საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შეწყალებასთან დაკავშირებულ კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეცდომები "ერთმნიშვნელოვნად დაშვებული იყო". კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მძიმე პენიტენციური სისტემა ჩაიბარა და ადამიანები უსამართლოდ იხდიდნენ სასჯელს.

"და ძირითადად ეს ეხებოდა არა პოლიტიკურ დევნას, უბრალოდ სამი არმატურა მოიპარა, ორი ქათამი და რაღაც შეკრებითობა, განკრებითობა, რაღაც ჯადოები იყო და იჯდა ეს კაცი წლებით... ეს ყო ის პროცესი, რომელიც მე მორალურად უნდა ამეღო ჩემს თავზე და ეს ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჩასმული იყვნენ ძალიან დიდი სახდელებით, მათ მიმართ ჩვენ გვქონდა მორალური ვალდებულება. მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი პროცესი იყო", — აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც მარგველაშვილმა თქვა, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა შეწყალების საკითხი მასთან საბრძოლველად გამოიყენა და "აღტკინებულებმა ბოროტის დაძლევის სულისკვეთებით" მის წინააღმდეგ კამპანია აწარმოეს. მან პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებები გაიხსენა.

"თავმჯდომარემ დამდო ბრალი სამი მიმართულებით, სამივე იყო სისხლის სამართლის საქმე. მოვითხოვე რომ ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე წასულიყო პროკურატურაში და აღეძრათ საქმე პრეზიდენტის წინააღმდეგ შეწყალებების მიმართულებით ჩადენილი სახელმწიფო დანაშაულებების მიმართულებით. ბუნებრივია ეს ვერ გააკეთეს", — განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის მიმართ შეწყალებასთან დაკავშირებული კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ოჯახში ძალადობისთვის შეიწყალა, ვეფხია ბაქრაძე, რომელმაც გათავისუფლებიდან რამდენიმე თვეში თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგო მოკლა. 10 დეკემბერს ბაქრაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ამის შემდეგ პრეზიდენტმა ძალადობრივი დანაშაულის საქმეებზე შეწყალების აქტების გამოცემა დროებით შეწყვიტა. გიორგი მარგველაშვილს შეწყალების გამო აკრიტიკებდნენ როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციაში. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი გიორგი მარგველაშვილი შეწყალების უფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. პრეზიდენტმა მაშინაც აღნიშნა, რომ ის წინააღმდეგ "ბინძური შავი პიარის ტალღა" დაიწყო.