"კლასიკური შემთხვევა გვაქვს ეკლესიის და მთავრობის ურთიერთსიყვარულის", — ასე აფასებს პარტია გირჩის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია მთავრობის გადაწყვეტილებას კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევის შესახებ. ხვიჩიას თქმით, საპატრიარქოსთან შეხვედრის შემდეგ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ ნარკოპოლიტიკა ილია მეორესთან შეთანხმებით დაიწერება.

"ამის შემდეგ მინიმუმ გვეცოდინება ის, რომ ხალხის წამება ხდება საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით. დღესდღეობით ეს ორივე მხარეს აზიანებს. კარგია, რომ ყველაფერს სახელი ერქმევა ქართველი ხალხის თვალში", — განაცხადა ხვიჩიამ On.ge-სთან საუბრისას.

საპატრიარქოსთან კანაფის კულტივაციის კანონპროექტის განხილვის 46-ე დღეს და არჩევნების მეორე ტურის წინ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა პარლამენტიდან გამოწვიოს კანონპროექტი. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მთავრობამ გადაწყვეტილება პოლიტიკური და საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე, საპატრიარქოსა და მოსახლეობის პოზიციის გათვალისწინებით მიიღო.

მას შედეგ რაც ცნობილი გახდა, რომ არჩევნები მეორე ტური გაიმართება მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქართული საზოგადოებისგან შეცდომებზე მკაფიო გზავნილი მიიღეს და საჭიროა ხალხის პრობლემებით დაინტერესება, მათი მოფერება.