რა გვხდის სხვა ცხოველებზე აღმატებულს? — კაცობრიობის პარადოქსი
ფოტო: Media Whale Stock/Shutterstock.com
ანტიკური ხანის ბერძნები, აცტეკები და ინდუსები თავიანთ ღმერთებს ერთდროულად როგორც შექმნის, ისე განადგურების სიმბოლოდ წარმოიდგენდნენ. მეცნიერები ხშირად აღნიშნავენ, რომ ღვთაებების ეს ორი რადიკალურად განსხვავებული თვისება ადამიანის ბუნების თანდაყოლილ დუალიზმს ასახავს. ამ იდეის საფუძველზე მაქს პლანკის ბიოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი მიიჩნევს, რომ ადამიანი ამგვარი ბუნების გამო ისტორიაში ერთდროულად ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე სულელი სახეობაა.
ვოლფგანგ გოიმანი ცხოველთა სამყაროში ადამიანის აღმატებულობის მიზეზებს იკვლევს. შესაძლებლობებით სხვა არსებებისგან აშკარად გამოვირჩევით, მაგრამ არასწორი იქნება ვივარაუდოთ, რომ ინტელექტი მხოლოდ კაცობრიობას ახასიათებს.
"უხერხემლო ცხოველებიც კი, მაგალითად პატარა მწერები, გასაოცარ გონებრივ შესაძლებლობებს ავლენენ, რითაც ადამიანის აღმატებულობას ეჭვქვეშ აყენებენ", — წერს ის.
მართლაც, ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ფუტკარს მათემატიკური უნარები აქვს და მორზეს ანბანის გამოყენებაც კი შეუძლია ისწავლოს. ასევე, სხვა არსებებში, მაგალითად ყვავებში, გასაოცარი კოგნიტიური უნარები შენიშნეს.
"მაშ, სხვა რა გვხდის ადამიანებს განსაკუთრებულებს და რა განგვასხვავებს დედამიწაზე არსებული სხვა სახეობებისგან?", — ფიქრობს გოიმანი.
ამ კითხვაზე ერთ-ერთი სავარაუდო პასუხი ისაა, რომ შეიძლება პირველი სახეობა ვართ, რომელიც დედამიწაზე სხვა სახეობების მასობრივ გადაშენებას იწვევს. საინტერესოა, რომ არც ეს მოვლენა ახასიათებს მხოლოდ ადამიანს. ხუთი წინა მასობრივი გადაშენებიდან ორი ფაქტობრივად სხვა ცოცხალმა ორგანიზმებმა გამოიწვიეს. ორივე შემთხვევაში დამნაშავენი მცენარეები იყვნენ. 2,7 მილიარდი წლის წინ ფოტოსინთეზატორებმა მსოფლიო ჟანგბადით "დატბორეს" და მასობრივი ხოცვა გამოიწვიეს; 360 მილიონი წლის წინ მცენარეული სიცოცხლის დივერსიფიკაციამ გლობალურ გაგრილებამდე მიგვიყვანა, რასაც ასეთივე შედეგი მოჰყვა.
გოიმანის აზრით, მთავარი განსხვავება ჩვენსა და ამ "მკვლელ მცენარეებს" შორის ის ფაქტია, რომ მასობრივი გადაშენების გამოწვევა ადამიანს შეგნებულად შეუძლია. მეცნიერი ამბობს იმასაც, რომ შეიძლება თვითგანადგურების გზაზეც ვიდგეთ, გარდა იმისა, რომ დედამიწაზე მცხოვრებ სხვა არსებებს ვუქმნით საფრთხეს.
მსგავს მოსაზრებას გამოთქვამს რამდენიმე სხვა მეცნიერიც. მკვლევართა ნაწილი აღნიშნავს, რომ ადამიანის საქმიანობის გამო შეიძლება მეექვსე მასობრივი გადაშენების პროცესი უკვე დაწყებული იყოს, რის გამოც ყოველწლიურად უამრავი არსება იღუპება.
"ამრიგად, კოგნიტიური უნარების თვალსაზრისით შეიძლება ერთდროულად ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე სულელი არსებები ვართ, რაც კი დედამიწას ოდესმე უნახავს!", — აცხადებს გოიმანი.
მისი სტატია ჟურნალ Ethology-ში გამოქვეყნდა.


კომენტარები