ტრანსგენდერი ქალი ლიკა, რომელმაც სიცოცხლის ბოლო თვეები საავადმყოფოში გაატარა, გარდაიცვალა. ოჯახი მის დაკრძალვას პანაშვიდის გარეშე პირდაპირ სასაფლაოზე გეგმავს. ლიკას ბებიის აზრით, ავადმყოფობის გამო ცხედარი "საშიშია" და მისი სახლში დასვენება პანაშვიდზე მისული ხალხის ჯანმრთელობას "საფრთხეს" შეუქმნის. კითხვაზე, ვინ მიაწოდა ინფორმაცია ოჯახს ამ "საშიშროების" შესახებ, ლიკას ბებია ვერ გვპასუხობს. ექიმთან ამ საკითხზე არ უსაუბრია და არც საავადმყოფოში მიუციათ მსგავსი რეკომენდაცია, თუმცა მაინც იმეორებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი მხოლოდ "სიფრთხილეა" და არა ლიკას გენდერული იდენტობა.

"პირდაპირ უნდა წავიყვანოთ სასაფლაოზე. ჩემი შვილი[ლიკას დედა] ნაქირავებში ცხოვრობს. ლიკას ისეთი დაავადებები ჰქონდა, რომ ბინაში არავინ შეგვიშვებდა, საშიში იყო ყველანაირად, თორემ ჩვენ არაფერს არ დავიშურებდით მის გამო. ჩვენ უბრალოდ სხვას მოვერიდეთ შვილო, ყველას მოვერიდეთ", - ამბობს ლიკას ბებია.

ბებია ყვება, რომ ლიკას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ოჯახი სთხოვდა მათთან დარჩენილიყო, თუმცა წასვლა თავად გადაწყვიტა.

"ჩვენ ვეხვეწებოდით, რომ არ წასულიყო, მაგრამ წავიდა, ჩვენ უარი არ გვითქვამს მისთვის", - ამბობს ბებია.

გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე ლიკას შესახევ გაზეთმა ბათუმელებმა დაწერა. ის მკურნალობაში დახმარებას ითხოვდა. ქვიარ და ლგბტ აქტივისტები მისთვის თანხას აგროვებნენ.ბათუმელებთან ინტერვიუში ლიკა ამბობდა, რომ ბაბუა უვლიდა.

"დედისთვის არც დამირეკავს, არ მინდა ამ მდგომარეობაში მნახოს. მამას არ უნდა ჩემი ნახვა, არ აინტერესებს, არასდროს აინტერესებდა ჩემი თავი…", - ამბობდა ლიკა.

ლიკა ბათუმელია. მისი გენდერული იდენტობის შესახებ ოჯახის წევრებმა 14 წლის ასაკში გაიგეს, როცა იგი მეცხრე კლასს ასრულებდა. "არავინ არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ასე მერჩივნა, მარტო", - ამბობდა ლიკა.

მან ბათუმელებთან განაცხადა, რომ ექვსი წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. "მეზობლის ორ ბიჭს ჰქონდა ჩემთან სექსი. დამაშინეს მაშინ და არაფერი მითქვამს", - იხსენებდა ლიკა.

ლიკას ბებიის თქმით, ამ ფაქტის შესახებ მაშინ გაიგეს, როცა ლიკა 14 წლის იყო და მოსმენილს "შეეგუენ".

"თვითონ მოგვიყვა. ჩვენ შევეგუეთ ყველაფერს, მხარში ამოვუდექით, მაგრამ არ გაგვიჩერდა. ვერაფრით ვათქმევინეთ, ვინ გააუპატიურა", - უთხრა On.ge-ს ლიკას ბებიამ.

On.ge-მ ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე პატივს სცემს თუ არა ოჯახი მის გენდერულ იდენტობას და დასაფლავდება თუ არა ლიკა, როგორც ტრანსგენდერი ქალი.