მოზარდობის ასაკიდან დაწყებული, უამრავ ისეთ სერიალს ვუყურებთ, რომელთა მთავარი პერსონაჟებიც ერთ დიდ სამეგობრო წრეში არიან გაერთიანებულნი. ამის ყველაზე მარტივი მაგალითი თავად სერიალი მეგობრებია, რომელშიც უამრავი კონფლიქტის, დაბრკოლებისა თუ გულისტკენის მიუხედავად, პირველ სეზონში შექმნილი სამეგობრო მეათე სეზონამდე უცვლელად მიდის. 6 მეგობრისგან შემდგარ ჯგუფს წლების განმავლობაში არც არავინ აკლდება და არც ემატება — ისინი ერთმანეთის უახლოეს მეგობრებად რჩებიან.

How I Met Your Mother-იც მსგავს სამეგობრო წრეზე გვიყვება — ხუთ 20-30 წლის ადამიანზე, რომლებიც უთანხმოებებისა და სირთულეების მიუხედავად, კვლავ მეგობრობენ.

იქნება ეს უშუალოდ მეგობრობაზე ფოკუსირებული სიუჟეტი თუ სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის შოუ, უამრავი სერიალის ჩამოთვლა შეიძლება, რომლებიც პერსონაჟების მსგავს სამეგობროს მოგანდომებს: Sex and The City, Desperate Housewives, The O. C., Gossip Girl და ამ სიის ბოლოდროინდელი დამატება — Stranger Things.

ფოტო: NBC

Stranger Things თინეიჯერებზე გვიყვება, რომლებიც მისტიკურ, ამოუცნობ არსებებთან ბრძოლის პარალელურად, ერთმანეთის საუკეთესო მეგობრებიც არიან. მისტიკურ არსებებს თუ გამოვაკლებთ, ამ პერსონაჟების ასაკში ალბათ ბევრ ჩვენგანს ჰქონია მსგავსი გამოცდილება — სკოლაში, სამეზობლოსა თუ სოფელში ხშირად გვყავდა სამეგობრო ჯგუფები, იქნებოდა ეს 3 თუ 10-კაციანი. თუმცა, ალბათ ამდენადვე ხშირად გამოგვიცდია ამ სამეგობრო ჯგუფების დაშლაც.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მეგობრობა იწყება სკოლის, ან უფრო მეტიც — საბავშვო ბაღის ასაკიდან, ამ მეგობრებიდან მაქსიმუმ ალბათ 2-3 შემოგვრჩება ხოლმე ზრდასრულობამდე, რაც ბუნებრივია. მაშინ, როცა ფიზიკურადაც და შინაგანადაც იზრდები, გეცვლება შეხედულებები, გემოვნება და პრიორიტეტები, ზოგიერთ მეგობარს ვეღარ უგებ ისე, როგორც მანამდე, სხვებს კი შეიძლება, უფრო უკეთაც გაუგო.

ფოტო: Pinterest

ცნობილია, რომ თინეიჯერობის ასაკში ადამიანი ბევრად უფრო მგრძნობიარე და ემოციურია, ვიდრე ზრდასრულობაში. შედეგად, ყველა ახალ გამოცდილებას, წყენასა თუ გაბრაზებას ხშირად უფრო ძლიერად სწორედ თინეიჯერობისას შევიგრძნობთ. შესაბამისად, ამ ცვლილებებითა და ემოციებით აღსავსე წლებში, შესაძლოა, ბევრი მეგობარი შევიძინოთ და ბევრიც დავკარგოთ. სავარაუდოა ისიც, რომ ბევრი სამეგობრო წრე შევქმნათ და ბევრიც დაგვეშალოს. თუმცა, ისეთი სამეგობრო წრის ყოლა, რომელთან ერთადაც მრავალ წელსა თუ დღესასწაულს გავატარებდით, მაინც ნატვრად გვრჩება.

რაც უფრო ვიზრდებით, მეგობრებს უფრო ნელ-ნელა ვიძენთ — ვსწავლობთ, რომ ყველასთვის მთელი ცხოვრების ისტორიების მოყოლა არც ისე ჭკვიანურია და ფრთხილად უნდა ავარჩიოთ, ვის ვენდობით. ან შეიძლება, ზრდასრულობაშიც კი გვიჭირდეს თავის გაკონტროლება და ისეთ ადამიანებს გადავუშალოთ გული, რომლებსაც ჯერ ჩვენი ნდობა არ დაუმსახურებიათ, თუმცა ასეთ შეცდომებზე სამომავლოდ ჭკუას ვსწავლობთ. უკვე ბევრ საკითხზე საკუთარი მტკიცე და პრინციპული აზრები გვაქვს ჩამოყალიბებული, ამიტომ მეგობრებს ამის მიხედვითაც ვარჩევთ. იქნება ეს პოლიტიკა, საზოგადოებრივი ნორმები თუ ურთიერთობის წესები — ვიცით, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რას ვეძებთ ახლო ადამიანებში. შესაბამისად, შესაფერისი მეგობრის პოვნა გვირთულდება. სამაგიეროდ, მეგობრებს უფრო გააზრებულად ვარჩევთ და უეცარი უთანხმოებების გამო მათ ნაკლებადაც ვკარგავთ.

ფოტო: Pinterest

თუ მეგობრის პოვნა რთულია, წარმოიდგინეთ, სამეგობრო წრის პოვნა რამდენად უფრო რთულია. ასევე, არაა მარტივი, ვინმეს იდეალურად შეეწყო, რადგან ნებისმიერი მსგავსების მიუხედავად, მცირედი განსხვავებებია ის, რაც ინდივიდებად გვაქცევს. ამიტომ, ვერ იპოვი ადამიანს, რომელსაც ყველანაირად ეწყობი. შესაბამისად, ნებისმიერი ურთიერთობა, მათ შორის მეგობრობაც, ერთმანეთის განსხვავებების მიღებასა და პატარ-პატარა კომპრომისებზეა დაფუძნებული. ეს ყველაფერი თითოეულ ურთიერთობას კომპლექსურობასა და სიფაქიზეს სძენს — რაც არ უნდა მყარი იყოს მეგობრობა, მას ზრუნვა, მოფრთხილება და გათვალისწინება სჭირდება, რათა არ ჩამოიშალოს.

სამეგობრო წრე კი ამ ფაქიზი და კომპლექსური ურთიერთობების ქსელია, რომელშიც არა მხოლოდ ერთი მეგობრის გრძნობები და მოსაზრებები უნდა გაითვალისწინო, არამედ — ყველასი. უნდა გაითვალისწინო მეგობრების ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, საიდუმლოებები, შენს სიტყვებზე რეაქციები და ბევრი სხვა დეტალი, რომლებიც ურთიერთობას ართულებს. რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ყველამ ყველასთან იმეგობროს, თითოეულ წევრს მაინც განსხვავებული ურთიერთობები ექნება. ეს ყველაფერი კი წრის შენარჩუნებას თითქმის შეუძლებელს ხდის.

ურთიერთობების ექსპერტი, სუზან დეგეს უაითი, ამბობს: "ორკაციანი მეგობრობა საშუალებას გაძლევთ, უფრო ღრმა დონეზე გაიცნოთ ერთმანეთი, რაც მეგობრებს შორის ემპათიას ზრდის და გეხმარებათ, უკეთ გაიგოთ ერთმანეთის საჭიროებები, როგორებიცაა, მაგალითად, მოსმენა და მხარდაჭერა. ჯგუფურ ურთიერთობებთან შედარებით, სადაც ბევრი ‘ხმაურია’, მცირე უთანხმოებების განხილვა და მოგვარება 2 ადამიანს შორის ბევრად მარტივია".

მიუხედავად იმისა, რომ ახლო ადამიანებთან გახსნილები და გულახდილები ვართ, სხვადასხვა მეგობართან მაინც განსხვავებულ ხასიათს ვავლენთ. ეს არ ნიშნავს, რომ ხელოვნურად ვიქცევით — უბრალოდ ყველა ინდივიდი მრავალფეროვანი და კომპლექსურია, ამიტომ სხვადასხვა ადამიანთან თუ სხვადასხვა სიტუაციაში ჩვენი პიროვნების განსხვავებულ მხარეებს ვავლენთ. სამეგობრო წრეში ეს ყველაფერი რთულდება — ვეღარ ახერხებ, რომ კონკრეტულ ადამიანს შენი კონკრეტული მხარე შეუსაბამო და ხშირად თითქოს პერფორმანსს ვდგამთ, რადგან გვინდა, რომ ერთდროულად ყველას თვალში დადებითად გამოვჩნდეთ. ეს უხერხულობასაც ქმნის და თავს დაძაბულადაც გვაგრძნობინებს, რასაც მეგობრებთან არ უნდა ვგრძნობდეთ. სამეგობრო წრეებში ერთგვარი "კოალიციები" იქმნება და თითქოს ერთმანეთს ვეჯიბრებით — ვინ იქნება უფრო ახლო მეგობარი. შედეგად, პრობლემებს არა დიდი კამათი და ჩხუბი, არამედ პატარა დეტალები ქმნის — ვინ ვის დაურეკა ცალკე, ვინ ვის უფრო ჩქარა უპასუხა შეტყობინებაზე, ვინ ვის დაუახლოვდა განსაკუთრებულად. საბოლოოდ, სამეგობრო წრის ზოგიერთი წევრი თავს გარიყულად გრძნობს, როცა სხვები ყურადღების ცენტრში არიან.

ფოტო: Pinterest

და მაინც, სერიალებსა თუ სოციალურ ქსელებში ნანახი სამეგობრო წრეები იმდენად საყვარელი და სახალისო ჩანს, რომ ჩვენთვის მუდამ სანატრელი რჩება. თან იმდენად, რომ ხშირად სხვადასხვა მეგობარს ერთმანეთს ვაცნობთ და საერთო სამეგობროს შექმნას ვცდილობთ, რაც არც ისე წარმატებულად სრულდება ხოლმე. ან ეს მეგობრები ვერ უგებენ ერთმანეთს, ან კიდევ ზედმეტად კარგად უგებენ და მალე აღმოვაჩენთ, რომ საუკეთესო მეგობრები გახდნენ, ჩვენ კი, რატომღაც, აღარ გვეკონტაქტებიან.

მხოლოდ ორ მეგობარს შორის ურთიერთობა ხშირად ყველაზე კომფორტულია. ასეთ მეგობართან ბევრად გახსნილად შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენს შიშებზე, სურვილებსა თუ ფიქრებზე, რომლებსაც სხვებს ვერ ვუზიარებთ.

სამეგობრო წრეში ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ემოციური საკითხების გაზიარების ბევრად უფრო გვეშინია, რადგან თითოეული წევრის რეაქციაზე ვფიქრობთ. გულწრფელობა და ემოციური სიახლოვე შესაძლოა დაირღვეს, თუ ერთ-ერთი მეგობარი შენთვის სერიოზულ თემას სახუმაროდ აღიქვამს, ან დუმს და სიტყვებზე, რომლებიც ნერვიულობითა და იმედით გაუზიარე, რეაქცია არ აქვს.

ფოტო: Pinterest

ადამიანის ბუნება ერთი-ერთზე სიახლოვისკენ არის მიდრეკილი. ხშირად ისეთი სოციალური სტრუქტურის ძიებაში ვართ, რომელიც სინამდვილეში არ გვჭირდება. თუ დავაკვირდებით იმ ურთიერთობებს, რომლებმაც დროს გაუძლო და იმ მეგობრებს, რომლებიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩვენ გვერდით იყვნენ, აღმოვაჩენთ, რომ ეს კავშირები თითქმის ყოველთვის ინდივიდუალური, ორმხრივი ურთიერთობები იყო.

ფოტო: Pinterest

სამეგობრო წრის ყოლის დაუოკებელ სურვილზე უარის თქმას შინაგანი სიმშვიდის მოტანა შეუძლია. ეს იმის გააზრებაა, რომ მეგობრობის მთავარი ღირებულება არა გარე სამყაროსთვის საკუთარი თავისა და ურთიერთობების დამტკიცება, არამედ ორმხრივი ემოციური უსაფრთხოება და ურთიერთგაგებაა.

სოციალური ქსელებისა თუ გარემოს გავლენით ხშირად გვგონია, რომ ჩვენი ცხოვრება და ღირებულება იმ ადამიანების რაოდენობით უნდა გავზომოთ, რომელთა შეკრებაც ერთ ოთახში შეგვიძლია. თუმცა, ხარისხი რაოდენობაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ისევე, როგორც რომანტიკული ურთიერთობა, მეგობრობაც არის პროცესი, როდესაც ორი ადამიანი ისევ და ისევ, ხელახლა ირჩევს ერთმანეთს, ყველანაირი დაბრკოლების მიუხედავად.