5 ევროპული ქალაქი, სადაც მოგზაურობა იაფი დაგიჯდებათ
გამგზავრებამდე მთავარი პრიორიტეტი ბიუჯეტის სწორად განაწილებაა. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება სწორი ადგილის შერჩევა, რათა მოგზაურობა უფრო სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იყოს. არავის სურს, რომ უცხო ქვეყნიდან ჩამოსვლის შემდეგ თვეების განმავლობაში სესხის გადახდა მოუწიოს, ამიტომ ყველაფერი გასათვალისწინებელია - რამდენად იაფია ჰოსტელში ერთი ღამით დარჩენა? მაღაზიაში უფრო ძვირი ღირს საჭმელი თუ სწრაფი კვების ობიექტებში? ავტობუსით სიარული სჯობს თუ მეტროთი?
მოკლედ, ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული. ვიზალიბერალიზაციამ უკვე დაანგრია წარმოდგენა, რომ თითქოს ევროპაში მოგზაურობა განსაკუთრებულად ძვირი ჯდება, თუმცა ყველაფერი მაინც შედარებითია. ჩვენ გთავაზობთ 5 ევროპულ ქალაქს, რომელიც გამოირჩევა თავისი ისტორიით, სილამაზითა და კულტურით და ამავდროულად, ძალიან იაფია.
1. ვილნიუსი, ლიტვა
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქალაქი ვილნიუსია, რომელშიც უამრავი გასართობი და კულტურული ადგილის პოვნა შეიძლება. ლიტვის დედაქალაქში მოგზაურობას თუ გადაწყვეტთ, ბიუჯეტის გაბერვა დიდად არ მოგიწევთ, რადგან ამ ქალაქში ჰოსტელების ფასები საშუალოდ 8 ევროდან იწყება. რა თქმა უნდა, გააჩნია, თქვენ რა მოთხოვნები გაქვთ, მაგრამ საშუალო სტატისტიკური მოგზაური უკმაყოფილო არ დარჩება.
გარდა ამისა, პროდუქტების ფასები მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში ძალიან დაბალი ნიშნულიდან იწყება. თქვენ შესაძლოა შეიძინოთ სოსისების შეკვრა, კვერცხი, კარტოფილი და გაზიანი სასმელი, სანაცვლოდ კი 5-დან 8 ევრომდე გადაიხადოთ. ავტობუსით მგზავრობის ფასი 1 ევროა, ხოლო მეტრო ამ ქალაქში არ არსებობს. ვილნიუსი იმდენად პატარა ქალაქია, რომ შეგიძლიათ ველოსიპედი იქირავოთ და რამდენიმე საათში ყოველი კუთხე და კუნჭული შემოიაროთ.
სხვათაშორის, ვილნიუსში ერთი საინტერესო ადგილია, რომელსაც უჟუპის რესპუბლიკა ჰქვია. ამ ადგილას ძირითადად ხელოვანები ცხოვრობენ, რაც ესთეტიკითაც მარტივად შესამჩნევია. უჟუპის რესპუბლიკას თავისი დროშა, გერბი და კონსტიტუცია აქვს, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ენაზეა ნათაგრმნი. ეს კონსტიტუცია ერთ ფორმატზეა დაწერილი და მისი ნიმუში "რესპუბლიკის" საზღვარზეა გამოკრული, მათ შორის ქართულ ენაზეც.
კონსტიტუციაში წერია:
- ადამიანს აქვს სიკვდილის უფლება, ოღონდ ეს არაა მისი ვალი;
- ადამიანს აქვს უფლება, იყოს ერთადერთი;
- ადამიანს აქვს უფლება, გაიგოს;
- ადამიანს აქვს უფლება, ვერაფერიც ვერ გაიგოს და სხვ.
ვილნიუსში შეგიძლიათ უამრავი სტუდენტური და ახალგაზრდული კლუბები, ბარები და კაფეები იპოვნოთ. კარგად რომ წაიხემსებთ, სასეირნოდ ცენტრალურ პარკში გახვიდეთ, შემდეგ კი გედემინოს ციხესიმაგრიდან ქალაქის ხედს გადმოხედოთ.
ჩვენ გირჩევთ, რომ ვილნიუსს გაზაფხულსა და ზაფხულში ესტუმროთ, რადგან ბალტიისპირეთში ზამთარი განსაკუთრებულად მკაცრია.
ლიტვის დედაქალაქში გამგზავრება ქუთაისიდან Wizz Air-ის რეისით შეგიძლიათ. ბილეთის ფასი 74.95 ლარიდან იწყება.
2. ბუდაპეშტი, უნგრეთი
ბუდაპეშტი ის ქალაქია, სადაც შეგიძლიათ ერთ წუთას თერმულ აბანოებში ისვენებდეთ, მეორე წუთს კლუბში შეირბინოთ და მესამე წუთს ისევ თერმულ აბანოებს დაუბრუნდეთ. ამ ქალაქში ყველაფერი იმგვარდაა დაგეგმილი, რომ მაცხოვრებლებმა და ტურისტებმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ. დაწყებული სატრასპორტო გზებით და დამთავრებული კაფეებისა და ბარების განლაგებით, ბუდაპეშტი ჰარმონიული მუსიკასავით დალაგებული ევროპული ქალაქია.
რაც მთავარია, ამ ქალაქში სტუმრობა ვალებისა და კრედიტების ფასად არ დაგიჯდებათ. თქვენ შეგიძლიათ ტური ისე დაგეგმოთ, რამდენის საშუალებასაც ბიუჯეტი გაძლევთ. ქალაქში ჰოსტელებში ადგილის პოვნა უპრობლემოდ შეიძლება, ერთი ადგილის საწყისი ფასი კი საშუალოდ 10-12 ევროა. რაც შეეხება კვებას, ბუდაპეშტში პროდუქტების ფასები არც ძალიან იაფია და არც ძვირი. ყველაზე იაფად, საკვების შეძენა ბუდაპეშტის ბაზარში შეიძლება, სადაც ხილი, რძის ნაწარმი, ხორცი, ბოსტნეული და ერთი სიტყვით, ყველაფერი იყიდება.
ქალაქში უამრავი ღირშესანიშნაობების ნახვა შეიძლება. მათ შორისაა მეთევზეთა ბასტიონი, მდინარე დუნაი, ფუნიკულიორი, თერმული აბანოები, ბუდას ტაძარი და სხვ. ბუდაპეშტში სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდი გაზაფხული და შემოდგომაა, რადგან ამ დროს ქალაქი ტურისტებით გადატვირთული არაა, ამინდები კი იდეალურია.
უნგრეთის დედაქალაქში გამგზავრება ქუთაისიდან, Wizz Air-ის რეისით შეგიძლიათ. ბილეთის ფასი 64.99 ლარიდან იწყება.
3. ბარსელონა, ესპანეთი
თუკი ფიქრობთ, რომ კატალონიური ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობა მისი საფეხბურთო კლუბია, ცდებით. მოგზაურებისთვის ბარსელონას ყველაზე დიდი ხიბლი დაბალი ფასები და კომფორტული დასვენების შესაძლებლობაა. მნიშვნელობა არ აქვს, ფეხით სიარულის მოყვარული ხართ თუ მანქანით, ცურვა გირჩევნიათ თუ ხელბურთის თამაში, ზღვის პროდუქტები გიყვართ თუ ცომეული - ბარსელონა თქვენს სურვილებს აუცილებლად დააკმაყოფილებს.
მოგზაურები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბარსელონაში დასვენება ძალიან ხელმისაწვდომია. მაგალითად, კაფეებისა და რესტორნების პოვნა ამ ქალაქის ყოველ კუთხეში შეიძლება და ფასებიც ისეთია, ვერაფერს დაუწუნებთ. შუადღეს 7-დან 20 ევრომდე თუ დახარჯავთ კვებაში, შესაძლოა ყველაზე გამორჩეული კერძებიც დააგემოვნოთ. უფრო ნაკლებ ფასში სენდვიჩებითა და ბურგერებითაც გაიტანთ თავს, მაგრამ საშუალოდ მაინც 7 ევრო უნდა დაიანგარიშოთ. მაღაზიებში პროდუქტების ფასები მერყევია და ერთი სადილის მოსამზადებლად საშუალოდ 10-15 ევრო დაგჭირდებათ.
რაც შეეხება ტრანსპორტს, ავტობუსის ფასი 2.20 ევროა, თუმცა ამ ქალაქში რაიმე სახის ტრანსპორტით გადაადგილება უამრავ სანახაობას გამოგატოვებინებთ. სჯობს, ფეხით იაროთ. მით უმეტეს, რომ ქალაქი სწორედ ქვეითებზეა მორგებული.
ღირშესანიშნაობების ნახვა და გართობა ბარსელონაში მცირე ხელგაშლილობას მოითხოვს, თუმცა არც იმდენად, რომ დაგენანოთ. ფეხბურთი თუ გიყვართ, შეგიძლიათ კამპ ნოუს ტური 25 ევროდ იყიდოთ, რაც გიდის თანხლებით მუზეუმის დათვალიერებას, მოედანზე გასვლას, ტრიბუნებზე დაჯდომას და ფეხბურთელების გასახდელში შესვლას გულისხმობს. სხვა ღირშესანიშნაობების სიაში აუცილებლად გაითვალისწინეთ Sagrada Familia - ტაძარი, რომელიც ანტონი გაუდიმ მეცხრამეტე საუკუნეში ააგო, თუმცა ბოლომდე ვერ დაასრულა. მისი მშენებლობა 135 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
ბოლოს გეტყვით, რომ ბარსელონაში ფასდაკლებებისა და სხვა ბენეფიტების მისაღებად, Barcelona Card უნდა შეიძინოთ. ამ ბარათის მფლობელებს შეუძლიათ უფასოდ მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რესტორნებსა და 25 სხვადასხვა მუზეუმში ფასდაკლებით შესვლა და სხვ.
ქუთაისიდან გაფრენას თუ გადაწყვეტთ, ბილეთის ფასი 166.99 ლარიდან იწყება.
4. ბერლინი, გერმანია
ბერლინი ქართველი (და არამარტო) მოგზაურების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქია, რასაც თავისი ახსნა აქვს. პირველ რიგში, გერმანული ქალაქი მოგზაურებს თავისი ურბანული კულტურით, ღამის კლუბებითა და თავისუფლებით იზიდავს, თუმცა ამ ყველაფრის პოვნა სხვაგანაც არის შესაძლებელი. მთავარი საიდუმლო ალბათ ისაა, რომ ბერლინი ძალიან იაფი ქალაქია მათთვის, ვინც შეზღუდული ბიუჯეტით მიემგზავრება ევროპაში.
კვება ამ ქალაქში პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს - თუკი თბილისში ახერხებთ, რომ ნორმალურად იკვებოთ და არც კაფეებსა და რესტორნებში აკლებთ ვიზიტს, მაშინ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ბერლინში იმავე ბიუჯეტით არანაკლებ კერძებს დააგემოვნებთ. ქალაქში არაერთი ახალგაზრდული კაფეა, რომელშიც ბურგერები, სენდვიჩები და გერმანული კერძები ძალიან იაფი ღირს. ლუდის მოყვარულებისთვის კი, ეს ქალაქი ნამდვილი მიგნებაა. ქუჩის საკვებიც ძალიან გემრიელია და კაფეს სტანდარტებს არაფრით ჩამოუვარდება.
ბერლინის კულტურული მხარე დიდ ყურადღებას იმსახურებს. ეს არის ქალაქი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფაქტობრივად ახლიდან შეიქმნა. მიწასთან გასწორებულმა ბერლინმა ახალი ცხოვრება დაიწყო, თუმცა თავისი წარსული არ დაუკარგავს. ბრანდერბურგის კარიბჭე მთლიანად აღდგა, ისევე როგორც რაიხსტაგის შენობა და ქალაქის მთავარი კათედრალი. გარდა ამისა, ბერლინში ცივი ომის მთავარი სიმბოლო, ბერლინის კედელი, აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაშია, რომ აღარაფერი ვთქვათ ჰოლოკოსტის მემორიალზე.
ბერლინის შესახებ ჩვენ უკვე მოგიყევით ჩვენს სტატიაში, რომელსაც შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.
5. ათენი, საბერძნეთი
ანტიკური სამყაროს მოყვარულებისთვის კარგი ამბავი გვაქვს. ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი მთავარი მექა, ათენი იაფი ქალაქების სიაშია. საბერძნეთში მოგზაურობა და ათენის ღირშესანიშნაობების დათვალიერება განსაკუთრებულად დიდ ბიუჯეტს არ მოითხოვს.
მაგალითისთვის, ათენში ყოველდღიური კვების ხარჯი 15-დან 20 ევრომდე მერყეობს, რაც მოიცავს ბერძნული კერძებს, სწრაფი კვების პროდუქტებს და სხვ. გარდა ამისა, თქვენ 40 ევროს ფარგლებში შეგიძლიათ ორი ადამიანისთვის ვახშამი შეუკვეთოთ, რომელშიც შედის აპეტაიზერი, მთავარი კერძი და დესერტი. რაც შეეხება მაღაზიის ფასებს, ათენში სურსათის ფასი საკმაოდ დაბალია. ჩვეულებრივ სუპერმარკეტში 12 ცალს კვერცხს 3 ევროდ იყიდით, ლუდს 1.5 ევროდ, ქათმის მკერდს (1კგ) 8 ევროდ და ა.შ.
ტრანსპორტი საშუალო ევროპულ ფასს არ სცდება. ავტობუსით ერთ გზაზე მგზავრობა 1.4 ევრო დაგიჯდებათ, თუმცა შესაძლებლობა გაქვთ, რომ ერთკვირიანი ან ერთთვიანი აბონემენტი შეიძინოთ და ფასში დიდ განსხვავებას იგრძნობთ.
ათენის ისტორიაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა ჩვენ გეტყვით აუცილებლად მოსანახულებელ ადგილებს. ასეთია უძველესი აკროპოლისი და მისი მუზეუმი, პართენონი, პლაკა, ათენის ცენტრალური ბაზრობა - აგორა, ბენაკის ბერძნული კულტურის მუზეუმი, ამფითეატრი და სხვ. ეს სია ცალსახად მიგანიშნებთ, რომ ათენში ღირშესანიშნაობების მთელი ნუსხაა, რომელიც შესაძლოა ერთი ვიზიტით ვერც ამოწუროთ.
საქართველოდან ათენში გამგზავრება ძალიან მარტივი და იაფია. ქუთაისიდან Wizz-air-ის დახმარებით ათენში 74.99 ლარად მოხვდებით.
კომენტარები