5 რჩევა, როგორ შეამცირო ნარჩენები საახალწლოდ
შობა-ახალი წლის დღესასწაულები ბედნიერებასთან, წინსვლასთან და მომავლის იმედთან ასოცირდება. თუმცა, პროგრესი და მომავალი რომ გარემოზე ზრუნვის გარეშე არ არსებობს, ამის შეხსენება ალბათ არცაა საჭირო.
არადა, სწორედ საახალწლოდ, ნებსით თუ უნებლიეთ, იმდენი ნარჩენი გვიგროვდება ხოლმე, სად წავიღოთ, აღარ ვიცით. დრო ცოტაა, საფიქრალი ბევრი: სადღესასწაულო რუზრუზში ხშირად რთულია, მოიცალო და ნარჩენების დახარისხებაზე იზრუნო. ამიტომ, ყველაფერს სჯობს, თავიდანვე დაიჭირო თადარიგი და მათ შემცირებაზე იფიქრო. ასე ნამდვილ სანტად იქცევი ყველაზე ძვირფასი ადრესატისთვის, ჩვენი პლანეტისთვის.
და მაინც, საიდან გროვდება ამდენი ნარჩენი?
საჩუქრები, შეფუთვები, დეკორაციები და საყიდლები, რომელსაც ბოლო არ უჩანს — გასაკვირი არაა, რომ სადღესასწაულო სეზონზე თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად ნარჩენები ცვივა ხოლმე. საქართველოში არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმის შესაფასებლად, თუ როგორ (ვერ) ვმართავთ გაზრდილ ნარჩენებს საახალწლოდ. თუმცა, საერთაშორისო სტატისტიკით ცნობილია, რომ ყოველწლიურად, წინასადღესასწაულო პერიოდში, პლასტმასის შეფუთვების წარმოება 30%-ით იზრდება, საშუალოსტატისტიკურ ოჯახში კი საახალწლოდ 25%-ით მეტი ნარჩენი გროვდება. მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს ის, რომ ნარჩენების დიდი ნაწილი არაბიოდეგრადირებადია და არც გადამუშავდება.
მაშ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი?
1. უთხარი არა ერთჯერად ნივთებს და შეფუთვებს
ფოტო: Giphy
იქნება ეს ერთჯერადი შეფუთვის ბრჭყვიალა ქაღალდი თუ სადღესასწაულო დეკორით გაფორმებული ერთჯერადი თეფში — არც ერთი არ წარმოადგენს აუცილებლობას, მით უფრო, რომ მათი გადამუშავება რთულია.
რას იტყვი, შენი საჩუქარი რომ ძველი გაზეთის ფურცლით შეფუთო? საკმაოდ ორიგინალური და ვინტაჟური შეხედულების შეფუთვა გამოვა. თუ მაინცდამაინც მრავალფეროვანი გაფორმება გინდა, ბრჭყვიალებს გამხმარი ყვავილები შეგიძლია ამჯობინო.
რაც მთავარია, ყველანაირად ეცადე, რომ პლასტმასის ნივთებს თავი აარიდო — როცა ბევრ სტუმარს მასპინძლობ ან საახალწლო წვეულებას აწყობ, შეიძლება სულმა წაგძლიოს და ერთჯერადი გამოყენების ნივთები მოისურვო, მაგრამ გარემოსთვისაც და შენი ჯანმრთელობისთვისაც აჯობებს, ცდუნებას არ აჰყვე.
2. საჩუქრის შერჩევისას, მისი "გამძლეობაც" გაითვალისწინე
ფოტო: Giphy
ახალი წლის ჯადოსნობის განუყოფელი ნაწილი საჩუქრების გაცემა და მიღებაა. ალბათ უკვე დაიწყე კიდეც ფიქრი, ვის რას აჩუქებ. ერთი პატარა რჩევით შემოგეშველებით: გაითვალისწინე, რამდენად პრაქტიკული და მრავალჯერადად გამოყენებადი იქნება შენი საჩუქარი. ის ხომ ადრესატისთვის მოგონებადაც უნდა იქცეს — წლების შემდეგ იმის შემხსენებლად, თუ როგორი გულისყურით და სიყვარულით შეურჩიე საჩუქარი მას.
ტკბილ მოგონებად შეიძლება იქცეს ისეთი რამეც, რაც დაუვიწყარ გამოცდილებას აჩუქებს ადრესატს. ეს შეიძლება იყოს საყვარელი ჯგუფის კონცერტის ბილეთი ან სულაც სასწავლო კურსის აბონემენტი. ისიც გახსოვდეს, რომ ერთი საუკეთესო საჩუქარი, თუნდაც შეუფუთავი, ბევრი "ისე-რა" საჩუქრით აწყობილ ყუთს სჯობს.
3. ნივთები შეგიძლია ხელმეორედ და სხვა დანიშნულებით გამოიყენო
ფოტო: Giphy
რატომ უნდა გადააგდო, მაგალითად, ის მუყაოს ყუთი, შეკვეთა რითაც მოგიტანეს? შეინახე და მასში თუნდაც საახალწლო დეკორაციები ჩააწყვე, როცა დღესასწაულები ჩამთავრდება. ასეთი ნივთების მრავალჯერადად გამოყენების უთვალავ მეთოდს მონახავ ინტერნეტში, შენ კი შეგიძლია საკუთარი ხელით შექმნა ეს ყველაფერი.
ჰო, ზოგიერთ კულტურაში ნამდვილად არის ტრადიცია, რომ ძველ წელს ძველმანებიც თან გააყოლო. თუმცა, თუკი ახალ წელს დედამიწისთვის გსურს საჩუქრის გაკეთება, შეგიძლია ძველი ნივთებისთვის სხვა დანიშნულების გამოძებნით დაიწყო. სხვათა შორის, შეფუთვების მრავალჯერადად გამოყენებაც შეგიძლია, საახალწლო სუფრა კი შარშანდელ გადასაფარებელზეც უპრობლემოდ გაიშლება...
4. საახალწლო დეკორაციებიც ყურადღებით შეარჩიე
ფოტო: Giphy
ზოგიერთს ახალი წელი იმდენად უყვარს, რომ კვირებით ადრეც კი იწყებს სადღესასწაულოდ სახლის ან ოფისის მორთვას. გირლანდები, ფერად-ფერადი განათებები, ბრჭყვიალა დეკორაციები — ამ ყველაფერთან ერთად, ახალი ნაძვის ხის შეძენაც შეიძლება მოგინდეს. თუმცა, რატომ უნდა დაიხარჯო ზედმეტად, თუკი ძველიც მშვენივრად ართმევს თავს დაკისრებულ მისიას?!
სადღესასწაულო დეკორაციების დიდი ნაწილი არაგადამუშავებად მასალას შეიცავს: ნათურები, შერეული პლასტმასა, ბატარეები. ამდენად, უმჯობესია, ხარისხიანი და გამძლე პროდუქცია შეარჩიო, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში შეგიქმნის საახალწლო განწყობას. გარემოზე მეტად ზრუნვას თუ მოისურვებ, ენერგოეფექტურ განათებებზე შეგიძლია არჩევანის შეჩერება.
5. დაბოლოს: საკვები ნარჩენები არ დაივიწყო!
ფოტო: Giphy
სადღესასწაულო სუფრას ყველა ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, მაგრამ, საქართველოში, რომლის სავიზიტო ბარათი გასტრონომიული კულტურაცაა, ახალი წლისთვის გაწყობილი მაგიდა კერძების სიუხვით გამოირჩევა. არადა, ნარჩენების მართვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ჭარბ საკვებს უკავშირდება: მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონობით ტონა ვარგისი საკვები იყრება ზამთრის დღესასწაულებზე. ეს ორგანული ნარჩენი ხშირად არც გადამუშავდება და არც კომპოსტირდება — პირდაპირ ნაგავსაყრელზე ხვდება, რაც მეთანის ემისიების ზრდას იწვევს.
ამდენად, საკვები ნარჩენების მართვაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. უპირველესად, ეცადე, მოამზადო დაახლოებით იმდენი პორცია, რამდენ სტუმარსაც ელოდები. არაა აუცილებელი, მაცივარი ნიგვზიანებით და მაიონეზიანი სალათებით გამოავსო. თუმცა, ნურც პირდაპირ სუფრიდან გადაუძახებ ნაგვის ყუთში ჯერ კიდევ საკვებად ვარგის საჭმელს.
ხოლო თუ მაინც დაგიგროვდა მეტისმეტი საჭმელი, შეგიძლია კომპოსტირება გაუკეთო და შენი ბაღისთვის ან ოთახის მცენარეებისთვის ნოყიერ ნიადაგად აქციო.
ფოტო: CENN
თუკი საკუთარი თავისთვის მიცემული საახალწლო პირობების ("რეზოლუციების") ჩამოწერა უკვე დაიწყე, სიას აუცილებლად დაამატე ნარჩენების შემცირება: 2026-ში ნივთების მრავალჯერადი გამოყენება ან გადამუშავება. ჩვენ კი ბედნიერ შობა-ახალწელს გისურვებთ!
სტატია მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით, CIRCOLUTION კამპანიის ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. ცირკულარობის კამპანია "ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში" პროგრამის ნაწილია, რომელსაც CENN ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს.
კომენტარები