საქართველოს მთავრობის 30 მარტის დადგენილებით, სახელმწიფო უწყებებს შავი ფერის ავტომობილების ყიდვა ეკრძალებათ.

დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფო ავტოპარკის განაწილებას, კლასიფიკაციასა და სამსახურებრივი ავტომანქანების შესყიდვის წესს ეხება, დაემატა პრეამბულა, სადაც წერია, რომ შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.

უწყებებმა ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის მიხედვით უნდა განაახლონ ავტოპარკები.

დადგენილების შესახებ თავდაპირველად გამოცემა ლიბერალმა გაავრცელა ინფორმაცია.

2 თებერვალს, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ საქართველოში შავი ჯიპების ეპოქა უნდა დასრულდეს:

"ეს ყველას აღიზიანებს და არ დაგიმალავთ, მეც, მათ შორის. ეს არის გარკვეულად დამკვიდრებული პრაქტიკა და ვფიქრობ, როდესაც საუბარი იქნება ავტოპარკის შეცვლაზე, ჩვენ ამ შავ ფერზე უარი უნდა ვთქვათ".