გერმანელი ინჟინერი ქალი გახდა ეტლით მოსარგებლე პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაუშვეს. მან ეს Blue Origin-ის კოსმოსური ხომალდით შეძლო.

ამერიკელი მულტიმილიარდერის, ჯეფ ბეზოსის საკუთრებაში არსებული კომპანიის ხომალდი ტეხასში მდებარე ბაზიდან გაუშვეს.

მიქაელა ბენტჰაუსი, ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) ინჟინერია. მან ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად, 10-წუთიანი ფრენის შემდეგ, კარმანის ხაზი გადაკვეთა. ეს არის სიმაღლე ზღვის დონიდან, რომელიც დედამიწის ატმოსფეროსა და კოსმოსს შორის საზღვრად ითვლება.

ბენტჰაუსმა წლების წინ, მთაში ველოსიპედით გადაადგილებისას ტრავმა მიიღო და მას შემდეგ წელს ქვემოთ პარალიზებულია.

მცირე ზომის, სრულად ავტომატიზებული რაკეტა ვერტიკალურად აფრინდა, რის შემდეგაც მისგან ტურისტების გადამყვანი კაფსული გამოეყო. საბოლოოდ, კაფსული პარაშუტების დახმარებით ტეხასის უდაბნოში დაეშვა.

ეს Blue Origin-ისთვის მე-16 პილოტირებული ფრენა იყო. კომპანია უკვე წლებია კოსმოსური ტურიზმის განვითარებას ცდილობს.

"გილოცავ, მიქაელა! შენ ახლა მილიონებს შთააგონე. მათ შეუძლიათ ზემოთ აიხედონ და წარმოიდგინონ, რა არის შესაძლებელი", — დაწერა X-ზე NASA-ს ახალმა ხელმძღვანელმა, ჯარედ აიზეკმანმა.

მიქაელა და ეკიპაჟის სხვა წევრები.

ფოტო: Blue Origin

Blue Origin-ის კოსმოსური ტურიზმის სერვისით უკვე ათობით ადამიანმა ისარგებლა. მათ შორის პოპმომღერალმა კეთი პერიმ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.