30 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის გადადგომას მოითხოვს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის გამონათქვამებმა თუ ინიციატივებმა გამოხატვის, უმცირესობების და სხვა უფლებებთან დაკავშირებით, არაერთხელ გამოიწვია საზოგადოების ცალკეული ჯგუფების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი.

არასამთავრობოების თქმით, კრიტიკას ვერ უძლებს მის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ინიციატივებთან დაკავშირებით და საჯარო დისკუსიებისას მის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია.

"მისი დამოკიდებულება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მას, ატარებს დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული ჯგუფების ჩაგვრის გამართლებისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ თლიანობაში, კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა და საჯარო განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ მისი პირადი დამოკიდებულება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან სრულიად შეუსაბამოა მის ამჟამინდელ თანამდებობასთან.

ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ უნდა დატოვოს თანამდებობა და კომიტეტის თავმჯდომარედ შეირჩეს პირი, რომელსაც აქვს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე მართებული ხედვა და რომლის მიზანიც საქართველოში სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა იქნება.

განცხადებას ხელს 30 არასამთავრობო აწერს:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  3. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  4. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)
  5. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  6. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  7. მწვანე ალტერნატივა
  8. საზოგადოება და ბანკები
  9. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  10. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  11. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  12. საფარი
  13. ქალთა მოძრაობა
  14. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  15. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  16. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  17. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  18. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
  19. ქალთა ფონდი საქართველოში
  20. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  21. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RICG)
  22. თანასწორობის მოძრაობა
  23. ქალები საერთო მომავლისთვის-საქართველო
  24. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  25. თემიდა
  26. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები
  27. იდენტობა
  28. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი
  29. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
  30. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)