ვინ და რატომ დაიწყო ამბოხი სომხეთში - ინტერვიუ ზაზა ცოტნიაშვილთან
რა პოლიტიკურმა პროცესებმა განაპირობა ერევნის ოპოზიციური ძალის - დამფუძნებელთა პარლამენტის მიერ პოლიციის შენობის დაკავება, რატომ სურს აღნიშნულ ძალას ქვეყნის ხელისუფლების ცვლილება და რა შესაძლო სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები - ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად On.ge კონფლიქტოლოგ ზაზა ცოტნიაშვილს ესაუბრა.
რა პოლიტიკურმა მოვლენებმა განაპირობა ერევანში შეიარაღებული თავდამსხმელების მიერ პოლიციის შენობის აღება, გარდა იმისა, რომ მათი მოთხოვნა ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლებაა?
მოგეხსენებათ, სომხეთი რუსეთის სატელიტი სახელმწიფოა, რომელსაც მთიან ყარაბაღში აქვს სადავო სიტუაცია, რთულ მდგომარეობაში იმყოფება თურქეთთან მიმართებაშიც. გარდა ამისა, სომხეთში არის დიდი, რუსული სამხედრო ბაზა - გიუმრის ბაზა. ეს ყველაფერი გარკვეულ ავტორიტარულ განწყობილებებს ქმნის ქვეყანაში. არის ჩვეულებრივი კორუფციული გარემო, არის ლეგალური და არალეგალური საწარმოები და ყველაფერი რუსულ ბაზარზე გადის. მოსახლეობის ერთგვარი კმაყოფილება ეკონომიკური სტაბილურობით არის გამოწვეული და ხელისფულება, ბუნებრივია, იმართება მოსკოვიდან.
მაგრამ თვითონ ფაქტი, რაც მოხდა, ცალსახად ტერორისტულ ნიშნებს ატარებს, რადგან ხდება პოლიციის შენობაში შეჭრა, პოლიციელის მკვლელობა, მძევლების აყვანა და ულტიმატუმების წაყენება იმისთვის, რომ სეფილიანი გაათავისუფლონ.
რეალურად ეს მიგვანიშნებს, რომ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია, რომელიც უბრალოდ ამ ფორმით გამოიხატა. რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამას, საკმაოდ რთულად პროგნოზირებადია. თუმცა, თუნდაც ის მოვლენები, როდესაც 136 დემონსტრანტი დააკავეს, რომელიც ებრძვის პოლიციას, ნიშნავს, რომ იქ უკვე ძალიან სერიოზული და დიდი პროცესებია დაწყებული.
სეფილიანი ხშირად გამოხატავს უკმაყოფილებას მთიან ყარაბაღთან მიმართებით სარგისიანის უმოქმედობის გამო და მოუწოდებს მას, ერთხელ და სამუდამოდ "დაასრულოს პროცესები" ამ მიმართულებით. ამ შემთხვევაში, რა როლს თამაშობს მიმდინარე მოვლენებში ეს საკითხი?
სეფილიანი არის რადიკალურად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ რაც შეიძლება
მალე უნდა შეიქმნას, ასე ვთქვათ, ახალი სომხური წარმონაქმნი. ეს დაჯგუფება [დამფუძნებელთა პარლამენტი], რომელიც ახლა პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვს, ძალიან რადიკალურია და სწორედ რადიკალური ზომების გატარებას ითხოვს ყარაბაღთან მიმართებაშიც. ისინი სარგებლობენ იმით, რომ აპროტესტებენ ავტორიტარულ რეჟიმს, მაგრამ ყარაბაღთან მიმართებაში ამ მოძრაობას ისეთი ზომების გატარება სურს, რაც საკმაოდ საფრთხის შემცველია რეგიონში არსებული სტაბილურობის შესარყევად. 2016 წლის გაზაფხულზე ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის დროს, სეფილიანი ამბობდა, რომ სარგისიანს უნდა მოეწოდებინა მოსახლეობისთვის კონფლიქტში ჩართულიყვნენ და მთიანი ყარაბაღის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაეწყვიტათ.
აზერბაიჯანი ამ თვალსაზრისით უკვე ხდება საფრთხის მომტანი სომხეთისთვისაც, მთლიანი რეგიონისთვისაც და შემდეგ უკვე, როგორ გადანაწილდება ბალანსი - თურქულ-აზერბაიჯანული, რუსულ-სომხური, ეს პროცესი ბალანსს შეცვლის და ნებისმიერი ასეთი რყევა ძალიან საფრთხის შემცველი იქნება მთლიანი რეგიონისთვის.
უკვე 4 დღე გავიდა თავდასხმის შემდეგ. სამართალდამცავი ორგანოები რადიკალურ ზომებს ამ დრომდე არ მიმართავენ, არ იღებენ პოლიციის შენობას შტურმით. რატომ?
სომხეთში, როგორც ზოგადად კავკასიელ ხალხს სჩვევია და როგორც ეს ჩვენთანაა, ერთმანეთს პრაქტიკულად ყველა იცნობს. ძალიან ძნელია, რომ სომეხმა სომეხზე ხელი აღმართოს. იგივე საქართველოში, 7 ნოემბრის აქციებთან დაკავშირებით, დღესაც ვხედავთ, როგორი რეზონანსია. მსგავსი ტიპის რეგიონი ვართ და ერთნაირი მომენტებია. ასე მარტივი არ არის, რომ სომხურმა სპეცრაზმმა, მიუხედავად იმისა, რომ იქ უკანონო ქმედებები მიმდინარეობს, ასე მარტივად გამოიწვიოს სისხლისღვრა.
თუ სეფილიანის მოძრაობა დანებდება, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? რამდენად დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მას მხარს უჭერენ?
მე არ მგონია, რომ ამან შეიძლება ქვეყნის მასშტაბით რადიკალური მოძრაობა გამოიწვიოს. ამ ეტაპზე მის მოძრაობას გარკვეული მხარდამჭერები ჰყავს. თუმცა, მიმაჩნია, რომ სომხეთის ხელისუფლებისთვის ეს პროცესი დაძლევადი პრობლემაა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ამას რაიმე ცვლილებები მოჰყვეს. რამდენად მარტივად ან რთულად - ეს გამოჩნდება, მაგრამ გადალახვადია.
რა იქნება ამ შემთხვევაში გადამწყვეტი, ის, რომ ამ მოძრაობას ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს თუ ის, რომ მოქალაქეებს პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსვლა შეეშინდებათ?
ალბათ ყველაფერი ერთად, მაგრამ ზოგადად, იდეის ერთგულებით ადამიანები ქუჩაში გამოდიან. თუ გაიზარდა ამ იდეის ერთგული ადამიანების რაოდენობა, რაც მე ვფიქრობ, ნაკლებსავარაუდოა, მერე შესაძლებელია პრეზიდენტსაც და ხელისუფლებასაც პრობლემა შეექმნათ.
თუ არის შანსი იმისა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, თუნდაც გადადგეს პრეზიდენტი?
ამ ეტაპზე დიალოგი ნაკლებად მიმდინარეობს. იქ ერთ-ერთი დეპუტატი, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს, იყო შესული, მაგრამ დიალოგზე ნაკლებად მიდიან. ამბოხებულების მოთხოვნებს, როგორც წესი, ხელისუფლება არ ეთანხმება, რადგან ეს ხშირ შემთხვევაში ტერორიზმის წახალისებას იწვევს და როგორც წესი, ნორმალური ქვეყნები არ მიდიან მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
სომხეთში საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი აიძულებს სომხეთს, მის მიერ ყარაბაღში მოპოვებული ტერიტორიების დათმობას და სურს, მთიანი ყარაბაღი დამოუკიდებელ სუბიექტად ცნოს. რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს?
ასეთი შეხედულებები არის, თუმცა მას ხშირად ისინი იყენებენ, რომლებსაც არსებული ხელისუფლების დისკრედიტაცია სჭირდებათ. საერთო ჯამში, რუსული გავლენა არა მხოლოდ სომხეთზე, არამედ რეგიონზე, ძალიან დიდია. რუსეთის გავლენა ანგარიშგასაწევი გავლენაა. სომხეთში მისი ნება-სურვილი მაქსიმალურად ხორციელდება. როგორც რუსეთის გეო-სტრატეგიული მდგომარეობისთვის იქნება საჭირო, სომხეთი ისე მოიქცევა.
გარდა სეფილიანის მოძრაობისა, ზოგადად, რამდენად გავლენიანი ოპოზიცია ჰყავს ხელისუფლებას? თუ ჰყავთ მათ მხარდამჭერები მოსახლეობაში?
უმრავლესობა სომხეთში ამ ეტაპზე მიიჩნევს, რომ მათი სახელმწიფოებრივი მდგომარეობა, დღეს რა სიტუაციაშიც არიან, ასე სჯობს, თორემ მათ არანაკლებ შეუძლიათ პროტესტის გამოხატვა და ქუჩაში გამოსვლაც. სომხეთში დღეს დემოკრატიული ბალანსი უფრო სუსტია, ვიდრე ოლიგარქიულ-ავტორიტარული მმართველობა.
როგორი სცენარით შეიძლება განვითარდეს ის, რაც ახლა ხდება? რას უნდა ველოდოთ უახლოესი დღეების, ან კვირების განმავლობაში?
თუ გავითვალისწინებთ, რომ სომხური სპეცსამსახურები დაკავშირებული არიან რუსულ სპეცსამსახურებთან და თუ რუსულ გამოცდილებას გავიხსენებთ, ალბათ, მათი კოლეგები რუსეთიდან ურჩევენ, რომ პოლიციის შენობა შტურმით აიღონ, მაგრამ შესაძლებელია იმ სპეციფიურობის გამო, რაზეც ზემოთაც ვსაუბრობდით, სომხების სომხების წინააღმდეგ წასვლა ძალიან რთული მომენტი არის, თუნდაც სისხლისღვრის თვალსაზრისით, შესაძლებელია ხელისუფლებამ ეს დროში გაწელოს, დაასუსტოს ამბოხებულები და რაიმე სახის თანხმობაზე წამოიყვანოს.
მე მიმაჩნია, რომ დრო მაინც უფრო ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს და არ მგონია, სომხეთის ქუჩებში მოსახლების რაოდენობა გაიზარდოს. თუმცა, თუ ხელისუფლება შენიშნავს, რომ ქუჩაში სიტუაცია რთულდება, შეიძლება შტურმი დააჩქარონ კიდეც.
სომხეთში მიმდინარე ამბოხის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:
ამბოხება და ტყვედ აყვანილი პოლიციელები სომხეთში - დეტალები მოკლედ
კომენტარები