არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო (TI) მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების მიერ დაკვეთილი ფსიქოპროექტის ჩატარებული ეგზიტპოლები უკანონო შეწირულობაა საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ.

"აღსანიშნავია, რომ ფსიქოპროექტს კვლევა უშუალოდ ქართულმა ოცნებამ დაუკვეთა, განსხვავებით ადრე არსებული პრაქტიკისა, როდესაც კვლევას ტელევიზია ან არჩევნებში მონაწილე სუბიექტი უკვეთავდა, რომელთა ლეგიტიმური ინტერესიც ეგზიტპოლის შედეგების მიმართ ნათლად გამოკვეთილია და კითხვებს არ აჩენს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობაში ამბობენ იმასაც, რომ არჩევნების დღეს გამოიკვეთა უბნების გარეთ ზურაბიშვილის მხარდამჭერი კოორდინატორების დიდი რაოდენობა. მათი თქმით, ზურაბიშვილს აქამდე წარდგენილ ფინანსურ დეკლარაციებში და შრომის ანაზღაურებაში არ აქვს მითითებული შესაბამისი ოდენობის თანხები. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ესეც შეიძლება ჩაითვალოს ქართული ოცნების მხრიდან უკანონო შეწირულობად.

ორგანიზაცია მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შეისწავლოს ეს შემთხვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

სამი ეგზიტპოლი და სამი შედეგი

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა და სამი ეგზიტპოლის მიხედვით, სამი სხვადასხვა შედეგი დაიდო.

მმართველი პარტიის ეგზიტპოლით, 52,3 %-ით სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მათი თქმით, 28,1 % აქვს გრიგოლ ვაშაძეს და 9,2% დავით ბაქრაძეს. ფსიქოპროექტმა 100 უბანზე 5 104 ადამიანი გამოკითხა. ცდომილების ფარგლები 2,6%-ია.

ევროპული საქართველოს ეგზიტპოლით, მეორე ტური იმართება. კერძოდ, 37% აქვს გრიგოლ ვაშაძეს და 34% სალომე ზურაბიშვილს. პარტიის კანდიდატს, დავით ბაქრაძეს 17% აქვს, შალვა ნათელაშვილს კი — 4. კომპანია BCG-მ 105 საარჩევნო უბანზე 6 000 ადამიანი გამოკითხა. მაქსიმალური ცდომილება 3%-ია.

მეორე ტური იმართება რუსთავი 2-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებითაც. 16:00 საათის შედეგებით სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძეს 40-40% აქვთ, დავით ბაქრაძეს კი — 10%. რუსთავი 2-ისთვის კვლევა გასული წლების მსგავსად კომპანია ედისონ რისერჩმა ჩაატარა. შედეგებში ცდომილების ფარგლები +/-3%-ია, გამოკითხვა 115 უბანზე ჩატარდა.

არჩევნების შედეგები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100% დაითვალა. მონაცემების მიხედვით, საქართველოში მეორე ტური ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება.

შედეგები ასე გადანაწილდა:

  • სალომე ზურაბიშვილი (ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი) — 38,64%;
  • გრიგოლ ვაშაძე (ძალა ერთობაში) — 37,74%;
  • დავით ბაქრაძე (ევროპული საქართველო) — 10,97%;
  • შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) — 3,74%;
  • ზურა ჯაფარიძე (გირჩი) — 2,26%;
  • დავით უსუფაშვილი (შენების მოძრაობა) — 2,26%.