ბრინკის ელჩად არდანიშვნის მიზეზის მიუხედავად, აშშ-საქართველოს ურთიერთობა ზიანდება
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობები, რომ საქართველოს მთავრობამ თბილისში ამერიკის ელჩის დანიშვნის პროცესი შეაყოვნა და სავარაუდოდ, დაბლოკა კანდიდატი, რომელიც ამ პოსტზე იყო შერჩეული. საქართველოს მთავრობა ბრიჯიტ ბრინკის დაბლოკვის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და სპეკულაციად აფასებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც ქართულ და ამერიკულ ანონიმურ წყაროებს ეფუძნება, ბრინკის სავარაუდო დაბლოკვის მიზეზი ის შეხედულება გახდა, რომ ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება და ამასთან, ვაშინგტონში რესპუბლიკური პარტიის მაღალ ეშელონებთან მყარი პერსონალური კონტაქტები არ აქვს.
ბრიჯიტ ბრინკი 2015 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე ევროპის და ევრაზიის საქმეთა ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, უეს მიტჩელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და რეგიონალური კონფლიქტების საკითხებზე მუშაობდა. 2011-2014 წლებში ბრინკი თბილისში ამერიკის ელჩის მოადგილე იყო. ხოლო 2005-2008 წლებში საქართველოში პოლიტიკის და ეკონომიკის საკითხებს კურირებდა. 2009-2010 წლებში მას ობამას ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში სამხრეთ კავკასიის მიმართულება ებარა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ ამერიკის ხმისთვის გამოგზავნილ განცხადებაში ნათქვამია, რომ "გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მსგავსი სახის დეზინფორმაცია მედიის საშუალებით ვრცელდებოდა ადრეც და ქართულმა მხარემ, ისევე როგორც აშშ-მ უკვე უპასუხა ამ საკითხს, მათ შორის, თბილისში ვიზიტის დროს შესაბამისი განმარტება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტის უშიშროების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა".
ოქტომბერში, თბილისში ვიზიტის დროს ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ არ იცის, როდის დაინიშნება საქართველოში ამერიკის ელჩი, რადგან "ეს სენატის მიერ ელჩის დამტკიცების რთულ პროცესს უკავშირდება".
შეერთებული შტატების სხვა ოფიციალური პირები ამ თემაზე საჯარო განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ჯერ კიდევ ოქტომბერში გააკეთა კომენტარი ამ თემაზე და თქვა, რომ “სხვა ქვეყნების ელჩების შერჩევის პროცესში საქართველო მონაწილეობას არ იღებს. ეს არის სპეკულაციები და არასერიოზულია ამაზე საუბარი".
ამ თემას არასერიოზულად არ აფასებენ საქართველოს მეგობრები ვაშინგტონში. დევიდ კრამერი, რომელიც სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთი თანაშემწე იყო, ამერიკის ხმასთან აცხადებს, რომ ბრიჯიტ ბრინკთან დაკავშირებული ამბის დეტალები ბოლომდე არ იცის, თუმცა "რაც არ უნდა ყოფილიყო [ელჩად მისი არდანიშნვის] მიზეზი, ეს არ იყო ჭკვიანური ნაბიჯი. თუ თბილისმა აგრემანის მინიჭებაზე უარი თქვა იმის გამო, რომ მათ კანდიდატი არ მოსწონდათ, სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა გადაეწყვიტა, შეებრუნებინა თუ არა ეს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების შებრუნება, სავარაუდოდ, არ მოხდებოდა".
ამ შეხედულებას ამყარებს ის ფაქტი, რომ 203 ელჩის პოზიციიდან, სადაც როგორც ქვეყნებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმოდგენილი ამერიკის ელჩები შედიან, 67, ანუ დაახლოებით, მესამედი, დღემდე ვაკანტურია.
ამ პირობებში, ნებისმიერი შეყოვნება საქართველოში ელჩის დანიშვნის პროცესში თითქმის ავტომატურად ნიშნავს ამ პროცესის უვადოდ გაჭიანურებას. შეყოვნება, ცხადია, ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ მათ შორის, მთავარი მიზეზები კანდიდატის არარსებობა, სენატის მიერ ნომინანტის დამტკიცებაზე უარის თქმა ან კანდიდატისთვის აგრემანის არ მინიჭება იწვევს.
"აგრემანი" ტექნიკური ტერმინია, რომელიც მასპინძელი ქვეყნის მიერ დიპლომატიური წარმომადგენლის მიღებაზე თანხმობას ნიშნავს.
კრამერს, რომელიც ახლა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარია, ახსოვს ერთი მსგავსი შემთხვევა, რომელიც მასპინძელი ქვეყნისთვის, საბოლოო ჯამში, ცუდად დამთავრდა. მაშინ ამერიკამ ერევნიდან საკუთარი ელჩი გამოიწვია და პოზიციაზე ახალი ადამიანი წარადგინა. სომხეთის მთავრობამ აგრემანის გაცემა გააჭიანურა.
"ერევანში ამერიკის ელჩის დანიშვნას დიდი დრო დასჭირდა და ამას ამერიკა-სომხეთის ურთიერთობებისთვის ხელი ნამდვილად არ შეუწყვია. საქართველოც იგივე რისკს იქმნის. იან კელი, რომელმაც საკუთარი მოვალეობა სამაგალითოდ შეასრულა, საქართველოდან მარტში წამოვიდა. ბრიჯიტ მისი არაჩვეულებრივი შემცვლელი იქნებოდა", — აცხადებს კრამერი.
კრამერი საქართველოში ხშირად ჩადის და ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის თითქმის ყველა მხარესთან ხშირი ურთიერთობა აქვს. მას მიაჩნია, რომ ბრიჯიტ ბრინკი "ნამდვილი პროფესიონალი დიპლომატია, რომელსაც საქართველოში არაჩვეულებრივი გამოცდილება აქვს. ის ქვეყანას ძალიან კარგად იცნობს. რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა და ეს არასაჭირო, თვითგამოწვეულ ზიანს აყენებს საქართველოს".
შეერთებულ შტატებში ელჩების დანიშვნა ორი პრინციპით ხდება, სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, თეთრი სახლი წინასწარ განსაზღვრულ ქვეყნებში პოლიტიკური ნიშნით შერჩეულ ადამიანებს გზავნის ელჩებად. ეს ეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მაგალითად, იტალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთის ფედერაცია, ჩინეთი და სხვა მსგავსი მნიშვნელობის მქონე ქვეყნები. დანარჩენ დიპლომატიურ პოსტებს კი ე.წ. კარიერული დიპლომატები ავსებენ. საქართველოს შემთხვევაში პოსტს სწორედ კარიერული დიპლომატები იკავებენ. ბრიჯიტ ბრინკის საქართველოში ელჩად დანიშვნის შემთხვევაში, ის თბილისში კარიერული და არა პოლიტიკური ხაზით ჩავიდოდა, როგორც ეს მისი წინამორბედების შემთხვევაში ხდებოდა.
ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი კარიერის მქონე დიპლომატი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, დანიელ ფრიდი იმედს იტოვებს, რომ გავრცელებული ამბავი სიმართლე არ არის:
"ბრიჯიტ, ზოგადად, არაჩვეულებრივი ელჩი იქნებოდა და ის განსაკუთრებით კვალიფიცირებული იყო საქართველოში ელჩობისთვის".
ფრიდი ამბობს, რომ ბრინკის "პრო-სააკაშვილობა სისულელეა". მისი თქმით, "ის თანამშრომლობდა სააკაშვილის მთავრობასთან, ისევე როგორც ვთანამშრომლობდი მე და ბევრი სხვა ადამიანი და ეს იმიტომ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერდა საქართველოს, საქართველოს დემოკრატიას, ქვეყნის თავისუფლებას და დასავლეთთან დაახლოების სურვილს. სააკაშვილი კი იყო ლიდერი, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია", — თქვა ფრიდმა ამერიკის ხმასთან.
"ბრიჯეტ ბრინკი იმდენად ძლიერი და ეფექტური პროფესიონალია, რომ მე უბრალოდ გაოგნებული ვარ იმით, რომ საქართველოში რომელიმე ლიდერს შეეძლო გადაეწყვიტა ის, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობისთვის ბრიჯიტის სიძლიერე წაერთმია", — თქვა მან.
საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობას მარტში იან კელის მისიის ამოწურვის შემდეგ, მისი მოადგილე ელიზაბეტ რუდი ასრულებდა. რამდენიმე კვირის წინ, თბილისში ელჩის მოვალეობის შემსრულებლად ვაშინგტონიდან როს უილსონი გაიგზავნა, რომელიც ასევე კარიერული დიპლომატია.
სახელმწიფო დეპარტამენტს ამ ეტაპზე ელჩის ნომინაციაზე კანდიდატი არ ჰყავს, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ვადის დამთავრებამდე, საქართველოს სენატის მიერ დამტკიცებული ელჩი არ ეყოლება. 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში 203-დან ჯამში 136 ელჩია დამტკიცებული, აქედან 69 (50.7%) კარიერული დიპლომატია და 67 (49.3%) პოლიტიკური ნიშნითაა შერჩეული.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები