ჯილდო 1972 წელს, შამპანურის სახლის ორასი წლის იუბილეზე დააწესა. იმ დროისთვის ეს ჭეშმარიტად ინოვაციური ნაბიჯი და ქალების ემანსიპაციის წინაპირობა იყო, მათ შორის, სამუშაო ადგილებზეც.

ეს ჯილდო ქალი მეწარმეების გამბედაობას აღნიშნავს და კოლეგებს შორის შამპანურის "La Grande Dame"-დ (დიდებულ ქალბატონად) აღიარებულ მადამ კლიკოს ეძღვნება.

დღეს ჯილდო მსოფლიოს 27 ქვეყანაში არსებობს და აქამდე 350-ზე მეტ ქალს გადაეცა. ჩვენ ამჟამად ვხედავთ, რომ საქმიანი ქალის ჯილდოს მიმართ ინტერესი იზრდება და ვგეგმავთ, რომ ის ყველასათვის სულ უფრო მეტად შესამჩნევი იყოს.

გამარჯვებულთა ბიოგრაფიები ყოველთვის წარმოუდგენლად მრავალფეროვანია, თუმცა, ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს: ეს ქალები მისაბაძი მაგალითები არიან", განაცხადა დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ დოროტეა შედვილმა, Veuve Clicquot -ს სახლის ბიზნეს განვითარების მენეჯერმა ევროპის ქვეყნებში.

ფოტო: Veuve Clicquot

ნომინანტების შესარჩევად რამდენიმე კრიტერიუმი იყო დაწესებული: ნომინანტი უნდა ყოფილიყო კომპანიის წამყვანი ძალა, ინოვატორი და გამბედავი, უნდა ჰქონოდა სამეწარმეო სულისკვეთება და სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება. სწორედ ამ კრიტერიუმებით შეარჩია წლევანდელი ნომინანტები ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ირმა დაუშვილი, კომპანია "დიოს" დამფუძნებელი და მმართველი, "Veuve Clicquot საქმიანი ქალის ჯილდოს" 2017 წლის გამარჯვებული; გიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და სატელევიზიო გადაცემების "საქმიანი დილა" და "ბიზნესკონტრაქტი" ავტორი; ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი. Veuve Clicquot-ს საქმიანი ქალის ჯილდოს მედია-პარტნიორია ჟურნალი "ამარტა".

Veuve Clicquot-ს ჯილდო მსოფლიოში უკვე 350-ზე მეტ ცნობილ ქალს გადაეცა, მათ შორის, ლეგენდარულ არქიტექტორს ზაჰა ჰადიდს (Zaha Hadid), ბრიტანელ დიზაინერს ანია ჰინდმარჩს (Anya Hindmarch) და სხვებს. ეს ჯილდო ერთგვარ "ოსკარად" იქცა საქმიანი ქალებისათვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათთვის ის ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს შემდგომი წინსვლისთვის.

Veuve Clicquot ლუქსკლასის შამპანურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხარისხიანი ბრენდია. Veuve Clicquot – "კლიკოს ქვრივს" ნიშნავს. 1805 წელს, სულ რაღაც 27 წლის ასაკში, მეუღლის უეცარი გარდაცვალების შემდეგ მადამ კლიკო შამპანურის სახლს ჩაუდგა სათავეში და, ბიზნესის სამყაროში ახლად გამოჩენილმა, ეჭვქვეშ დააყენა გავრცელებული კანონები და ტრადიციები; კლიკოს ქვრივის დამსახურებით გახდა ბრენდი ევროპის ბურჟუაზიის საყვარელი სასმელი; მის სახელს უკავშირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ინოვაცია ღვინის სამყაროში, როგორიცაა რემუაჟის მაგიდის გამოგონება (მოწყობილობა, რომელიც ხელს უწყობს შამპანურის ნალექისგან დაწმენდას); მადამ კლიკომ განაახლა პირველი ჩვენთვის ცნობილი ვინტაჟური შამპანური (1810) და შექმნა პირველი "როზე" (1818), რომელიც წითელი და თეთრი ღვინის შერევით მიიღება; ბრენდს მისი გამბედაობისა და სრულყოფილების კვალი ამჟამადაც ეტყობა.

1972 წელს, შამპანურის სახლის დაარსებიდან 200 წლის იუბილეზე, მადამ კლიკოს დამსახურების კიდევ ერთხელ დასაფასებლად, Veuve Clicquot-ს საქველმოქმედო ფონდმა "Veuve Clicquot საქმიანი ქალის ჯილდო" დააწესა. ეს ჯილდო ყოველწლიურად ენიჭებათ გამორჩეულ ქალებს, რომლებიც მადამ კლიკოს სულისკვეთებას, ხასიათის სიმტკიცეს და ინოვაციურ ხედვას იზიარებენ.

1772 წელს დაარსებული შამპანურის სახლი Veuve Clicquot 1987 წლიდან LVMH Group-ის შემადგენლობაშია. კომპანიის სათავო ოფისი რეიმსში მდებარეობს. მას სათავეში ქალი, სესილ ბონფონდი უდგას. კომპანიის ვენახები 393 ჰექტარზეა გადაჭიმული, სარდაფების სიგრძე 24 კილომეტრს შეადგენს, პროდუქცია კი მსოფლიოს 150 ქვეყანაში იყიდება. საქართველოში Veuve Clicquot-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორია კომპანია "GD ალკო".