ამბოხება და ტყვედ აყვანილი პოლიციელები სომხეთში - დეტალები მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

17 ივლისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა პოლიციის შენობა ალყაში მოაქციეს, შიგნით შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს. ამბოხებულების მთავარ მოთხოვნას ერთ-ერთი ოპოზიციური დაჯგუფების - დამფუძნებელი პარლამენტის ლიდერის, ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლება, ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომა და ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემაა.

On.ge გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას თავდასხმის ორგანიზატორებზე, ამბოხების შესაძლო მიზეზებსა და თავდამსხმელების მთავარ მოთხოვნებზე.

ვინ და რატომ დაიწყო თავდასხმა?

კვირას ერევანში, ერებუნის გარეუბანში, შეირაღებული პირები ადგილობრივი პოლიციის შენობაში შეიჭრნენ, რის შედეგადაც 1 პოლიციელი გარდაიცვალა, 6 კი დაიჭრა. ამბოხებულებმა მძევლად 7 პირი აიყვანეს, რომელთაგან 3, სამართლადამცავ ორგანოებთან მოლაპარაკების შედეგად, გაათავისუფლეს.

ერევნის პოლიციაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, შენობა დაიკავეს და მძევლები აიყვანეს, 17 ივლისი, 2016.

ფოტო: Mirror

თავდამსხმელების მთავარ მოთხოვნა სომხეთის ოპოზიციური სამოქალაქო ინიციატივის - დამფუძნებელი პარლამენტის მეთაურის, ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლებაა, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისათვის არის ბრალდებული. ამასთანავე, თავდამსხმელები მოუწოდებენ ქვეყნის პრეზიდენტს, სერჟ სარგისიანს, დატოვოს თანამდებობა და ძალაუფლება ხალხს გადასცეს.

ვინ არის ჟირაირა სეფილიანი?

წარმოშობით ლიბანელმა სომეხმა, ჟირაირა სეფილიანმა სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც 1988-1994 წლებში მთიან ყარაბაღში შეიარაღებულ კონფლიქტში მიიღო მონაწილეობა. 1975-1990 წლებში ის ლიბანის სამოქალაქო ომში ბეირუთის კვარტალში იბრძოდა, 1990 წელს კი ოჯახთან ერთად სომხეთში გადავიდა საცხოვრებლად.

მთიანი ყარაბაღში ომის დაწყების შემდეგ, სეფილიანი ბაქოსგან დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა. 1992 წელს ის იმ სამხედრო დანაყოფებს ხელმძღვანელობდა, რომლებმაც ქალაქი შუშუ აზერბაიჯანისგან გაათავისუფლეს, რაც, აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში, სომხეთის მიერ მიღწეული ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.

ჟირაირა სეფილიანი

ჟირაირა სეფილიანი

ფოტო: Armenianweekly

სწორედ ამის შემდეგ სეფილიანს ე.წ. ომის გმირის სტატუსი მიენიჭა და მან სომხეთში არსებულ კორუფციაზე, უნიათო მთავრობასა და ქვეყნის გადარჩენაზე აქტიურად დაიწყო საუბარი. ამის გამო მან გარს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე ომის ვეტერანები შემოიკრიბა, რომელთა ძირითად საჩივარს ქვეყანაში არსებული უმუშევრობა, ჯანდაცვის პრობლემები და ცხოვრების ცუდი პირობები წარმოადგენს.

2007 წელს სეფილიანი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, რისთვისაც მან ციხეში წელიწადნახევარი გაატარა. გასულ წელს კი 4 პირთან ერთად მასობრივი არეულობის ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

2015 წლის 31 დეკემბერს, პოლიციამ და რამდენიმე ამოუცნობმა პირმა სომხეთიდან მთიანი ყარაბაღის მიმართულებით მოძრავი 40 მანქანის გადაადგილება შეზღუდა. ავტომობილებში სეფილიანი და მისი თანაგუნდელები ისხდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ დამფუძნებელთა პარლამენტი შეიარაღებული იყო, თავად მოძრაობა აღნიშნულს უარყოფდა.

რას წარმოადგენს ოპოზიციური მოძრაობა - დამფუძნებელთა პარლამენტი?

2008 წლიდან სეფილინმა თავისი ოპოზიციური მოძრაობა - დამფუძნებელი პარლამენტი შექმნა, რომელშიც ათასობით ადამიანია გაწევრიანებული და რომელიც უნიკალური იმითაა, რომ განზრახ რჩება არსებული პოლიტიკური სისტემის ფარგლებს მიღმა.

ერევნის რეგიონული კვლევების ცენტრის ანალიტიკოსის, აიკაკ არშამიანის განმარტებით, ვინაიდან სეფილიანის პარტია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არჩევნები ძალადობის გზით და გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს, არ მონაწილეობას მასში.

ამასთან, მოძრაობა ამბობს, რომ დღეს სომხეთში არსებული ხელისუფლება უნდა წავიდეს, დაინიშნოს დროებითი მმართველობა და ახალი არჩევნები. სეფილიანი ასევე აკრიტიკებს ქვეყნის პრეზიდენტის, სერჟ სარგისიანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დამოკიდებულებას, მათ შორის 2016 წლის გაზაფხულზე კონფლიქტის ესკალაციის ფონზე მიღებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებასაც.

რატომ დააკავეს ჟირაირა სეფილიანი?

2016 წლის 20 ივნისს სომხეთის სამართალდამცავმა ორგანომ სეფილიანი და კიდევ 6 პირი დააკავა, რადგან მიიჩნია, რომ ის შეიარაღებული თავდასხმის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა. ადგილობრივი საგამოძიებო უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა ჩხრეკისას - იარაღი, პარტიის ოფისიდან კი კომპიუტერები და სხვადასხვა დოკუმენტი ამოიღეს.

უწყება განმარტავს, რომ სეფილიანი, შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ერთად, შენობების, ტელეკომუნიკაციების, მათ შორის ერევნის სატელევიზიო ანძის დაკავებას აპირებდა. მათივე ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციას პროვოკაციების გზით გეგმავდა.

როდესაც სეფილიანი სასამართლოს წინაშე წარსდგა, მას ოფიციალური ბრალი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით წარუდგინეს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდება კი მოუხსნეს.

დაკავებამდე 2 კვირით ადრე კი, 11 ივნისს, მან განაცხადა, რომ ახალი ოპოზიციური მოძრაობის - წინააღმდეგობის ეროვნული კომიტეტის დაარსებას გეგმავდა:

"ჩვენ გვყავს მოღალატე ხელისფულება, უნდა შევქმნათ მისი ალტერნატივა, ხალხისა და ჯარის დახმარების მეშვეობით ქვეყნის მართვის ფუნქცია საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ".

რატომ ფიქრობს სეფილიანი, რომ სარგისიანის მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული ქმედებები არასწორია?

გარდა იმისა, რომ სეფილიანის მოძრაობას სომხეთში დღეს არსებულ მთავრობასთან ზემოაღნიშნული რიგი პრეტენზიები აქვს, მთავარი, რაზეც ისინი აპელირებენ, ქვეყნის პრეზიდენტის ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებით გადადგმული "უნიათო ქმედებებია".

უკანასკნელი მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, მას შემდეგ, რაც გაზაფხულზე მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა, სეფილიანი სწორედ სერჟ სარგისიანის უკან დახევის პოლიტიკამ დატოვა უკმაყოფილო. ის მიიჩნევდა, რომ უკვე დრო იყო, სომხეთს "საბოლოო გადაწყვეტილება" მიეღო იმისთვის, რომ კონფლიქტი დასრულებულიყო.

მისი თქმით, აღნიშნულ რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაზაფხულზე მიღებული გადაწყვეტილება 1994 წელს სომხეთის მხარის მიერ დაშვებული შეცდომის გამეორება იყო, რომელსაც თავის დროზე რეგიონისთვის მშვიდობა სრულებითაც არ მოუტანია.

სეფილიანი განმარტავს, რომ სარგისიანს მაშინ, როდესაც აპრილში ყარაბაღში კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, ქვეყანაში სამხედრო მობილიზება უნდა გამოეცხადებინა, რადგან ათასობით ადამიანი იყო ბრძოლისთვის მზად. მისი თქმით, სომხეთის პრეზიდენტის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა აზერბაიჯანი უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა.

ამასთან, როგორც ცნობილია, სომხეთში რუსული პრესიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს უკანასკნელი ერევანს მიწების გაყიდვას აიძულებს. გავრცელებული ინფორმაციით, კრემლის ჩინოვნიკები ავრცელებენ ცნობებს, რომ მოსკოვს სურს, სომხეთს იმ მოპოვებულ მიწებზე ათქმევინოს უარი, რომელიც ამ უკანასკნელმა ყარაბაღის კონფლიქტის მიმდინარეობისას მიითვისა, ხოლო მთიანი ყარაბაღი დამოუკიდებლად გამოაცხადოს.

ქვეყნის პრეზიდენტი, სერჟ სარგისიანი უარყოფს მოსკოვიდან მიღებულ მსგავს შეთავაზებას, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლის 4 აპრილს, მას შემდეგ, რაც ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია ისევ დაიწყო, სარგისიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა, რომელიც მხარს უჭერს მთიან ყარაბაღს, თუმცა არ აღიარებს მის დამოუკიდებლობას, კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, რეგიონის დამოუკიდებლობა ცნოს.

რას ფიქრობენ ქვეყნის სხვა ოპოზიციური ძალები?

გუშინდელი ღამიდან თავისუფლების მოედანზე, გარდა სეფილიანის დაჯგუფების მხარდამჭერებისა, სხვა ოპოზიციური დაჯგუფების წევრებიც არიან შეკრებილები, რომლებიც ამბობენ, რომ მიმდინარე მოვლენები დიდ პოლიტიკურ ამბოხებაში გადაიზრდება.

ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის - სამოქალაქო ხელშეკრულების ხელმძღვანელი, ნიკოლ პაშინიანი ამბობს, რომ ის მიმდინარე ამბებში მხოლოდ იმიტომ ჩაერთო, რომ ქვეყანამ სისხლისღვრა აიცილოს თავიდან, თუმცა განმარტავს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას მმართველი ძალაც იზიარებს, რადგან სწორედ მის გამო არის სომხეთში უსამართლო გარემო.

მომხდარში ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავს ასევე ოპოზიციური ძალა - მემკვიდრეობის პარტიაც. ქვეყნის მთავარი ოპოზიციური მოძრაობა - სომხეთის ეროვნული კონგრესი კი ამბობს, რომ ის ძალადობის წინააღმდეგია და იმედია აქვს, რომ სიტუაცია მალე განიმუხტება.

აქციის მონაწილეები, რომლებიც გუშინდელი ღამიდან დგანან პოლიციის შენობის მიმდებარედ, ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია სპეცოპერაციის გზით ჩაახშობს ამბოხს, მოვლენები მძიმე შედეგით დასრულდება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მეამბოხეები დათმობენ თავიანთ პოზიციებს, მათ აუცილებლად გაასამართლებენ. შეკრებილი ადამიანების მოთხოვნაა, რომ სამართალდამცავმა უწყებამ თავდამსხმელები ტერორიზმის ბრალდებით არ გაასამართლოს.

იმის ფონზე, რომ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად უკვე გარდაიცვალა 1 პოლიციელი, სომხეთში უკვე საუბრობენ იმაზეც, რომ სეფილიანის დაჯგუფების მიერ მძევლებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება განსაზღვრავს იმას, საბოლოოდ, მისი მოძრაობა უფრო მარგინალიზებული გახდება თუ ყოველივე ზემოაღნიშნული უფრო მასშტაბურ ოპოზიციურ პროტესტს დაედება საფუძვლად.

მიმდინარე პროცესის ფონზე, აღსანიშნავია ისიც, რომ სომხეთში შემდეგ წელს საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს - ქვეყანა საპრეზიდენტო წყობიდან საპარლამენტოზე უნდა გადავიდეს.

რას ამბობს სომხეთის ხელისუფლება?

სომხეთის საგამოძიებო ორგანომ პოლიციის შენობის აღებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულისთვის უკვე დაიწყო. თუმცა, სამართალდამცავმა უწყებამ ადგილობრივ მედია საშუალებებს ინფორმაცია, კონკრეტულად რა მუხლებით არის გამოძიება დაწყებული, არ მიაწოდა.

რაც შეეხება ქვეყნის ხელისუფლების პოზიციას, ისინი ამ დრომდე ოფიციალურ განცხადებებს არ აკეთებენ. თუმცა, აღსანიშნავია პარლამენტის სპიკერის, გალუსტ სააკიანის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ თუ პარლამენტი, რაიმე ფორმატით მაინც, ერებუნში მიმდინარე მოვლენების განხილვას დაიწყებს, ეს იქნება ხელისუფლების მიერ სისხლის სამართლის საქმეში ჩარევის მცდელობა:

"ეს ერთი-ერთი მიზეზია, რატომაც არ ვერევით. ყველა შემთხვევაში, არ არსებობს რაიმე კონკრეტული თემა, რომლის გარშემოც დისკუსიის გამართვის აუცილებლობაა".

აღნიშნული განცხადების შეფასებისას, სომეხი მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ხელისფულება მიმდინარე დაძაბულობას ზემოაღნიშნულ ჭრილში სპეციალურად განიხილავს. მათ ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ სომხეთის გავლენიანი ელიტა, იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ქვეყნის მართვის ხელში აღებისას აიღო, ვერ აცნობიერებს. ყოველივე ეს კი, სიტუაციას უფრო მეტად ამძაფრებს.

რა ვიცით უკანასკნელი მოვლენების შესახებ?

19 ივლისს შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც წერია, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ, თუმცა მათი თვითმიზანი მთავრობაში მოსვლა სულაც არ არის:

"ჩვენ არ დავნებდებით, ვიცით რას ვაკეთებთ და აქ ვდგავართ. თუ ჩვენ არ ვიქნებით და მოგვკლავენ, მაშინ თქვენ მოგიწევთ ამ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ არ გვინდა მთავრობაში მოსვლა, თუნდაც მოვიდეს დროებითი ხელისუფლება, რომელიც განგვსჯის ჩვენ და ამ მთავრობასაც".

ერევანში, ამბოხებულების მეირ დაკავებული პოლიციის შენობის მიმდებარედ, აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას სანაგვე ურნებით ცდილობენ, 20 ივლისი, 2016.

ფოტო: News.am

საღამოს პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის მიერ გაკეთებულ კორდონთან 300-მდე აქციის მონაწილე შეიკრიბა იმისთვის, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის დაგეგმილი სპეცოპერაციის ჩატარების უფლება არ მიეცათ. იმის გამო, რომ ისინი ხმამაღლა ყვიროდნენ, პოლიციის შენობაში მყოფმა ამბოხებულებმა იფიქრეს, რომ მათ მხარდამჭერებს ავიწროვებდნენ და ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს.

გასროლის ხმაზე აქტივისტებს ეგონათ, რომ დაიწყო შენობის შტურმი, რასაც მათი მხრიდან რეაგირება მოჰყვა, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციის მანქანა დაზიანდა, ასევე დაზიანებები მიიღო რამდენიმე პოლიციელმაც.

19 ივლისის ღამის შემდეგ ერებუნის გარეუბანში ვითარება სტაბილურია, ადგილზე მხოლოდ მედიისა და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები არიან შეკრებილები, თუმცა აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დღეს ისევ შეიკრიბებიან და მათი გამოსვლები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

ისინი მიიჩნევენ, რომ სომხეთში დღეს არსებული ხელისუფლება არალეგიტიმური გზით არის მოსული, ხოლო პირები, რომლებსაც პოლიციის შენობა აქვთ დაკავებული არა კრიმინალები, არამედ გმირები არიან.

ამ დროისთვის, ამბოხებულები ისევ არიან პოლიციის შენობაში გამაგრებულები, ხოლო მათი მოლაპარაკება სამართალდამცავ უწყებებთან ისევ გრძელდება.

On.ge თვალს ადევნებს ერევანში მიმდინარე მოვლენებს და მოგაწვდით უახლეს ინფორმაციას.

მასალა მომზადებულია უცხოურ მედიაზე დაყრდნობით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"სვანური კოშკი არასდროს იქნება "ბაშნია" — თბილისში სვანების მარში მიმდინარეობს

"სვანური კოშკი არასდროს იქნება "ბაშნია", "მაიტა ევროპა-მეთქი" — ამ საპროტესტო ლოზუნგებით თბილისში სვანების მარში…