საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ყოფილ პროკურორს, გივი შენგელიას ბრალი წარედგინა მოქალაქე გ.მ-ს ცემის და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე.

მთავარი პროკურორის ცნობით, საკონსულტაციო საბჭომ ერთხმად მიიღო რეკომენდაცია ბრალდებულის დათხოვნის შესახებ. რეკომენდაციის საფუძველზე, შალვა თადუმაძის ბრძანებით გივი შენგელია გათავისუფლდა საქართველოს პროკურატურიდან.

გამოძიების ვერსიით, 2018 წლის 24 აგვისტოს, ბრალდებულმა გივი შენგელიამ წყალტუბოში, აკაკი შანიძის ქ.#9-ში მცხოვრებ მეგობართან მისვლის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ.გ.-ს მეუღლეს გ.მ.-ს.

გამოძიების მასალებით, პროკურორმა მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა 2017 წლის ოქტომბერშიც მიაყენა.

ბრალდების მხარე მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

27 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ასევე ნათქვამი იყო, რომ პროკურორმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, რა დროსაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ უმისამართოდ გაისროლა. უწყების თქმით, კონფლიქტის შედეგად მოქალაქემ მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება.