რომელ ცხოველებში გვხვდება მონოგამია? — აი, "ერთგული" სახეობები
ფოტო: Shutterstock.com
ცხოველთა სამყაროში მონოგამია სქესობრივი ურთიერთობის ყველაზე გავრცელებული ფორმა ნამდვილად არაა. ამის მიუხედავად, არსებობენ სახეობები, რომელთა წარმომადგენლებიც მთელს ცხოვრებას ერთ პარტნიორთან ატარებენ.
მონოგამიის რამდენიმე ფორმაა ცნობილი, მაგალითად, სქესობრივი მონოგამია გულისხმობს ორ ინდივიდს, რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ერთმანეთთან წყვილდებიან; სოციალური მონოგამიისას წყვილები ხანგრძლივ კავშირს ამყარებენ — ნაშიერებს ერთად ზრდიან, ერთ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და საკვებსაც ერთად მოიპოვებენ, თუმცა, შესაძლოა, სხვასთანაც შეჯვარდნენ.
ჩვეულებრივ, ამ ტიპის ურთიერთობები მაშინ ვითარდება, როცა შეჯვარებისას კონკურენცია ნაკლებია და შთამომავლობაზე ორივე ინდივიდი ზრუნავს. ასეთ სახეობებში ხშირად მდედრები და მამრები ერთმანეთს ჰგვანან და მკაფიო ფიზიკური სხვაობები მინიმალურია.
მონოგამიური კავშირი გამრავლების პროცესსაც უფრო სტაბილურს ხდის, მაგრამ ზოგჯერ პოლიგამია უფრო ეფექტიანია. მაგალითად, ხშირად მამრები რამდენიმე მდედრთან ჯვარდებიან, რაც რეპროდუქციული წარმატების მაჩვენებელს ზრდის. ამ დროს, როგორც წესი, შთამომავლების გაზრდაში მხოლოდ ერთი მშობელი მონაწილეობს.
ძუძუმწოვრებისთვის მონოგამია ყოველთვის უსაფრთხო არჩევანი არაა, ამიტომ ამ ჯგუფში მონოგამიური სახეობების წილი მხოლოდ 3-5%-ია. მათ შორის არიან:
- კალიფორნიული თაგვები (Peromyscus californicus) — მათ ერთზე მეტი პარტნიორი თითქმის არასდროს ჰყავთ;
- აფთრისებრი ძაღლები (Lycaon pictus) — ხროვად ცხოვრობენ, ლიდერი ჰყავთ და მონოგამიურად ჯვარდებიან;
- დამარალენდის მიწის ვირთხები (Fukomys damarensis) — მათში კოლონიას წყვილი უძღვება;
- ულვაშიანი ტამარინები (Saguinus mystax) — პატარა მაიმუნები, რომლებშიც მდედრები და მამრები ნაშიერების გაზრდაში ერთად მონაწილეობენ, მაგრამ ზოგჯერ მდედრებს რამდენიმე პარტნიორი ჰყავთ;
- ეთიოპური მგლები (Canis simensis) — ერთ პარტნიორთან აქვთ ურთიერთობა და ლეკვებსაც ერთად ზრდიან;
- ევრაზიული თახვები (Castor fiber) — სოციალურად მონოგამიური ცხოველები.
ადამიანთა შემთხვევაში საქმე შედარებით რთულადაა, რადგან ჯერ კიდევ მსჯელობენ, რამდენად შეიძლება ნამდვილ მონოგამებად მოვიაზრებოდეთ. ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ძუძუმწოვრებში მონოგამიის ხარისხი იმით შეაფასეს, თუ რამდენად ხშირად იზიარებენ შთამომავლები საერთო მშობლებს. ჰომო საპიენსი მოწინავე ადგილებს შორის აღმოჩნდა, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი სახეობები გვისწრებდნენ, ანუ ისინი უფრო მეტად მონოგამიურები არიან. ასეა თუ ისე, ჩვენ სიის სათავესთან მაინც უფრო ახლოს ვართ, ვიდრე სხვა ბევრი ძუძუმწოვარი და ეს ახლო მონათესავე სახეობებისგანაც გამოგვარჩევს (შიმპანზეები, გორილები).
რაც შეეხება თევზებსა და ამფიბიებს, მათში მონოგამია თითქმის არ გვხვდება. იგივე შეიძლება ითქვას მწერებზეც, თუმცა გამონაკლისები იქაც არსებობენ, მაგალითად, ტარაკანი Panesthia lata.
მონოგამიის "რეკორდსმენები" ფრინველები არიან, რადგან ურთიერთობის ეს ფორმა მათ 90%-შია გავრცელებული, მაგრამ სხვადასხვა ხარისხით. მათ შორისაა გედებისა და ბატების სახეობების უმეტესობა, ბუხრინწები, ალბატროსები, თეთრთავა ფსოვები და თუთიყუშების უდიდესი ნაწილი; მონოგამიაზე საუბრისას ბევრს შეიძლება პინგვინები გაახსენდეს, მაგრამ, მათ შემთხვევაშიც საქმე ასე მარტივად არაა — პინგვინების ბევრ სახეობაში ხანგრძლივი კავშირები მართლაც არსებობს, მაგრამ ისინი ყოველთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ გრძელდება.
ფრინველებში მონოგამია მნიშვნელოვან როლს ასრულებს, განსაკუთრებით ფიზიკურად მოზრდილ და გადამფრენ სახეობებში. ეს იმიტომ, რომ კვერცხებიდან ბარტყების გამოჩეკა, შემდეგ მათი გაზრდა, ბუდის დაცვა და საკვების მოპოვება საკმაო დროსაც მოითხოვს და ორივე მშობლის ჩართულობასაც.

კომენტარები