თელავის მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას 16 დეკემბერს ინაუგურაციის პარალელურად ერეკლე მეორის ძეგლთან აქციის ჩატარებაზე უარი უთხრა. როგორც ქალაქის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა რუსთავი 2-ს განუმარტა, აღნიშნული ადგილი ღონისძიებისთვის არის საჭირო.

"ამ ღონისძიებაში იღებს ძალიან ბევრი უცხოელი დელეგატი მონაწილეობას და თვითონ ის სამსახურები, რომლებიც ახორციელებენ ამ ღონისძიების უსაფრთხოებას და დაცვას, ვინაიდან ეს ადგილი მოექცა ერთ-ერთ მთავარ ადგილად, სადაც უნდა მოხდეს გადაადგილება ამ დელეგაციების, მათთან კონსულტაციის შემდეგ ჩვენ შევთავაზეთ ალტერნატიული ტერიტორია", — განაცხადა მერმა.

ნარეკლიშვილის თქმით, ოპოზიციას ალტერნატიულ ტერიტორიად კოსტავას ქუჩაზე, 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია შესთავაზეს.

გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბოტკოველის თქმით, გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და მათთვის მიუღებელია. ისინი აპირებენ, რომ უარის მიუხედავად აქციის ცენტრში მაინც გამართავენ. მისივე თქმით, ალტერნატიული ტერიტორია ვიწროა და "იმ მასშტაბებს არ აკმაყოფილებს, რა მასშტაბის აქციას იმართება".

"ის პასუხი, რაც მივიღე, არის ჩვენთვის მიუღებელია, რადგან იქ არის საუბარი დაცვის საკითხზე, რომელიც არ არის მერიის კომპეტენცია და ამას შესაბამისმა ორგანომ უნდა გასცეს პასუხი. მოვუწოდებთ, პირიქით, მათ, რომ უზრუნველყონ ჩვენი და იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვინც მშვიდობიან პროტესტს გამოთქვამენ", — აღნიშნა ბოტკოველმა On.ge-სთან.

ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები 16 დეკემბერს ინაუგურაციის პარალელურად თელავში აქციას გამართავენ. მისი თქმით, მშვიდობიანი აქცია გაიმართება თბილისში და სხვა ქალაქებშიც, თუმცა არ დააკონკრეტა სად. ვაშაძემ მაშინ განაცხადა, რომ აქცია ქალაქის იმ ადგილას გაიმართება, რომელსაც მათ მუნიციპალიტეტი გამოუყოფს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხებული გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს არ აღიარებენ. მათი პოზიციით, არჩევნებზე გაყალბების უპრეცედენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ოპოზიცია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ითხოვს. ვაშაძემ მმართველ ძალას სამუშაო ჯგუფის შექმნისკენაც მოუწოდა, თუმცა ხელისუფლებამ მისი შეთავაზება არ მიიღო. ოპოზიციამ ხელისუფლებას ვადა 16 დეკემბრამდე, ანუ ინაუგურაციამდე მისცა.