პრეზერვატივების შეფუთვის მწარმოებელი კომპანია აიისა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გამოსახულებიან პრეზერვატივებს ყიდის. #არასალომეზურაბიშვილს — ამ სლოგანით კომპანია მომხმარებელს პრეზერვატივის 5 სხვადასხვა შეფუთვას სთავაზობს, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით გაიყიდება.

პრეზერვატივების შეფუთვაზე საპრეზიდენტო კანდიდატის ცნობილი ციტატებია დატანილი. შეფუთვებს შორისაა ზურაბიშვილის ფოტო კრემლის ფონზე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად.

აღნიშნული დიზაინები აიისას პლატფორმა #გაბანტეს ფარგლებში დამზადდა და გრაფიკული გამოსახულებები ნუგზარ მეტრეველს ეკუთვნის. კომპანიის განცხადებით, მომხმარებელს საარჩევნო თემატიკის სხვადასხვა შეფუთვებს შესთავაზებენ.

პლატფორმა #გაბანტეს ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავად შექმნას შეფუთვა სასურველი გამოსახულებით. თავდაპირველად #გაბანტეს ფარგლებში საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი მურუსიძის გამოსახულებიანი პრეზერვატივები დამზადდა. ამ ფორმით აიისამ გააპროტესტა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც კომპანიას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მოტივით რამდენიმე შეფუთვის ამოღება დაეკისრა და დაჯარიმდა.