მეცნიერებმა ნარჩენი ზეთი გადამუშავებად პლასტმასად აქციეს, რომელსაც გამორჩეული ძალა ახასიათებს: ზოგი ეს მასალა იმდენად გამძლეა, რომ მანქანის გათრევაც კი შეუძლია.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ნარჩენების მსგავსად გადამუშავება გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ძალიან ხელსაყრელია. ისიც საგულისხმოა, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 14 მილიარდი ლიტრი ზეთი იხარჯება. ნარჩენ ზეთს ხშირად ლუბრიკანტებისა და საწვავის მისაღებად იყენებენ, თუმცა უდიდეს ნაწილს მაინც ღვრიან ხოლმე. ახალი კვლევის ავტორებმა სწორედ ამის შეცვლა სცადეს.

ზეთი ცხიმოვან მჟავათა გრძელი ჯაჭვებისგან შედგება, რომლებიც გლიცერინის მოლეკულებთანაა შეკავშირებული. მეცნიერებმა ზეთის მოლეკულები ქიმიურად დაშალეს, შემდეგ კი სხვადასხვა რეაქციით უფრო მარტივ მოლეკულებად აქციეს.

მკვლევრებმა ალკოჰოლისა და ესტერის მოლეკულები შეაერთეს. ამით მათ პოლიესტერის სხვადასხვანაირი პლასტმასის სინთეზირება შეძლეს. ამის შემდეგ მეცნიერებმა პლასტმასის თვისებები გამოცადეს, მათ შორის დნობის ტემპერატურა და კრისტალურობა. აღმოჩნდა, რომ ეს პოლიმერები დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენს (LDPE) ჰგავს. ეს პლასტმასაა, რომელსაც ცელოფნებსა და შეფუთვებში ხშირად იყენებენ.

გარდა ამისა, პოლიესტერებს სიბლანტე ახასიათებდა. ეს იმის გამოა, რომ მათ პოლიმერებში არსებული ჟანგბადატომები სხვადასხვა მასალასთან ძლიერ ქიმიურ ბმებს ამყარებს. ეს თვისება LDPE-ს არ ახასიათებს, რადგან ეს უკანასკნელი ნახშირწყალბადია, ანუ იგი მხოლოდ ნახშირბადისა და წყალბადის ატომებისგან შედგება.

მკვლევრებმა პოლიმერის ძალა შემდეგნაირად გამოცადეს: მათ უჟანგავი ფოლადის 2 ფირფიტა ერთმანეთს დააწებეს. ისინი მიკრულები მაშინაც კი დარჩა, როცა 123 კგ.-იანი მასის ტვირთი მიამაგრეს. მომდევნო ექსპერიმენტში მეცნიერებმა ფირფიტებით აღმართზე ოთხკარიანი სედანი აათრიეს, თანაც წარმატებით.

კვლევის ავტორების განცხადებით, მათი მიგნება ნამდვილი მისწრება იქნება იმ ლამინატებისა და წებოს დასახვეწად, რომლებსაც შეფუთვების, ავტონაწილების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ელექტრონიკის დასამზადებლად იყენებენ.

პოლიესტერის პლასტმასა თავდაპირველ კომპონენტებად მარტივად გადაამუშავეს, შემდეგ კი ისევ პლასტმასად აქციეს. პლასტმასის თვისებები გადამუშავების რამდენიმე ციკლის შემდეგაც კი თითქმის უცვლელი დარჩა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ მიგნებას ეკომეგობრული მასალების განვითარების კუთხით დიდი პოტენციალი აქვს.

ახალი კვლევა გამოცემაში Journal of the American Chemical Society გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.