სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Equality.ge-ზე.

სტუდენტი ვიყავი, როცა საკუთარი სექსუალური ორიენტაცია საბოლოოდ გავიაზრე. მიზეზთა და მიზეზთა გამო, უკვე ყველა პასუხი მქონდა, სექსუალურ, კულტურულ თუ რელიგიურ ჭრილში, ხოდა, წამითაც არ გამჭირვებია საკუთარი თავის მიღება. არ გამჭირვებია, რადგან არცერთი წამით არ მგონებია ჩემი თავი ავადმყოფი, ან ცოდვილი და, რაც მთავარია, არცერთი წამით არ მიფიქრია, რომ უნდა დამემალა საკუთარი თავი, საკუთარი სექსუალური იდენტობა. მაგრამ ვერ მიმიღეს სხვებმა, გარშემომყოფებმა, ბავშვობის მეგობრებმა, უახლოესმა ნაცნობებმა... ეტაპობრივად, ყველა მათგანი გაქრა ჩემი ცხოვრებიდან და დავრჩი სრულიად მარტო (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მეგობარს), გაავებულ ადამიანთა წინაშე, რომლებიც ღიად აფიქსირებდნენ, რომ ვერ მიტანდნენ, რომ სურდათ მოვმკვდარიყავი.

ერთმა მართლმადიდებელმა სასულიერო პირმა, მშობლიური ქალაქიდან, ისიც კი შემომითვალა, ჩოლოქს აქით არ გადმოვიდეს, თორემ ანაფორას გავიხდი და ჩავწიხლავო.

ვცხოვრობდი, ვმგზავრობდი და ვსწავლობდი ამ ადამიანებს შორის, ვუყურებდი მათ აგრესიულ, ზიზღიან, საუკეთესო შემთხვევაში კი დამცინავ სახეებს და თავს საშინლად ვგრძნობდი, რადგან შეუძლებელია მშვიდად ცხოვრება საზოგადოებაში, რომელიც შენდამი ამხელა სიძულვილითაა განმსჭვალული, მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობისგან განსხვავებულად გამოხატავ საკუთარ თავს, განსხვავებული სტილი გაქვს და განსხვავებულად გიყვარს.

"კეთილისმსურველებმა" გადაწყვიტეს, რომ სექსუალური ორიენტაცია მხოლოდ სექსია და ლოგინი, ამიტომ ხან აგრესიულად, ხან კი დაყვავებით, ჩემს გაჩუმებას ცდილობდნენ, მე კი არ გავჩუმდი. არ გავჩუმდი, რადგან მართალი ვიყავი, არ გავჩუმდი და დავზარალდი, (დაზარალდნენ ჩემი ოჯახის წევრებიც), თუმცა სახელმწიფომ დაზარებულად არ მცნო.

მეტიც, 2018 წლის 17 მაისს, სახალხოდ ნაცემი, ამ ქვეყნის უმრავლესობამ, აქით მცნო დამნაშავედ, მლანძღავდნენ და მაგინებდნენ, მაგდებდნენ საჯარო ტრანსპორტიდან, მიწყობდნენ სკანდალებს ქუჩაში, მემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, ვერ დავდიოდი უნივერსიტეტში, ვერ ვცხოვრობდი ჩემს ბინაში, ავიწროებდნენ ჩემი ოჯახის წევრებს, მამა სამსახურში ვერ დადიოდა, დედამ რამდენიმე დღეში ხუთი კილო დაიკლო, (გარდა იმ კანალიზაციისა, რასაც ჩემს გვერდზე კითხულობდა, პირად მიმოწერაში იმასაც კი სწერდნენ, როგორ უნდა მოეკლა თავი), ბებო ვერ მელაპარაკებოდა, რადგან ტირილს ვერ იკავებდა, პლუს ჩემი უფროსი და მცირეწლოვანი ძმების ბულინგი...

საბოლოოდ, იძულებული გავხდი ქვეყანა დამეტოვებინა.

ადამიანთა უმრავლესობას, რომლებიც ჰომოსექსუალებს წლიდან წლამდე, 17 მაისს თუ დაინახავენ, ან შოუებსა და ქალაქურ სკანდალებში აღმოაჩენენ, ვერაფრით გავაგებინე, რომ მიუღებლობა, დამცირება, დაცინვა, ფიზიკური შეხება და განადგურება, 17 მაისის თანამდევი კი არა, ლგბტ ადამიანების ყოველდღიურობაა.

მიუღებლობა, დამცირება, დაცინვა, ფიზიკური შეხება და განადგურება, 17 მაისის თანამდევი კი არა, ლგბტ ადამიანების ყოველდღიურობაა.

ნიქო გორგილაძე

უბრალოდ, აქციაზე მომხდარი სხვანაირი სიმწვავით საჯაროვდება, თორემ ჩემს მეგობრებს ისიც მოეხსენებათ, ამ აქციამდე კარგა ხნით ადრე, სადღაც იანვარ-თებერვალში, (ანუ მანამ სანამ ისე გამიცნობდნენ დედაქალაქში, რომ ერთი შეხედვით მიმხვდარიყვნენ, ვინ ვიყავი), როგორ დამხვდა სამი ბიჭი სამედიცინოს მეტროს ამოსასვლელთან და როგორ მცემეს, რადგან ჩემი საყურეების საფუძველზე "პიდარასტის დიაგნოზი" დამისვეს. კიბეზე ათამდე ადამიანი ადი-ჩამოდიოდა, მაგრამ არათუ არ ჩარეულა არცერთი მათგანი, იმათი გაქცევის შემდეგაც არ მოვუკითხივარ არავის, ისე ვეგდე ჩაკეცილი რამდენიმე წუთი.

ზოგჯერ, როცა ძალიანზე ძალიან მიჭირს ამ უცხო ქვეყანაში ყოფნა, ვფიქრობ, რა მოხდებოდა, საჯარო ქამინგაუთი რომ არ გამეკეთებინა, მით უფრო, რომ არაერთხელ მომისმენია სხვებისგან, ირიბად თუ პირდაპირ ნათქვამი (თუმცა კი უთქმელადაც ბევრჯერ მიგვრძნია), რომ ეს პროცესები მე გამოვიწვიე, რადგან "ვინც ჩუმად და თავისთვის არიან, მშვენივრად ცხოვრობენ!"

ხოდა, პირველკურსელი ნიქოქო მახსენდება, რომელსაც სრულიად შეეცვალა წარმოდგენები სამყაროზე, უარი თქვა რელიგიურობაზე, დაემსხვრა იდეალები, რაღაც სიახლე სჭირდებოდა, ხოდა, პეკინზე გაქანდა და წარბზე პირსინგი გაიკეთა. იმდღესვე, ავტობუსით უნიში რომ მიდიოდა, ვარაზისხევის ასახვევში, სამმა თანამგზავრმა ბიჭმა, როგორც კი შეამჩნია მისი პირსინგი, კარებზე ბრახუნი ატეხეს, "გააღეთ, ამ პიდარასტთან ერთად არ ვიმგზავრებთო!" (მაშინ ისიც კი არ მქონდა გათვიცნობიერებული ბოლომდე, რომ გეი ვიყავი).

ერთმა მართლმადიდებელმა სასულიერო პირმა, მშობლიური ქალაქიდან, ისიც კი შემომითვალა, ჩოლოქს აქით არ გადმოვიდეს, თორემ ანაფორას გავიხდი და ჩავწიხლავო.

ნიქო გორგილაძე

მთელი ავტობუსი მე მიყურებდა, მიწა მინდოდა გამსკდომოდა. შემდეგ, ვაგზლის მეტროთი სახლში მიმავალს, ვაგონიდანვე აეკიდა ვიღაც ბიჭი, რომელმაც მიწისქვეშამდე სდია და ყელზე დანა მიაბჯინა, "ახლავე მოიხსენი ეგ პიდარასტობა, თორემ ძვლებში დაგამტვრევ, შენი დედამოვტყანო". ნიქოქომ შიგ ცხვირპირში გადაუხარხარა, უთხრა, რომ ძალიან სასაცილო იყო, მოტრიალდა და გზა განაგრძო. ყოველთის ასეთი იყო ნიქოქო, - ყველაზე რთულ მომენტებში, ძალიან მამაცი. უკან მიყვებოდა დანიანი ბიჭი, ნიქოქომ მობილური მოიმარჯვა ხელში და სასწრაფო დახმარების ნომრის გახსენება სცადა, (ნერვიულობისას, ასეთი მარტივი რაღაცებიც ავიწყდება ადამიანს), ზურგში რომ დანა დამარტყას, მოვასწრო გამოძახებაო. შემდეგ, "ოქროს უბნის" (სადაც ვცხოვრობდი) ნაცვლად, სხვა გზით წავიდა, არ უნდოდა ბინის მისამართი გაეგო დანიან ბიჭს და ფლეთმეითი ბიჭები შარში გაეხვია.

სტუდენტობის ბოლო წელს, ჰეტერო ბიჭთან ერთად ვიცხოვრე. საერთო სამეგობრო გვყავდა, პლუს, ჩემი თანაქალაქელი იყო, ერთმანეთსაც გავუგეთ, ასე თუ ისე, ხოდა, შემომთავაზა, ერთად გვექირავა ბინა. ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება და საინტერესო გამოწვევა, მეშინოდა კიდეც (მეშინოდა, იმიტომ რომ, რაც ჩემი სექსუალური ორიენტაციის ამბავი საჯარო გახდა, (წლევანდელ 17 მაისამდეც მქონდა გაკეთებული ქამინგაუთი), ძალიან ხშირად მომხდარა ისე, რომ ჩემს ჰეტერო ნაცნობ/ჯგუფელ/თანაქალაქელ ბიჭებს თვალი აურიდებიათ ჩემთვის და "ნივიჟუ ჩაურტყამთ", მხოლოდ იმიტომ, რომ იმ მომენტში, ისეთ ტიპებთან ერთად იყვნენ, არ აწყობდათ იმის გაცხადება, რომ ჩემთან რაიმე აკავშირებდათ, ეს ხომ მათსავე "კაცობას" დააყენებდა ეჭვქვეშ, რადგან მკაცრად მასკულინურ გარემოში, ბიჭებს მუდმივად უწევთ საკუთარი კაცობის დემონსტრირება და პრეზენტაცია. ზოგჯერ, იმასაც ვერ ვხვდები, მე უფრო დიდი მსხვერპლი ვარ თუ ეგენი), არც მჯეროდა ბოლომდე, მეგონა, ერთ კვირაში, ან ერთ თვეში მეტყოდა, რომ ვეღარ ვიცხოვრებდით ერთად, მაგრამ, როგორც გითხარით, მთელი ერთი წელი ვიცხოვრეთ, სხვა საკითხია, რის ფასად.

მისმა უახლოესმა გარემოცვამ, თანდათან შეპარვით დაუწყო ვითომ რიტორიკული შეკითხვების დასმა: "შენც პიდარასტი ხარ?" "არ გეჩალიჩება?" "ღამე რო მოგახტეს და რამე?!" (სხვათა შორის, აქამდე ჰომოფობი დედამისი, 17 მაისის ამბების შემდეგ, ღიად გამოხატავდა ჩემდამი მხარდაჭერას და ეჩხუბებოდა, რატომ არ ხარ მის გვერდითო. ესეც, ცხადია, მისი მრავალჯერადი საუბრების შედეგია დედასთან). წლის ბოლოს, ზაფხულში, ზღვაზე ერთად ვსეირნობდით, რა დროსაც, ერთ-ერთმა თანაქალაქელმა ბიჭმა გვერდზე გაიყვანა და უთხრა, რომ არ ეკადრებოდა ჩემთან მეგობრობა, ჩემთან ერთად ყოფნა.

ცოტა ხნის წინ მომწერა, რომ თურმე, მთელი ორი თვის განმავლობაში, დასცინოდა ის ბიჭი და პიდარასტს ეძახდა, ეს არ აქცევდა ყურადღებას, ეუბნებოდა, შემეშვიო, არ უნდოდა სიტუაციის გამწვავება. ამას წინათ, ზღვაში რომ ჩადიოდა, მიუვარდა ის და "შენც ტრაკში ტყნაურობო?". რომ უთხრა, შემეშვი, არ მინდა რამე დაგიშავოო, ის უფრო გაგულისდა და ხელი ჰკრა, "შენ ვის რა უნდა უთხრა, პიდარასტოო". საბოლოოდ, გადაეკეტა ამ ჩემს მეგობარს და ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან, სანამ ჩაახრჩობდა ზღვაში. მას შემდეგ, უბატონოდ ხმას აღარ სცემს. ხვდებით, ეს რას ნიშნავს? თუ არ იძალადე ამათზე, თუ არ დაანახე, რომ "ნაზი პიდარასტი" კი არა, მათზე მაგარი ბიჭი ხარ, მათზე ძლიერიც და თუ საჭირო გახდა, მათზე უკეთ შეგიძლია ძალადობა და მათზე უფრო დიდყლიანი ხარ, არ შეგეშვებიან!

არ ვიცი, რა განცდას გიტოვებთ მსგავსი ისტორიები, მაგრამ ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია, ყველანაირი პათეტიკის გარეშე, ამიტომაც დავტოვე ეგ სიკვდილის ქვეყანა, მკვდარი საზოგადოება, რომელთან ერთად თანაცხოვრება კი არა, თანასუნთქვაც წარმოუდგენელი იყო და არის ჩემთვის. განა იმიტომ, რომ კაი ტიპის როლს ვთავამაშობდი, განა იმიტომ, რომ ფიზიკურად სუსტი ვარ და არ შემეძლო საპასუხო რეაქცია მქონოდა, უბრალოდ, ვერ შევიძულე ვერცერთი მოძალადე და არანაირი აგრესია არ მქონია და არ მაქვს მათ მიმართ, სახეებიც კი არ მახსოვს მათი და არასდროს მნდომია მათთვის რაიმეს დამტკიცება და "აბაროტის აღება" და იდეაშიც კი არ შემეძლო ამისგან სიამოვნების მიღება. ასეთი ვარ. ეს არც კარგია, არც ცუდი.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს, როცა იგებ, რომ შენს მეგობრებს მხოლოდ იმიტომ უფუჭდებათ ოჯახის წევრებთან ურიერთობა, რომ შენთან მეგობრობენ და 17 მაისს ნაცემი საავადმყოფოში გინახულეს. აი, ამ საზოგადოების ნაწილი ხართ - ისტორიულად ტოლერანტისა და ტრადიციულად ქრისტიანულის. ეს მხოლოდ ნაწილია, ძალიან მსუბუქი ნაწილი (თუ შეიძლება ასე ითქვას). ვერ ვწერ ბევრ რამეს. და ამის ფონზე, "რადიკალური ხარო", რომ მიწერთ მშვიდობის მტრედები, მართლა ყვავი მგონია თავი. თუმცა არ მიკვირს, ჩემმა ყველაზე ძვირფასმა ადამიანმა და ყველაზე დიდმა მეგობარმა ჩემს ცხოვრებაში, მთელი 10 წელი რომ ღმერთკაცად მიმაჩნდა, 19 მაისს დამირეკა და სატელეფონო საუბარი ასე დასრულა: შენი ბრალია, რომ გცემეს, არ გასულიყავი აქციაზე და არ გცემდნენო.

....

ხანდახან, ისე ძალიან მინდა, რომ ეს საშინელი წარსული ერთიანად წავშალო, ძილის წინ არ გამახსენდეს, არასდროს არ მომაგონდეს... ამიტომაც ვწერ, მგონია განვთავისუფლდები, მაგრამ არა და არ ილევა.

ვიღაცები იმაზეც მიმითითებენ, რომ საკმარისია ამდენი დრამატიზება. ჭკუას მასწავლიან, დროის განაწილებაზე ზრუნავენ, მომავალს მიგეგმავენ, საკუთარი თავის პოვნაში მეხმარებიან, უსაქმურ და გზააბნეულ პიდარასტს:)) არა, მეგობრებო, ეს ზღვაში წვეთია. კიდევ ბევრს დავწერ და ვილაპარაკებ, თქვენ თქვენი გეწვით, გასაგებია, (და ეგ ვერ აგიტანიათ, როცა თქვენს ირგვლივ, თქვენი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, თანამშრობლები თუ მეზობლები, ადამიანთა არც თუ მცირე ნაწილს უმიზეზოდ უქცევენ ჯოჯოხეთად ისედაც მძიმე ყოველდღიურობას), უნდა აგეწვათ კიდეც, უფრო ძალიან, ძალიანზე ძალიან, მხოლოდ საკუთარ ტრაკსა და კომფორტზე რომ აღარ იფიქროთ, ცვლილებების სურვილი რომ გაგიჩნდეთ.

ჯერ კიდევ ეს ამბებია ჩემი დღეები და ღამეები, ჩემი ფიქრები და სიზმრები. ვოცნებობ, განვთავისუფლდე. ვოცნებობ არა, მინდა. და მივაღწევ კიდეც. იმიტომ რომ, ნიქოქოს დავპირდი, აუცილებლად, აუცილებლად, აუცილებლად ვაცხოვრებდი ადამიანურად, თუნდაც მცირე ხნით, რომ აკუტაგავას მსგავსად, ერთხელაც, მეც შევძლო თქმა:

"რა კარგად აეწყო ყველაფერი, რიუნოსკე.
რა კარგი დღეა ხარაკირისთვის"...

ამ ტექსტს არ ვწერ ჰეტერო ქართველებში ემპათიისა და თანგრძნობის გასაღვივებლად, ვწერ სიკვდილის პირას მყოფი, ცირკის წინ მდგომი , გარიყული, დამცირებული, ნაცემი, ყველასგან უარყოფილი და მიტოვებული ტრანსგენდერებისთვის, ვწერ ლატენტური ჰომოსექსუალებისთვის, სოფლებში მცხოვრები გეებისთვის, ბულინგის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის, რომ გაძლიერდეთ, ქვიარებო, არასდროს დაიდანაშაულოთ და შეიძულოთ საკუთარი თავი, თუნდაც მთელმა ქვეყანამ მოგიძულოთ. ისტორიისთვის ათწლეულები არაფერი დროა, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ მწარედ ინანებენ ამ უგვანო, არაჰუმანურ და უღმერთო პოზიციას.

მანამდე კი, ნუ შეგეშინდებათ სიყვარულის, გეშინოდეთ მათი, ვინც ღმერთის სახელით ადამიანების სიძულვილს ქადაგებენ, სიძულვილი და ადამიანთა სტიგმატიზაცია, პირდაპირია ის თუ ირიბი, ანტიქრისტიანული და ანტიჰუმანურია. თავად იესო ქრისტე, ვისი სახელითაც ძალადობისკენ მოუწოდებენ უმრავლესობას, თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება იყო უმცირესობაში და იბრძოლო გაბატონებული შეხედულებებისა და ტრადიციების წინააღმდეგ, თუკი ამ უკანასკნელთ ადამიანზე მაღლა აყენებენ, რადგან ქრისტემ ნებისმიერ დოგმასა და ტრადიციაზე მაღლა ადამიანი დააყენა და ინდივიდი გახადა სიყვარულისა და აბსოლუტური ყურადღების საგანი, ასე რომ, გიყვარდეთ გიჟურად, გიყვარდეთ იმაზე მეტად, ვიდრე შეგიძლიათ და თუ გეტყვიან, რომ ეს ცოდვაა, შეიყვარეთ თქვენი ცოდვა და უცოდველი გახდებით.

სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან!