ერეკლე მეფის ახლადგარემონტებულ მუზეუმში კანალიზაციის მილი გასკდა და ნახატები დააზიანა. მუზეუმის რესტავრაცია 14 მილიონი ლარი დაჯდა და 16 მაისს გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია რეგინფომ გაავრცელა.

გამოცემასთან მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა თქვა, რომ სიმძიმის გამო საკანალიზაციო მილმა გამტარუნარიანობა დაკარგა, გასკდა და წყალი ხელოვნების ნიმუშების საცავში დაიღვარა.

"კოლექციიდან არაფერი დაზიანებულა. ქართველი მხატვრების 4-5 ნახატი დაზიანდა, დასველდა. ამოვიტანეთ და გავაშრეთ. დიდად ღირებული არ არის. შევატყობინეთ სამშენებლო კომპანია "ჯავას" წარმომადგენლებს. გუშინვე ჩამოვიდნენ და დაზიანებული კანალიზაციის მილი აღადგინეს", - უთხრა მუზეუმის დირექტორმა რეგინფოს.