მასშტაბური კვლევის მიხედვით, ინტერნეტი კეთილდღეობასთან ასოცირდება
თანამედროვე სამყარო ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, მკვლევრებს აინტერესებთ, თუ როგორ მოქმედებს მისი გამოყენება ჩვენზე.
"ჩვენი კვლევა პირველია, რომელიც ამოწმებს, უკავშირდება თუ არა ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და მისი რეგულარული გამოყენება კეთილდღეობას გლობალურ დონეზე", — თქვა პროფესორმა ენდრიუ პჟიბილსკიმ, ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, რომელიც კვლევის თანაავტორია.
პჟიბილსკიმ აღნიშნა, რომ წინა კვლევები არ იყო მასშტაბური და შემოიფარგლებოდა მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაზე ფოკუსირებით. ასევე ეს კვლევები ეხებოდა მხოლოდ ახალგაზრდებს.
ჟურნალ Technology, Mind and Behaviour-ში გამოქვეყნებული კვლევა მოიცავს ადამიანებს 168 ქვეყნიდან.
მონაწილეებს ჰკითხეს თუ როგორი წვდომა ჰქონდათ მათ ინტერნეტზე და რამდენად ხშირად იყენებდნენ მას. ამის პარალელურად, მკვლევრებს აინტერესებდათ მონაწილეების კეთილდღეობის განმსაზღვრელი ფაქტორები, როგორებიცაა ცხოვრებით კმაყოფილება, სოციალური აქტივობა, მიზნები, კეთილდღეობის შეგრძნება და სხვა.
გუნდმა 2006 წლიდან 2021 წლამდე არსებული მონაცემები გააანალიზა. ამან 15 წელზე უფროსი ასაკის 2,4 მილიონ ადამიანი მოიცვა.
მკვლევრებმა გამოიყენეს 33 000-ზე მეტი სტატისტიკური მოდელი, რაც მათ საშუალებას აძლევდა გაეთვალისწინებინათ ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ კვლევაზე, როგორიცაა შემოსავალი, განათლება, ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა.
შედეგები ცხადყოფს, რომ ინტერნეტზე თავისუფალი წვდომა ზოგად კეთილდღეობასთან 84.9%-ით არის დაკავშირებული. კვლევამ არ გამოავლინა უშუალო მიზეზები და შედეგი, მაგრამ ჯგუფმა დაადგინა, რომ ცხოვრებით კმაყოფილების მაჩვენებლები 8.5%-ით მაღალი იყო მათთვის, ვისაც ინტერნეტზე თავისუფალი წვდომა ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, მკვლევრებმა ხაზი გაუსვეს ინტერნეტის უსაფრთხოებას და იმას, რომ მომხმარებლების უფლებები დაცული უნდა იყოს ციფრულ სამყაროში.
კომენტარები