OpenAI-მ ახალი მოდელი გამოუშვა — როგორია და რას გვთავაზობს GPT-5.2
ფოტო: The Verge
OpenAI-მ, ChatGPT-ს შემქმნელმა კომპანიამ, 11 დეკემბერს GPT-5.2 გამოუშვა. როგორც კომპანია აცხადებს, მათ სურთ, რომ ახალმა მოდელმა ადამიანებს კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ღირებულება მოუტანოს.
GPT-5.2 სწრაფ, სააზროვნო და პროფესიონალურ მოდელებს მოიცავს. კომპანია GPT-5.2-ს "ყოველდღიური პროფესიული გამოყენებისთვის საუკეთესო მოდელს" უწოდებს. OpenAI-ის განცხადებით, GPT-5.2 ბევრად უკეთ ართმევს თავს სხვადასხვა საქმეს, იქნება ეს: ელექტრონული ცხრილების შექმნა, პრეზენტაციების აწყობა, კოდის დაწერა, გამოსახულებების აღქმა, ვრცელი კონტექსტების გაგება, ხელსაწყოების გამოყენება თუ რთულ, მრავალსაფეხურიან პროექტებთან გამკლავება.
OpenAI-ს კვლევის ვიცე-პრეზიდენტმა, ეიდენ კლარკმა, ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათმა გუნდმა იმუნოლოგიის მკვლევარს GPT-5.2 Pro-ზე მისცა წვდომა. მეცნიერმა მოდელს სთხოვა, იმუნური სისტემის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხგაუცემელი კითხვები დაეგენერირებინა. გუნდის განცხადებით, ახალმა მოდელმა მათ ბევრად მახვილგონივრული შეკითხვები და უკეთესი ახსნები შესთავაზა, ვიდრე სხვა მოწინავე მოდელებმა.
კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ GPT-5.2 ასევე უკეთესად წარმართავს ხელოვნური ინტელექტის აგენტების სამუშაო პროცესებს. OpenAI-ს მკვლევრის, მაქს შვარცერის, თქმით, ChatGPT-ის ერთ-ერთი მისია სწორედ ისაა, რომ საუკეთესო "პერსონალიზებული ასისტენტი" იყოს.
OpenAI-მ ისიც აღნიშნა, რომ ახალ სააზროვნო მოდელს წინამორბედებთან შედარებით "ნაკლები ჰალუცინაცია აქვს", ანუ იგი მეტად სანდოა.
საინტერესოა, რომ GPT-5.2 მისი წინამორბედის, GPT-5.1-ის, გამოშვებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში გამოვიდა. ეს უკანასკნელი ორიენტირებული იმაზე იყო, რომ ჩატბოტი უფრო თბილი და სასიამოვნო მოსაუბრე ყოფილიყო: მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ, ჩატბოტის სასაუბრო ტონი თავად აერჩიათ. ეს ნიუანსი GPT-5.2-ის შექმნის დროსაც გაითვალისწინეს.
როგორც ამბობენ, კომპანია გაისად ორი ახალი მოდელის ჩაშვებასაც გეგმავს. ერთ-ერთ მათგანს Garlic ერქმევა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა, გასულ კვირას აღნიშნა, რომ კომპანია ზოგ ინიციატივას გადაავადებს, რათა ChatGPT-ს დახვეწას მეტი დრო დაუთმონ.
GPT-5.2-ის ჩაშვებაზე ინფორმაცია იმავე დღეს გავრცელდა, რა დღესაც სიახლე OpenAI-სა და Disney-ის სალიცენზიო გარიგებაზე. მისი მიხედვით, მომხმარებლის მოთხოვნილი ისეთი ვიდეოები იქნება დაშვებული, რომლებიც Disney-ის, Marvel-ის, Pixar-ისა და Star Wars-ის 200-ზე მეტ პერსონაჟს ასახავს. გარიგებაში ისიც შედის, რომ Disney ამ ვიდეოებს Disney Plus-ზე დაამატებს. ამით ისინი OpenAI-ის ერთ-ერთი უმსხვილესი კლიენტი გახდებიან.
გარდა ამისა, OpenAI-მ ისიც განაცხადა, რომ ასაკის ამომცნობ მოდელზე დაიწყეს მუშაობა; ეს უკანასკნელი მომხმარებლის ასაკის პროგნოზირებას ეცდება, რათა არასრულწლოვანებთან ინტერაქციისას უსაფრთხოების გარკვეული ზომები ამოქმედდეს. სავარაუდოდ, ამ ფუნქციას 2026 წლის პირველ მეოთხედში უნდა ველოდეთ.
ახალი GPT-5.2 მოდელები 11 დეკემბრიდან გახდა ხელმისაწვდომი — თავიდან იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ფასიანი გეგმა აქვთ გააქტიურებული. GPT-5.1 მოდელი პრემიუმ პაკეტების მომხმარებლებისთვის "legacy models" მენიუდან იქნება ხელმისაწვდომი 3 თვის განმავლობაში მანამ, სანამ კომპანია მას საბოლოოდ არ წაშლის.
კომენტარები