კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის თქმით, რუსული პროპაგანდა მედიაგარემოსთვის საფრთხეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროპაგანდასთან საბრძოლველად არასწორი მეთოდები უნდა გამოიყენებოდეს. ამის შესახებ კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემა კვირის ინტერვიუში სტუმრობისას განაცხადა.

ბექაურის თქმით, არ არსებობს ხელოვნურად შემზღუდველი ინსტრუმენტები, რომლითაც პროპაგანდას ებრძვიან.

"კაცობრიობას ეს ჯერ არ მოუგონია. ერთადერთი ინსტრუმენტი მედიაწიგნიერებაა, რაც ახალია და ევროპაში ფეხს ახლა იდგამს. ჩვენ ამ მიმართულებით წასვლას ვაპირებთ, სერიოზული გეგმები გვაქვს და გარკვეული ნაბიჯები უკვე გადავდგით. ძალიან მალე საჯაროდ ვიტყვით, მედიაწიგნიერების განვითარება როგორ გვესახება. ჩემი აზრით, ეს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთ–ერთი ინსტრუმენტი იქნება", – განაცხადა კახა ბექაურმა.

მას მიაჩნია, რომ პროპაგანდისტული არხებიც უნდა არსებობდეს, პოლიტიკური თუ ბიზნესინტერესების მატარებელიც, სიმართლის მთქმელიც, მიუკერძოებელიც და მატყუარაც, რადგან ეს მედიაპლურამიზმის გამოხატულებაა.

"ვთქვათ, რუსული სახელმწიფო არხები პოლიტიკურ დონეზე, კანონით, ან სხვა გზით ხელოვნურად აიკრძალა, იმას გამოვრიცხავთ, რომ რომელიმე ქართულენოვანმა არხმა მაუწყებლობის უფლება მიიღოს და რუსული პროპაგანდის გამტარებელი იყოს? რა უნდა ვუყოთ ამ ქართულენოვან, საქართველოს მოქალაქის მიერ შექმნილ არხს, რომელიც შესაძლოა, რუსულ ინტერესს ატარებდეს? ისიც ავკრძალოთ? აქედან მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვამდე ერთი ნაბიჯია", – განაცხადა კახა ბექაურმა.

NTV-Plus-ის განცხადებას, ქართულ მედიაბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით რუსულ პროპაგანდად აფასებენ არასამთავრობო სექტორში.

NTV-PLUS-ის შემოსვლასთან დაკავშირებით მანიფესტი შეიქმნა, რომლითაც ხელმომწერები მთავრობას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას NTV-PLUS-ისთვის რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვენ.

ამავე თემაზე: