ურანი და ნეპტუნი ყინულის გიგანტ პლანეტებად მიიჩნევა, მაგრამ შეიძლება მათ ატმოსფეროებში ქვების სიუხვე იყოს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ვარაუდი გამოთქვეს მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში: ისინი ამბობენ, რომ ამ ციური სხეულების გარე შრეები ძირითადად მყარი ფრაგმენტებისგან შედგება (წყალბადისა და ჰელიუმის აირებთან ერთად), რაც მათ კლასიფიკაციას ეწინააღმდეგება.

ურანისა და ნეპტუნის ცენტრში შიდა კლდოვანი ბირთვია, რომლის გარშემოც ყინულოვანი მანტიაა. მას გარს სქელი ატმოსფერო აკრავს, რომელშიც წყალბადი, ჰელიუმი, მეთანი და სილიკატის ღრუბლებია. ზოგიერთ არეალში, რომლის მიმდებარედაც მაღალი წნევაა, ატმოსფერული აირები თხევადის მსგავს მდგომარეობაში გადადის.

ახალი კვლევის საფუძველი ის მიგნება გახდა, რომლის თანახმადაც, ნეპტუნის მიღმა რეგიონში ობიექტები უფრო მეტად კლდოვანია და არა ყინულოვანი. სხვა ნაშრომებში ისიც ივარაუდეს, რომ პლუტონს, კომეტებსა და კოიპერის სარტყელში მდებარე სხვა სხეულებს ქვიანი ატმოსფეროები აქვს.

მარცხნივ ურანია ნაჩვენები, მარჯვნივ კი — ნეპტუნი.

ფოტო: NASA, ESA, A. Simon

"ვიფიქრეთ, რომ თუ ეს ობიექტები მეტწილად ქვებისგან შედგება, იქნებ იგივე ურანსა და ნეპტუნზეც ვრცელდება?!", — აცხადებენ ავტორები.

ამის გასაგებად მათ აღნიშნული პლანეტების შედგენილობის მოდელირება გადაწყვიტეს. მეცნიერებმა ურანისა და ნეპტუნის შიდა და გარე ატმოსფეროების, მანტიებისა და ბირთვების სიმულაცია შექმნეს. ტემპერატურისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით დაასკვნეს, რომ იქ არსებული პირობები ზოგ არეალში სილიკატის ღრუბლებს დაშლიდა და მყარ მატერიად შეკრავდა. შესაბამისად, შეიძლება ეს ციური სხეულები იმაზე ქვიანი იყოს, ვიდრე ყინულის გიგანტებისგან ველით.

ავტორები ფიქრობენ, რომ მათი კვლევის შედეგების მიხედვით შეიძლება ამ პლანეტების ხელახლა კლასიფიცირებაზე მსჯელობაც გახდეს საჭირო. მათი აზრით, "ყინულოვანის" ან "ქვიანის" ნაცვლად, ურანსა და ნეპტუნს მცირე გიგანტები ან რაიმე მსგავსი შეგვიძლია ვუწოდოთ.

ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.