ვისი ინტერესია საქართველოს რკინიგზის გასხვისება
ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს რკინიგზის პრივატიზებას გეგმავს. Bloomberg-თან ინტერიუში ამავე უწყების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ თქვა, რომ სახელმწიფო კომპანიის წილების გარკვეულ პროცენტს შეინარჩუნებს. მას არ უხსენებია საქართველოს რკინიგზის რესტრუქტურიზაცია, რომელსაც სახელმწიფოს ასოცირების დღის წესრიგი ავალდებულებს. უცნობია, რა ფორმით გაიყიდება ერთ-ერთი ძლიერი ლოჯისტიკური დასაყრდენი. ჩნდება ვარაუდი, რომ რუსეთი შეეცდება კონტროლი მოიპოვოს მის მთავარ სატრანზიტო კონკურენტზე რეგიონში. ეს პროცესები კი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე ნეგატიურად იმოქმედებს.
ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია პირველი არ არის, რომელმაც საქართველოს რკინიგზის კერძო სექტორის ხელში გადასვლაზე დაიწყო საუბარი. 2012 წელს რკინიგზის 25 პროცენტის გაყიდვას გეგმავდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაც. მაშინ დარგის სპეციალისტების ნაწილმა სტრატეგიული ობიექტის გასხვისება საფრთხის შემცველად მიიჩნია.
რკინიგზის გასხვისებაზე საუბრობდნენ 2015 წელსაც, გიორგი კვირიკაშვილის ეკონომიკის მინისტრობის დროს. მაშინ კვირიკაშვილმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო და "ნეგატიური ახალი ამბის" შექმნის მცდელობად შეაფასა. ყოფილმა ხელისუფლების წევრმა საგარეო პოლიტიკურ საფრთხეზეც გაამახვილა ყურადღება. თუმცა ერთი წლის შემდეგ, მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებისას პარლამენტში კვირიკაშვილმა საკუთარი სიტყვები უკან წაიღო და დაადასტურა, რომ კომპანიის გასხვისებას გეგმავდა.
რკინიგზის კერძო სექტორის ხელში გადასვლა კვირიკაშვილის განცხადებიდან 2 წლის შემდეგ ისევ აქტუალურია. გიორგი ქობულიამ Bloomberg-ს უთხრა, რომ რკინიგზის პრივატიზებით მისი "ეფექტურობა გაიზრდება და ეკონომიკაც სარგებელს ნახავს".
ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის, Hub Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე ფიქრობს, რომ საქართველოს რკინიგზა, ამჟამინდელი მმართველობითი სისტემით მხოლოდ რუსეთისთვისაა საინტერესო.
"რკინიგზის მოდელი ჯერ კიდევ საბჭოურია. გადაზიდვების, ინფრასტრუქტურის, ნავიგაციის, უსაფრთხოებისა და სხვა კომპონენტები ერთ ორგანიზაციაშია მოქცეული, ანუ ჩვენ გვაქვს ერთიანი მონოლითური სახელმწიფო საწარმო. ეს ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია, როგორც სატრანსპორტო სისტემის ისე ზოგადად, ეკონომიკის განვითარებისთვის", — უთხრა მან On.ge-ს.
ურუშაძის თქმით, რკინიგზას ორი გზა აქვს: ევროპული და რუსული. ის რკინიგზის პრივატიზაციას არ ეწინააღმდეგება, თუმცა ამბობს, რომ სისტემას რეფორმა სჭირდება, რომლის შესახებაც ეკონომიკის სამინისტრო არ საუბრობს.
Hub Georgia-ს წარმომადგენელი განმარტავს, რომ საქართველოს აღებული აქვს რკინიგზის რეფორმირებისა და დეცენტრალიზაციის ვალდებულება საერთაშორისო პარტნიორებთან, რომელსაც ასოცირების შეთანხმება არეგულირებს.
კერძოდ, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს:
- ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა დაექვემდებაროს სახელმწიფოს სარკინიგზო ლიანდაგის, ხიდებისა და გვირაბების სახით;
- ნავიგაცია ე.წ საოპერაციო ცენტრი, რომელიც გადაზიდვებს გაუწევს ორგანიზებას და სახელმწიფოს დაექვემდებარება;
- რკინიგზის უსაფრთხოების სააგენტოს ჩამოყალიბება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სარკინიგზო გაყვანა-გადაზიდვების უსაფრთხოებაზე.
ვასო ურუშაძე განმარტავს, რომ კერძო პირზე მხოლოდ სავაგონე შემადგენლობა და წევითი ძალა უნდა გასხვისდეს, რაც გაზრდის კონკურენციას და გადაზიდვების ბაზარზე რამდენიმე კომპანიის ოპერირებას შეუწყობს ხელს.
მისივე განმარტებით, ეს მოდელი ძირითადად ევროკავშირის წევს ქვეყნებში, ასევე იაპონიასა და ამერიკაში მუშაობს.
"საგანგაშო იყო მესიჯი ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, რომლის მიხედვითაც 25% წილის გასხვისებას გეგმავენ. ჩვენ ვერ ვხედავთ რეფორმებს რკინიგზაში და არ გვაქვს ინფორმაცია რა ეტაპზეა ევროდირექტივების შესრულება", — თქვა მან.
Hub Georgia-ს წარმომადგენლის პოზიციით, საქართველოს რკინიგზის არსებულ მოდელს ევროპა არ ცნობს. ურუშაძე ირწმუნება, რომ თუ ხელისუფლება ევროპულ გზას არ აირჩევს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ერთეული რუსეთის ხელში გადავა:
"რაში სჭირდება კერძო კომპანიას უსაფრთხოების მარეგულირებელი, მართვის სისტემები ან გვირაბი? კერძო სექტორს სჭირდება მოძრავი შემადგენლობა. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ რომელიმე კომპანიამ იყიდოს ავტობანი და ტრაილერი? იგივე მოდელია აქაც. ვისაც ინფრასტრუქტურა სჭირდება პოლიტიკური ზრახვები აქვს და არა კომერციული".
ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში სომხეთის სცენარი განვითარდეს, რომლის რკინიგზის წილიც წლების წინ რუსულმა კომპანიამ, სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ შეიძინა.
"საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი რუსეთის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტია. რუსეთს ჩვენს სატრანსპორტო დერეფანზე გავლენა სჭირდება. რუსეთს ასევე სჭირდება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები საქართველოში პოლიტიკური ვაჭრობისთვის", — ამბობს ვასო ურუშაძე.
ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ Bloomberg-თან ინტერვიუს შემდეგ რკინიგზის პრივატიზაციის თემით დაინტერესებულ ქართულ მედიასთან პოზიცია შეცვალა და თქვა, რომ მთავრობა მის გასხვისებას ჯერ არ გეგმავს, თუმცა იწყებს რეორგანიზაციას.
"საუბარია, რომ ევროკავშირთან შეთანხმების მიხედვით, გავმიჯნოთ რკინიგზის ინფრასტრუქტურის მენეჯერი და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ოპერატორი, როგორც ორი კომპანია რკინიგზის შიგნით", — განმარტა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, რკინიგზის მოძრავ შემადგენლობაში შესაძლოა კერძო ოპერატორები შევიდნენ.
GRASS-ის უფროსი მკვლევარი და საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი, გია ჯაფარიძე არ იზიარებს აზრს, რომ საქართველოს რკინიგზის პრივატიზება საქართველოში რუსული კომპანიის შემოსვლის რისკს ქმნის. ის მიესალმება რკინიგზის პრივატიზაციას, თუ საკონტროლო პაკეტს ხელისუფლება დაიტოვებს.
"მენეჯმენტი იყოს ინვესტორის, ოღონდ ინვესტორი არ უნდა იყოს რუსული კომპანია. რუსებზე გაყიდვა მეეჭვება, რადგან ეს ეწინააღმდეგება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებს, მაგალითად აშშ, თურქეთი, აზერბაიჯანი" — ამბობს ჯაფარიძე On.ge-სთან საუბრისას.
მას ხელისუფლებასთან სხვა კითხვა აქვს, სად დარჩება საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი კერძო სექტორზე გასხვისების შემდეგ.
საქართველოს რკინიგზაში კომპანიის პრივატიზაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და On.ge-ს დამატებით კითხვებს არ პასუხობენ.
მიუხედავად იმისა, რომ პრივატიზაციის სავარაუდო თარიღზე, პირობებსა და სხვა დეტალებზე ეკონომიკის სამინისტრო ჯერჯერობით არ საუბრობს, ჰიბრიდული ომის მკვლევარი, დავით ძიძიშვილი არ გამორიცხავს, რომ გასხვისების შემთხვევაში რუსეთი საქართველოს რკინიგზით დაინტერესდება. მისი თქმით, რუსული რბილი ძალისთვის ეკონომიკა ძლევამოსილი იარაღია და ამის მაგალითები საქართველომ საკუთარ თავზე იწვნია.
"როცა საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, პირველი, რაც რუსეთმა გააკეთა, ეკონომიკური ფაქტორების გამოყენება იყო. ღვინოზე, ციტრუსზე, მინერალური წყალსა და სხვა ტიპის პროდუქციაზე ემბარგო დააწესა და შეზღუდა. გამორიცხული არ არის, რომ რუსეთის ფედერაციამ იგივე გაიმეოროს, თუ მის ხელში აღმოჩნდება სხვა რომელიმე ტიპის რესურსი, იქნება ეს რკინიგზა, მაგისტრალური გაზსადენი, ნავთობსადენები თუ ფოსტა", — განაცხადა დავით ძიძიშვილმა On.ge-სთან საუბრისას.
მკვლევრის თქმით, ეკონომიკა რუსული ჰიბრიდული ომის მძლავრი იარაღია:
"თუ ჩვენს მაგალითებზე არ გვინდა სწავლა შეგვიძლია უკრაინას შევხედოთ. 2014 წლიდან უკრაინის ეკონომიკას საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეს იმ კომპანიებმა და კორპორაციებმა, რომელსაც რუსული კომპანიები აკონტროლებდნენ".
ძიძიშვილის აზრით, სახელმწიფო კომპანიის გასხვისება არ ნიშნავს, რომ ამ რესურს მაინც და მაინც რუსული კომპანიები დაისაკუთრებენ.
"არ მგონია, სახელმწიფოს უნდოდეს, რომ საქართველოს რკინიგზა რუსულმა კომპანიამ შეიძინოს. ბუნებრივია, რუსეთს ინტერესი ექნება და ბევრს გააკეთებს, რომ რკინიგზა მის ხელში მოხვდეს", — ამბობს მკვლევარი.
რა დაწერა Bloomberg-მა
ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას შესახებ Bloomberg-ზე გამოქვეყნებული სტატიის ელექტრონული ფოტოვერსია On.ge-ს სტატიის ავტორმა, ჰელენა ბედველმა მიაწოდა.
საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა
საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა ბოლო ორი წლის განმავლობაში შემცირებულია. სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, გადაზიდვებმა 2018 წლის პირველ ნახევარში 5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 5 პროცენტით ჩამოუვარდება.
ტვირთბრუნვის კლება 2018 არ დაწყებულა, 2012 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები 40 პროცენტითაა შემცირებული.
გადაზიდვებში პირველ ადგილზე ნედლი ნავთობპროდუქტებია, რკინიგზამ იანვარ-ივნისში 1,6 მილიონი ტონა ნავთობი გადაზიდა, ეს 2017 წელთან შედარებით 21 პროცენტით ნაკლებია. ნავთობთან ერთად შემცირებულია შაქრის ნედლეულის გადაზიდვაც. ხოლო რკინის მადნის, ფერადი ლითონების და ქიმიური სასუქების ტრანსპორტირება კი გაზრდილია, თუმცა ეს ზრდა ნავთობის ტრანზიტის შემცირებას ვერ აბალანსებს. მთლიანი გადაზიდვის მაჩვენებელი მაინც შემცირებულია.
კომენტარები