კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა TOI-561 b გამოიკვლიეს და მის გარშემო ატმოსფერო შენიშნეს.

TOI-561 b სუპერდედამიწაა, რომელიც თავისი ვარსკვლავის გარშემო თითო ბრუნს სულ რაღაც 10,56 საათს ანდომებს. ასტრონომებმა ამ ეგზოპლანეტის შესასწავლად NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი (JWST) გამოიყენეს.

პლანეტას უჩვეულო ატმოსფერული ხელწერა აღმოაჩნდა. ეს არსებულ მოსაზრებებს ეწინააღმდეგება იმაზე, თუ როგორ ვითარდება პატარა ულტრაცხელი ეგზოპლანეტები.

TOI-561 b დედამიწაზე დაახლოებით ორჯერ დიდია, თუმცა იგი ჩვენი პლანეტისგან ძალიან განსხვავდება. პირველ რიგში განსხვავდება იმით, რომ ის თავის ვარსკვლავთან ძალიან ახლოს მოძრაობს — იმ მანძილის დაახლოებით 1/40-ით, რომელიც მერკურისა და მზეს შორისაა.

როგორც აღვნიშნეთ, TOI-561 b-ზე წელიწადი სულ რაღაც 10,56 საათს გრძელდება. პლანეტის ერთი მხარე მუდმივად განათებულია.

ასტრონომები ელოდნენ, რომ ამდენად პატარა და ცხელი პლანეტა ატმოსფეროს ჩამოყალიბებიდან მალევე დაკარგავდა. მიუხედავად ამისა, მისი ატმოსფერო კვლავაც მთელია. სავარაუდოდ, პლანეტის დაბალი სიმკვრივეც ამ ფაქტით აიხსნება. როგორც მეცნიერები ამბობენ, TOI-561 b-ს რომ დედამიწის მსგავსი შედგენილობა ჰქონოდა, გაცილებით მკვრივი იქნებოდა.

გუნდმა ივარაუდა, რომ პლანეტის დაბალ სიმკვრივეს შეიძლება რკინის ბირთვის მცირე ზომა და მანტიის ქანების სიმსუბუქე განაპირობებდეს. ეს იდეა სრულიად ემთხვევა ვარსკვლავის ჩვენთვის ნაცნობ თვისებებს.

კვლევის ავტორი, იოანა ტესკე, ფიქრობს, რომ TOI-561 b, სავარაუდოდ, ჩვენი მზის სისტემის პლანეტებისგან განსხვავებულ ქიმიურ გარემოში წარმოიშვა. ეს შეიძლება იმის გაგებაში დაგვეხმაროს, თუ როგორ ყალიბდებოდა პლანეტები ადრეულ სამყაროში.

მეორე მხრივ, ეს დაკვირვებები მხოლოდ შიდა გეოლოგიური სტრუქტურით ვერ აიხსნებოდა. გუნდმა იეჭვა, რომ სქელი ატმოსფერო პლანეტას უფრო დიდსა და ნაკლებად მკვრივს აჩენდა.

მეცნიერებმა ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად JWST-ს NIRSpec ინსტრუმენტი გამოიყენეს. მისი მეშვეობით პლანეტის დღის მხარის ტემპერატურა მეორეული დაბნელების დროს გაზომეს. მეორეული დაბნელება მაშინ ხდება, როცა ეგზოპლანეტა თავისი ვარსკვლავის უკან ექცევა, რაც თავად პლანეტის სინათლეს დროებით აბნელებს. თუ ასტრონომები მთლიანი სისტემის (ვარსკვლავისა და პლანეტის) სინათლეს ორჯერ გაზომავენ (მაშინ, როცა პლანეტა ჩანს და მაშინ, როცა იგი არ ჩანს), ეგზოპლანეტის ტემპერატურასა და სხვა თვისებებსაც დაადგენენ.

ატმოსფეროს არმქონე პლანეტის ტემპერატურა 2700°C-ს აღწევს ხოლმე, თუმცა TOI-561 b-ის დღის მხარე 1760°C აღმოჩნდა, რაც სითბოს აქტიურ გადანაწილებაზე მიანიშნებს. მკვლევრებმა რამდენიმე შესაძლო ახსნა იპოვეს: მაგალითად, სითბოს შეიძლება მაგმის ოკეანე ამოძრავებდეს ან პლანეტას ატმოსფეროს მსგავსი ძალიან თხელი ფენა ჰქონდეს. მეორე მხრივ, მონაცემებს სრულყოფილად მაინც ვერცერთი ვარიანტი ვერ ხსნის.

ამის შემდეგ გუნდმა დაასკვნა, რომ ტემპერატურის კლება მხოლოდ ნამდვილი ატმოსფეროს არსებობით შეიძლება აიხსნას. სავარაუდოდ, დღის მხარეს ძლიერი ქარი აგრილებს, რომელსაც სითბო ღამის მხარეს გადააქვს. გარდა ამისა, აირი (მაგალითად, წყლის ორთქლი) სინათლეს მანამ შთანთქავს, სანამ ის ატმოსფეროდან გავა და ტელესკოპამდე მოაღწევს.

მეცნიერებმა ჯერაც არ იციან, როგორ ინარჩუნებს პლანეტა ატმოსფეროს ძლიერი გამოსხივების პირობებშიც კი. საინტერესოა, რომ გუნდი სისტემას 37 საათის განმავლობაში უწყვეტად აკვირდებოდა. ამასთანავე, ისინი საკითხის უფრო სიღრმისეულად გამოკვლევასაც გეგმავენ.

ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.