მსოფლიო სენატორ ჯონ მაკკეინს ემშვიდობება
ოჯახის წევრები, მეგობრები, ყოფილი პრეზიდენტები, პოლიტიკოსები რესპუბლიკურ სენატორს, ჯონ მაკკეინს გამოემშვიდობნენ. ცერემონია აშშ-ს ეროვნულ კათედრალში დილის 10 საათიდან მიმდინარეობდა.
სამგლოვიარო პროცესია კაპიტოლიუმიდან დაიძრა და სენატორის ცხედარი კათედრალში გადმოასვენეს. პროცესია ცოტა ხნით ვიეტნამის ომის მემორიალთან შეჩერდა, სადაც ამ ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს.
სენატორ მაკკეინის ხსოვნის ღონისძიებას, თითქმის, მთელი პოლიტიკური ელიტა ესწრება, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გარდა.
თავად სენატორმა ითხოვა, რომ მის დაკრძალვაზე მომხსენებლებად ყოფილი პრეზიდენტები - ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა ყოფილიყვნენ.
მაკკეინის გამოსამშვიდობებელი ცერემონია მისმა შვილმა, მეგან მაკკეინმა გახსნა სიტყვებით "მამა წავიდა":
"მე ვარ აქ, რომ გითხრათ სიტყვები, რომლის თქმაც არასდროს მინდოდა, მე არასდროს მინდოდა განმეცადა რას ნიშნავს დანაკარგის გრძნობა. მამა წავიდა. ჩვენ ვგლოვობთ დიდი ამერიკელის გარდაცვალება. ესაა რეალობაა და არა რიტორიკა კაცზე, რომელსაც მსხვერპლი არასდროს გაუღია, ცხოვრობდა კომფორტში და სარგებლობდა პრივილეგიებით, არამედ ის იყო კაცი, რომელიც იმსახურა ღირსეულად.
ჯონ მაკკეინის ამერიკა, დიახ არის ვიეტნამის ამერიკა, ბრძოლა ბრძოლისთვის, თუნდაც ყველაზე საშინელ გარემოში, თუნდაც მსოფლიო ყველაზე შორეულ, მტრულ კუთხეში, თუნდაც სხვა ადამიანებისთვის სიცოცხლისთვის და თავისუფლებისთვის სხვა მიწაზე. ჯონ მაკკეინის ამერიკა არის დიდებული. მას აქვს რესურსი, სანდოობა, უსაფრთხოება. ის იაზრებს თავის პასუხისმგებლობებს. ლაპარაკობს მშვიდად, რადგან ძლიერია. ჯონ მაკკეინის ამერიკას არ სჭირდება იყოს დიდებული კვლავ, რადგან ამერიკა მუდმივად ასეთი იყო".
ჯონ მაკკეინს გამოემშვიდობა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც კონკურენციას არჩევნების დროს, სწორედ ჯონ მაკკეინს უწევდა:
"ჯონ მაკკეინმა სენატი და ქვეყანაც უკეთესობისკენ შეცვალა. როდესაც გავიგე, რომ ცუდად იყო, ძალიან დავმწუხრდი, თუმცა მას უყვარდა არაპროგნოზირებადი ყოფილიყო. ჯონ მაკკეინს არასოდეს დაუკარგავს ოპტიმიზმი და სიცოცხლის სიყვარული. ავადმყოფობამ არ შეაშინა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას დიადი სული ჰქონდა.
მე და მაკკეინი ძალიან განსხვავებულები ვიყავით. სხვადასხვა თაობები, ისტორიაც განსხვავებული გვქონდა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩვენ ხშირად პოლიტიკასთან ერთად საკუთარ ოჯახებზეც ვსაუბრობდით და ერთმანეთისგან ძალიან ბევრს ვსწავლობდით".
აშშ-ს ექსპრეზიდენტის ჯორჯ ბუშის თქმით კი ის განადგურებულია საუკეთესო მეგობრის დაკარგვის გამო. მან ჯონ მაკკეინთან ერთად გატარებული წლები გაიხსენა და თქვა, რომ მაკკეინმა უკეთესი გახადა:
"ზოგი ადამიანის ცხოვრება იმდენად შთამბეჭდავია, რომ რთულია ვერ შეამჩნიო. მან თავისი გზა ვიეტნამიდან სენატამდე გაიარა. ჩემთვის უდიდესი პატივია მასთან მეგობრობა და ძალიან მენატრება. ჯონ მაკკეინმა საკუთარი ცხოვრება მთლიანად სამშობლოს მიუძღვნა. ძალიან მამაცი და გულწრფელი იყო. უყვარდა თავისუფლება და პატივს სცემდა თანასწორობას. დავიწყებულ ადგილებსა და დავიწყებულ ხალხზე ზრუნავდა. ის ქვეყანას ექვსი ათწლეული ემსახურა".
მემორიალურ ცერემონიაზე იმყოფებიან სენატორები და კონგრესმენები, ყოფილი სახელმწიფო მდივნები ჰილარი კლინტონი, ჯონ კერი და მადლენ ოლბრაიტი. ვიცე პრეზიდენტები - ჯო ბაიდენი, დიკ ჩეინი და ალ გორი.
მემორიალურ ღონისძიებაზე დასასწრებად ვაშინგტონში ჩამოვიდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, საქართველომ მაკკეინის სახით დიდი მეგობარი დაკარგა.
"სენატორი მაკკეინი ძალიან ახლო მეგობარი იყო. მე ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ მასთან სახლში, მის რანჩოზე არიზონაში, ის - ჩემთან, ვენახში. ჩვენ გვქონდა ბევრად მეტი ურთიერთობა. ვიდრე პოლიტიკაში შეიძლება. იყოს. ჩვენ გვქონდა ნამდვილი სულიერი კავშირი", - უთხრა სააკაშვილმა რუსთავი 2-ს.
ვაშინგტონში ჩამოსულები არიან პოლონეთის, უკრაინის და პანამის პრეზიდენტები, ნატოს ახლანდელი და ყოფილი გენერალური მდივნები, კანადის და ესტონეთის თავდაცვის მინისტრები. არაერთი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
საქართველოს მთავრობიდან მემორიალურ ღონისძიებაში დავით ბაქრაძე და თამარ ჩუგოშვილი მონაწილეობენ.
სენატორ ჯონ მაკკეინს ხვალ ანაპოლისში, საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე, დაკრძალავენ.
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2017 წლის ივლისში, მაკკეინის აგრესიული ფორმის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ექიმებმა მას თავის არეში არსებული სიმსივნური წარმონაქმნები ამოაჭრეს.
რამდენიმე დღეში, სენატში სიტყვით გამოსვლისას, მაკკეინს ჯერ კიდევ ეტყობოდა ნაოპერაციევი და შეშუპება ჭრილობის გარშემო.
2017 წლის დეკემბერში, ოჯახთან ყოფნისთვის მაკკეინმა ვაშინგტონი დატოვა და არიზონაში მდებარე სახლში დაბრუნდა. ის სამედიცინო მკურნალობას აგრძელებდა, რომელიც პარასკევს, 24 აგვისტოს შეწყვიტა.
მაკკეინის შვილმა, მეგანმა, მამის გარდაცვალების შემდეგ, ტვიტერზე გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა:
"დღეები და წლები, რომლებიც მამაჩემის გარეშე დადგება, აღარასდროს იქნება ძველებური. თუმცა იქნება სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე დღეები, როგორც იმის მაგალითი, რომ ის ჩვენს შორის ცხოვრობდა.
ჯონ მაკკეინი ვიეტნამის ომის გმირი იყო. ის ხუთწელიწადნახევარი ტყვედ იყო ჩავარდნილი და წამების მსხვერპლი იყო. მიღებული დაზიანებების გამო, მას თავის ზემოთ მკლავების აწევა არ შეეძლო.
მაკკეინი არიზონას სენატორი პირველად 1987 წელს გახდა, რის შემდეგაც, ის კიდევ ხუთჯერ აირჩიეს შტატის სენატორად, სულ ბოლოს — 2016 წელს.
ჯონ მაკკეინი 2008 წელს რესპუბლიკური პარტიის სახელით პრეზიდენტობისთვის იბრძოდა, თუმცა ბარაკ ობამასთან დამარცხდა.
სენატორი გამოირჩეოდა რუსეთის მიმართ ხისტი მიდგომებით და მიიჩნევდა, რომ მასთან ურთიერთობების მეგობრულ დონეზე დალაგება შეუძლებელი იყო. ამის გამო მან პრეზიდენტი ტრამპიც არაერთხელ გააფრთხილა, ხოლო ჰელსინკში, პუტინთან ერთად გამართული პრესკონფერენციის შემდეგ მკაცრად გააკრიტიკა და შეხვედრას "სამარცხვინო წარმოდგენა" უწოდა.
მაკკეინი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში და აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში მუდმივად ლობირებდა საქართველოს ინტერესებს.
იხილეთ მისი 2008 წლის 12 აგვისტოს სიტყვა პენსილვანიაში, სადაც სენატორმა, ქართველ ხალხს, რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში მხარდაჭერა, ამერიკელი ერის სახელით გამოუცხადა.
გაიგე მეტი: რით დაამახსოვრა თავი საქართველოს ჯონ მაკკეინმა
კომენტარები