კვლევის თანახმად, თუთიყუშები სახელებს პრაქტიკული დანიშნულებისთვის იყენებენ
ფოტო: Shutterstock
სხვა ბევრი სახეობის მსგავსად, თუთიყუშებიც გამოსცემენ ისეთ ხმებს, რომლებიც ხშირად კომუნიკაციის გზად მიიჩნევა. მეორე მხრივ, უცნობია, ეს ფრინველები სახელებს როგორ იყენებენ.
ამის დასადგენად ახალი ნაშრომის ავტორებმა ის თუთიყუშები გამოიკვლიეს, რომლებსაც ადამიანური საუბრის იმიტირება უკვე ნასწავლი აქვთ, მათ შორის, სახელების გამოყენებაც.
საბოლოო ჯამში მკვლევრებმა 880-ზე მეტი თუთიყუშის ჩანაწერი შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ეს ფრინველები სახელებს დაახლოებით იმავენაირად იყენებენ, როგორც ჩვენ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
ზოგადად, ადამიანები საკუთარ სახელებს სოციალური ურთიერთობების გასამარტივებლად ვიყენებთ. მიზანი ისაა, რომ ინდივიდი უფრო მარტივად ამოსაცნობი გახდეს. მიიჩნევა, რომ მსგავსი რამ სხვა სახეობებშიც შეიძლება გვხვდებოდეს: ზოგი ცხოველი გარკვეულ ხმებს გამოსცემს, რომლებიც, შესაძლოა, სახელების მსგავსად ფუნქციონირებდეს. მეორე მხრივ, ეს ვარაუდი არავის დაუდასტურებია.
აღნიშნული საკითხის გამოსაკვლევად თუთიყუშებზე დაკვირვება ძალიან ხელსაყრელია, რადგან ამ ფრინველს ადამიანის საუბრის იმიტაცია შეუძლია. როგორც აღვნიშნეთ, კვლევის ფარგლებში 880-ზე მეტი თუთიყუშის მონაცემები შეისწავლეს.
ჩანაწერების თითქმის ნახევარში თუთიყუშები სახელებსაც გამოთქვამდნენ. გუნდმა ასევე შენიშნა, რომ ზოგი ფრინველი სახელებს არამხოლოდ ზოგადი კატეგორიის აღსანიშნავად იყენებდა, არამედ კონკრეტულ ინდივიდთან მიმართებითაც.
ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი თუთიყუში სახელებს იმგვარად იყენებდა, როგორც ადამიანები არასდროს ვიყენებთ. მაგალითად, ზოგი ფრინველი პატრონის ყურადღების მისაპყრობად საკუთარ სახელს გამოთქვამდა ხოლმე.
ეს მიგნებები მართლაც საინტერესოა, თუმცა ბევრი რამ მაინც ბუნდოვანი რჩება. აღნიშნული კვლევის ფარგლებში მხოლოდ თუთიყუშები შეისწავლეს, თანაც, ცალკეულ თუთიყუშებს შორისაც უამრავი განსხვავება გამოვლინდა. ეს განზოგადებული დასკვნების გამოტანას ართულებს. ნაშრომი გამოცემაში PLOS ONE გამოქვეყნდა.
კომენტარები