მყარი სუპერდედამიწის გარშემო ატმოსფეროს ყველაზე დამაჯერებელ კვალს მიაგნეს
მზის სისტემის მიღმა ათასობით ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი. ზოგიერთი მათგანი, იუპიტერის მსგავსად, აირისგან შედგება, ზოგი კი ისეთივე მყარია, როგორიც, მაგალითად, დედამიწა. ასეთი ციური სხეულების გარშემო ატმოსფეროს არსებობის დადასტურება მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ძნელი.
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ამ მხრივ ღირებული მონაცემები მოიპოვა. კერძოდ, მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ 55 Cancri e-ს სახელით ცნობილი ობიექტის ირგვლივ ატმოსფეროს ყველაზე დამაჯერებელ კვალს მიაგნო.
ესაა სუპერდედამიწის ტიპის ციური სხეული, რომლის დიამეტრიც ჩვენი პლანეტისას ორჯერ აღემატება. ასევე, მასა და ვარსკვლავს შორის მანძილი მზისა და მერკურის დისტანციის მხოლოდ 4%-ია. ამ ეგზოპლანეტის ზედაპირი, სავარაუდოდ, მაგმითაა დაფარული და იქ იმდენად მაღალი ტემპერატურაა, რომ რკინის დადნობა შეუძლია.
55 Cancri e ასტრონომებმა 2004 წელს აღმოაჩინეს. მას შემდეგ მეცნიერები მისი მახასიათებლების შესახებ მეტის გაგებას ცდილობენ, როგორიცაა ორბიტული პერიოდი, სიმკვრივე და ატმოსფეროს არსებობა-არარსებობა. სპეციალისტთა ნაწილს მიაჩნდა, რომ ვარსკვლავთან ასე ახლომდებარე და ძალიან ცხელი ეგზოპლანეტის გარშემო აირადი გარსი ვერ შენარჩუნდებოდა, მაგრამ ვების ახალი მიგნება საპირისპიროზე მიანიშნებს.
ტელესკოპის შუა ინფრაწითელმა კამერამ 55 Cancri e-ს ნათელ მხარეს, ანუ ვარსკვლავისკენ მიბრუნებულ ნახევარსფეროში, თერმული გამოსხივება გაზომა. ატმოსფეროს გარეშე იქაური ტემპერატურა, წესით, 2 200°C-მდე მიაღწევდა, მაგრამ ობსერვატორიამ 1 500°C-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა. ეს მიუთითებს, რომ ამ რეგიონიდან სითბო როგორღაც მეორე ნახევარსფეროში გადადის, რისი ახსნაც სწორედ ატმოსფეროთი შეიძლება.
დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად ავტორებმა ახლო ინფრაწითელი კამერა გამოიყენეს და სავარაუდო ატმოსფეროს შედგენილობა გამოიკვლიეს. შედეგად, ნახშირორჟანგი და ნახშირბადის მონოქსიდი დააფიქსირეს. მათი თქმით, ასეთი აირადი გარსი ეგზოპლანეტის ფორმირების დროინდელი ვერ იქნება, რადგან ვარსკვლავის რადიაცია გაანადგურებდა. ის ე.წ. მეორეული ატმოსფერო უნდა იყოს, რომელიც ციური სხეულის შიგნით მიმდინარე პროცესებისას გამოყოფილი ნახშირბადით მარაგდება და ნარჩუნდება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები