ვინ იყო კერუაკის რომანის გმირი "მექსიკელი ტერი" სინამდვილეში და რატომაა ის მნიშვნელოვანი?
1947 წელს, მექსიკელი ტერი და სალ ფერედაიზი ავტობუსში შეხვდებიან და ერთმანეთი მოეწონებათ. ტერი ქმრისგან ძალადობის მსხვერპლია, რომელიც სახლიდან გამოიქცა, თავისი შვილი კი დროებით მშობლებს დაუტოვა. სალი და ტერი მოგზაურობას ერთად აგრძელებენ, ცდილობენ სამსახური იშოვნონ, რათა გზის გაგრძელება შეძლონ, მაგრამ ყოველი მცდელობა წარუმატებლად სრულდება, სანამ წყვილი ტერის მშობლიურ სოფელში არ მოხვდება. მათი სიყვარულის ამბავი კერუაკის რომანში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური მონაკვეთია, თუმცა ამ ისტორიას საუკეთესო დასასრულო ნამდვილად არ აქვს.
ყველას, ვისაც ჯეკ კერუაკის "გზაზე" წაუკითხავს, ეცოდინება, რომ რომანი რეალურ ისტორიაზეა დაწერილი და მასში აღწერილი თავგადასავალი რომანის ავტორსა და მის მეგობრებს გადახდათ თავს. წიგნში უამრავი სახასიათო პერსონაჟია, რომელთა ამოცნობა ხშირად მარტივი, უფრო ხშირად კი ძალიან რთულია.
რომანის ერთ-ერთი გმირი, რომელიც "გზაზეს" პირველი თავის მიწურულს ჩნდება, განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს. საუბარია მექსიკელ გოგოზე, ახალგაზრდა ლამაზმან ტერიზე, რომელმაც ჯეკ კერუაკის გული დაიპყრო. თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ტერი რომანში მაშინ ჩნდება, როცა სალ ფერედაიზი (ჯეკ კერუაკის პროტოტიპი), სან-ფრანცისკოდან ნიუ-იორკის გზას ადგება.
რატომ არის "მექსიკელი ტერი" მნიშვნელოვანი პერსონაჟი კერუაკის შემოქმედებაში?
ეს ამბავი არაერთი ხელოვანისა და მკვლევარის შთაგონების წყარო გამხდარა, მათ შორის თავად ჯეკ კერუაკისაც. კერუაკმა "გზაზე" 1951 წელს, რეკორდულად მცირე დროში, სამ კვირაში დაწერა. მოგონებები იმდენად ახალი იყო, რომ კერუაკს ერთი სული ჰქონდა ყველაფერი ფურცელზე გადმოეტანა. მიუხედავად ამისა, რომანი პირველად 1957 წელს გამოქვეყნდა. ექვსი წლის განმავლობაში კერუაკს ტრანსკრიპტი ხელით დაჰქონდა და ყველა შემხვედრს აჩვენებდა, თუმცა ლიტერატურულ ბაზარზე რომანს კარი სწორედ "მექსიკელი ტერის" ამბავმა გაუხსნა. საერთოდაც, "გზაზეს" მთავარი შთაგონების წყარო სწორედ ეს უცნაური ქალი იყო, რომელიც მოჩვენებასავით გამოჩნდა და შემდეგ მოულოდნელად გაქრა.
მთავარი კითხვა კი ისაა, როგორ გაგრძელდა მათი ისტორია მომავალში? ვინ იყო სინამდვილეში მექსიკელი ტერი?
ბეატრის რენტერია-კოზერა - მექსიკელი ტერის პროტოტიპი
"მექსიკელი ტერის" ნამდვილი სახელი და გვარი ბეატრის რენტერია-კოზერაა, რომელიც 1920 წელს ლოს-ანჯელესში დაიბადა. ჩვენ არაფერი გვეცოდინებოდა მის შესახებ, რომ არა ჯეკ კერუაკის რომანში მისი ბიოგრაფიული დეტალების გაელვება. კერუაკმა რომანში "გზაზე" დეტალურად აღწერა ის მარშუტი, რომელიც ბეატრისმა გამოიარა და მისი პირადი ცხოვრების დეტალებიც ხელის გულზე გადმოგვილაგა.
"მექსიკელი ტერი" მკითხველს იმდენად შეუყვარდა, რომ კერუაკის სიცოცხლეშიც და მისი გარდაცვალების შემდეგაც, უამრავი კითხვა ჩნდებოდა - ვინ იყო ლურჯ თვალება, მიმზიდველი გოგო, რომელმაც მწერალთან ერთად 15 დღე გაატარა?
მექსიკელი ტერის ვინაობის გარკვევა ამერიკელმა მწერალმა და პოეტმა, ტიმ ჰერნანდესმა 2008 წელს დაიწყო. არაერთი მასალის შესწავლისა და ორ წლიანი ძიების შემდეგ "გზაზეს" ერთ-ერთ მთავარ გმირს კალიფორნიის პატარა ქალაქში, ფრესნოში მიაგნო.
პირველი, რაც მწერალმა შენიშნა, ქალის მწვანე თვალები იყო, რომელსაც კერუაკი ლურჯად აღწერდა. ბეატრისი გაოცებული ყოფილა ტიმთან შეხვედრით, ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა. როცა ამერიკელი მწერისგან შეიტყო, რომ ბეატრისი მეოცე საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი იყო, ვერაფრით დაიჯერა.
"მაშინ, როდესაც ბეატრისი ერთი ჩვეულებრივი ფერმერი გოგო იყო, რომელიც ქმარს ძალადობის გამო გამოექცა, ახალგაზრდა მამაკაცს გადაეყარა. ბეას წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენს მიაღწია კერუაკმა და რამხელა დამსახურება აქვს მას", - იხსენებს ტიმ ჰერნანდესი.
ბეატრისმა კერუაკის სახელი რთულად გაიხსენა. "ჯეკი თუ ჯონი? ზუსტად არ მახსოვს", - ამბობდა ის, მაგრამ როდესაც ფოტოს დახედა, სახე გაუბრწყინდა. ფოტო თავისი შვილებისთვის უჩვენებია და უკითხავს: "ძალიან სიმპატიურია, არა?!"
ბეატრის კოზერამ მთელი ცხოვრება ფერმერობას მიუძღვნა და საოჯახო მეურნეობას მართავდა. ტიმთან შეხვედრისას მისი და კერუაკის ისტორია გაიხსენა, რომელიც ჰერნანდესმა მოგვიანებით წიგნში "Manana Means Heaven" გადმოიტანა. მწერალმა "მექსიკელ ტერის" უამბო, რომ ის კერუაკის 20-მდე ბიოგრაფიულ წიგნშია მოხსენიებული და რომ ბეატრისი გახდა ბიტნიკების ერთ-ერთი მთავარი წევრის წარმატების საწინდარი.
"კი მაგრამ, რატომ? მე ხომ არც თუ ისე საინტერესო ცხოვრება მქონდა?", - ასეთი იყო კოზერას რეაქცია ტიმის ნაამბობზე.
კერუაკის შესახებ არც ბეატრისის შვილებს სმენიათ. ფრანკო, რომელიც კერუაკს პირადადაც შეხვედრია და რომანშიც არის მოხსენიებული, ამბობს, რომ წიგნების კითხვა არ უყვარს, თუმცა ამ ისტორიით აღფრთოვანებულია.
უოლტერ სალესისა და ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმი
"მექსიკელი ტერისა" და კერუაკის სიყვარულის ისტორია გახდა დიდი რეჟისორის, ფრენსის კოპოლას შთაგონების წყაროც. ის 2012 წელს კერუაკის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმის პროდიუსერი იყო, რომელშიც ტერის როლს ელის ბრაგა ასრულებს. მასთან ერთად ფილმში მონაწილეობენ კრისტენ სტიუარტი, ეიმი ადამსი, სემ რაილი და სხვ.
ბეა კერუაკთან მოკლე სასიყვარულო ისტორიის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ლეროი კოზერას შეხვდა, რომელიც 1963 წელს მისი ქმარი გახდა. ლეროი კოზერა 2004 წელს გარდაიცვალა, ხოლო ბეატრის კოზერა 2013 წელს, ტიმ ჰერნანდესის წიგნის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე.
კომენტარები