რამდენიმე დღეში დედამიწას ასტეროიდი ახლო მანძილზე ჩაუვლის
ფოტო: Getty
ასტრონომებმა ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს, რომელსაც 2026 JH2 ეწოდება. ის დედამიწას საკმაოდ ახლო მანძილზე ჩაუვლის, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ხმელეთიდან მის დანახვას სამოყვარულო ტელესკოპებითაც შევძლებთ.
მეცნიერები, ავტომატურ სისტემებთან ერთად, ცას მუდმივად აკვირდებიან, რათა პოტენციურად საშიში ობიექტები დროულად შენიშნონ. ახლახან მსოფლიოს რამდენიმე ობსერვატორიიდან აქამდე უცნობი სხეული შენიშნეს. პირველადმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მისი ორბიტა თითქმის იუპიტერამდე აღწევს და ჩვენს პლანეტასთანაც აახლოებს.
ამგვარი ტრაექტორიის გამო ის დედამიწასთან ახლომდებარე აპოლოს კლასის ობიექტების კატეგორიაშია. ობიექტის ორბიტისა და ზომის უფრო ზუსტად გამოთვლას მეცნიერები მასთან დისტანციის შემცირების პარალელურად შეძლებენ. ამჟამად პროგნოზირებენ, რომ იგი მიმდინარე წლის 18-19 მაისს მოგვიახლოვდება.
თბილისის დროით 18 მაისის 22:51-ზე (± 5 საათი) ასტეროიდი დედამიწა-მთვარის სისტემასთან ახლოს მოვა. ამ დროს მთვარისგან ის დაახლოებით 425 000 კილომეტრით იქნება დაშორებული.
უკვე 19 მაისის ღამის 01:23-ისთვის ობიექტი დედამიწას ჩაუვლის. ამჟამინდელი მონაცემებით, მაქსიმალური დისტანცია შეიძლება 95 700 კილომეტრი იყოს, მინიმალურ მანძილად კი 86 800 კილომეტრი განიხილება.
შესაძლოა, ეს დისტანცია ერთი შეხედვით დიდადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ კოსმოსური მასშტაბებით საკმაოდ მცირე მაჩვენებელია. ამის მიუხედავად, საფრთხე არ გვემუქრება: ასტეროიდი პლანეტასაც და მთვარესაც უსაფრთხოდ ჩაუვლის.
Virtual Telescope Project-ის ინფორმაციით, ასტეროიდის სიკაშკაშე 11.5 მაგნიტუდას მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ მისთვის თვალის მიდევნებას დამწყები ასტრომოყვარულებისთვის განკუთვნილი ტელესკოპებითაც შევძლებთ. იმ შემთხვევაში, თუ მსურველებს დაკვირვებაში ღრუბლები შეუშლით ხელს, პროექტის ფარგლებში პირდაპირი ტრანსლაცია იგეგმება, რომელიც 23:45-ზე დაიწყება.

კომენტარები