გაფიცვის ნაცვლად ისევ გვირაბში - მემანქანეების 1 თვით გადავადებული პროტესტი
დღეს, 3 მაისს, თბილისის მეტროს არ უნდა ემუშავა, მემანქანეები გაფიცვას აპირებდნენ, მაგრამ სატრანსპორტო კომპანიის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლომ გაფიცვა ერთი თვით გადაავადა. მათ კიდევ ერთი თვე უნდა იმუშაონ პირობებში, რომლებსაც არ ეთანხმებიან.
2012 წლიდან დღემდე მემანქანეებმა გაფიცვა არაერთხელ დაანონსეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. პირველ შემთხვევაში პროტესტის ტალღა ადმინისტრაციის დაპირებებმა ჩაახშო, მომდევნო ორ ჯერზე კი, სასამართლოს განჩინებამ. 2016 წლის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, თითქმის ორი წელი გავიდა, თბილისის მეტროს მემანქანეების პრობლემები და მოთხოვნა კვლავ არ იცვლება.
მემანქანეებს საათობრივი ანაზღაურება აქვთ, საათში 6 ლარსა და 92 თეთრს იღებენ. მათი თქმით, თვეში 150-დან 170-საათამდე მუშაობენ და საშუალო ხელფასი 1138-1180 ლარი გამოსდით. ამბობენ, რომ მათი ხელფასი სხვა პროფესიებთან შედარებით კარგად ანაზღაურაბადია, მაგრამ მომატებას რთული სამუშაო პირობების გამო ითხოვენ.
"მემანქანეს მუშაობა უწევს მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში, სადაც არის მაღალი ელექტრული ველი, რკინის მტვერი, ხმაური, ვიბრაცია, ჟანგბადის ნაკლებობა, რაც იწვევს სიმსივნურ, გულ-სისხლძარღვთა და ფილტვების დაავადებებს, მხედველობის დაქვეითებას. გვაქვს საშინელი მცოცავი გრაფიკი, რის გამოც ვერ ვუთავსებთ სხვა სამსახურს და დამოკიდებული ვართ მხოლოდ ამ ხელფასზე", - ამბობს მემანქანე ნუგზარ გაბუა.
მისი თქმით, ამ ხელფასით ოჯახის შენახვას ვერ ახერხებენ, რადგან მემანქანეების უმეტესობა ოჯახში ერთადერთი დასაქმებულია.
"არის დღეები, როცა ხალხი დღესასწაულს ოჯახში ზეიმობს, მემანქანე შეიძლება აღდგომას ან ახალ წელს გვირაბში შეხვდეს", - ყვება გაბუა.
მემანქანეები ყვებიან, რომ მათ მოთხოვნებზე ინფორმირებული იყო მერია, გამგეობა, ჯანდაცვის სამინისტრო და მეტროს ადმინისტრაციაც. კიდევ ერთი მემანქანის, გიორგი კალანდაძის თქმით, მოლაპარაკებები ან დაპირებებით მთავრდებოდა, ან პასუხად იღებდნენ, რომ ხელფასის მომატების საშუალება არ ჰქონდათ:
"გვითხრეს, ჩაგახედებთ და ნახეთ თუ იქნება სახსრები მოგიმატებთო. მერე, რამდენიმე ხანში გვითხრეს, ვერაფერი [თანხა] ვერ მოვიძიეთო და მივედით, აი, ამ შედეგამდე."
მემანქანე გიორგი სიდამონიძის გვიამბობს, რომ მათი მოთხოვნები თავდაპირველად სამ პუნქტს მოიცავდა: ხელფასების მატება, წელთა ნამსახურების და მავნე პირობების ანაზღაურება:
"აქედან ხელფასების გარდა ორი მოთხოვნა დააკმაყოფილეს. ხელფასების მატების მოთხოვნამ კი აქამდე მოგვიყვანა. ადმინისტრაციისგან და მერიისგან მოდის პასუხი, რომ მუნიციპალური ტრანსპორტია და არის წამგებიანი, ვერ მოგიმატებთ, სახსრები არ არისო. მედიაციის ჩაშლის მიზეზი გახდა პასუხი: ჯერჯერობით საშუალება არ არის."
მემანქანე გიორგი კალანდაძის თქმით, მათი მოთხოვნები ან ნაწილობრივ კმაყოფილდებოდა, ან დროთა განმავლობაში ადმინისტრაცია პირობებს ცვლიდა და სამუშაო ჯგუფმა შედეგი ვერ გამოიღო.
"მავნე პირობების ანაზღაურებას ვიღებდით ხელფასის 20 პროცენტს და ახლა თვეში 56 ლარს გვიხდიან. მაშინ, როცა პენსიაში გასული ჩვენი მემანქანეები 65 წელს ვერ სცილდებიან. ამ მავნე პირობების გამო დაზიანებული ჯანმრთელობით", - ამბობს მემანქანე ემზარ ბარბაქაძე.
მეტროს თანამშრომლების მიერ ხელფასების მატების მოთხოვნა სოციალურ ქსელში, მომხმარებელთა ნაწილმა უარყოფითად შეაფასა. გავრცელებულ ფოტო-კოლაჟებს მემანქანეები "ბინძური პროპაგანდისტული მანქანის" მიერ გაკეთებულს უწოდებენ.
ნუგზარ გაბუა ამბობს, რომ მათ ხელფასებს აქამდეც ადარებდნენ სხვა პროფესიის ადამიანებს:
"ყოველთვის მემანქანის ხელფასი ითვლებოდა ნორმალურ ანაზღაურებად ქვეყანაში, მაგრამ დღესდღეობით არის გათანაბრებული საშუალო ხელფასთან. ხშირად გვადარებენ სხვადასხვა სამსახურის ხალხს, ბაღის და სკოლის მასწავლებლებს, იმას, რომ მათ მცირე ხელფასი აქვთ. უფრო მეტიც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ამაში ხომ მემანქანეს არ მიუძღვის ბრალი. მოვითხოვთ იმას, რაც გვერგება და ვფიქრობთ სამართლიანია ეს ჩვენი მოთხოვნა."
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ჯერ კიდევ, გაფიცვის დაანონსების დღეს განაცხადა, რომ მეტროს პარალიზება არ მოხდებოდა, რამაც მემანქანეებს მოთხოვნის დაკმაყოფილების იმედი გაუჩინა.
"ჩვენი პროფკავშირი არის იმ ძალის, რომ მეტრო ვერ იფუნქციონირებს. რახან ეს განცხადება გაავრცელეს, გამოდის სატრანსპორტო კომპანიას იმედი აქვს, რომ დაგვითანხმებს", - ამბობდა სასამართლოს განჩინებით, მათი გადაწყვეტილების შეჩერებამდე.
მიუხედავად ამისა, მეტროს მემანქანეები დღეს ისევ გავიდნენ სამსახურში და სასამართლოს მოთხოვნა აღასრულეს.
კომენტარები