ჩინეთის დედაქალაქ პეკინში უჩვეულო სკოლა გახსნეს, რომელშიც ჰუმანოიდ რობოტებს სხვადასხვა უნარს ასწავლიან, მაგალითად, ქარხნულ სამუშაოს ან საოჯახო საქმეებს.

სკოლა ორსართულიანი შენობაა. მასში წვრთნის რამდენიმე არეალია, რომლებსაც საკნებს უწოდებენ. მათ ხელმეორედ კონფიგურაციას ხშირად ახდენენ, რათა გარემო სხვადასხვა სცენარს მოარგონ და რობოტები მეტი მიმართულებით გაწვრთნან.

ტრენინგებს ძირითადად ქუაფუს მაგალითზე ატარებენ. ეს 165 სმ სიმაღლის ჰუმანოიდი რობოტია, რომელსაც სახელი ჩინური მითოლოგიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურის პატივსაცემად დაერქვა.

როგორც ცენტრის დირექტორი, ჭუ ქაი, განმარტავს, ყოველ რობოტს ორი ადამიანი მწვრთნელი ჰყავს.

ჰუმანოიდი რობოტის გაწვრთნის პროცესი.

ფოტო: Shijingshan district, Beijing

ხელოვნური ინტელექტის (AI) ინდუსტრიის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა მონაცემების ნაკლებობაა. აღნიშნული პრობლემა რთული AI მოდელების განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. ჭუ ამბობს, რომ დიდი რაოდენობით რეალური მონაცემების გარეშე ჰუმანოიდები დასწავლილ უნარებს ვერ აზოგადებენ და სხვადასხვა გარემოს ვერ არგებენ, მათი ცენტრი კი ამ პრობლემის გადაჭრაზე აქტიურად მუშაობს.

ჭუმ ასევე აღნიშნა, რომ ტრენინგის პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადია. მაგალითად, ერთ-ერთ სცენარში ჭკვიანი სახლი მოაწყვეს. ორმა მწვრთნელმა რობოტს ნივთების უსაფრთხოდ შეფუთვა ასწავლა. მაქსიმალური სიზუსტის მისაღწევად მწვრთნელები როლებს ყოველ საათში ცვლიდნენ: მაგალითად, ერთი მათგანი რობოტს ყუთის ჰაერბუშტოვან ცელოფანში გახვევას ასწავლიდა, მეორე კი კომპიუტერის ტერმინალიდან პროცესს აკვირდებოდა და მონაცემებს აღრიცხავდა.

საინტერესოა, რომ რობოტებს 4 ძირითადი კატეგორიიდან ფაკულტეტის "არჩევა" შეუძლიათ. ესენია: ინდუსტრიული წარმოება, ჭკვიანი სახლის მოწყობა, მოხუცთა მოვლა და 5G-ინტეგრირებული სცენარები.

აღნიშნული 4 კატეგორია 16 სპეციალიზებულ დისციპლინად იყოფა. ამ დროისთვის, გაწვრთნილმა რობოტებმა 20-ზე მეტი უნარი აითვისეს: მაგალითად, მასალების შემოწმება და მიტანა, წარმატების მაჩვენებელი კი 95%-ს აღემატება.

ერთ-ერთი მწვრთნელი, ში სიუენიუ, განმარტავს, რომ ტრენინგის პროცესი ძალიან საყურადღებოა. ზოგი დავალების, მაგალითად, ტაფის ქურაზე დადგმის სწავლება 1 250 გამეორებასაც კი შეიძლება მოითხოვდეს.

ცენტრს 110 თანამშრომელი ჰყავს, რომელთა უმრავლესობაც 2000-იან წლებშია დაბადებული.

საინტერესოა, რომ ზოგი რობოტი დავალებებს უკვე რეალურ გარემოშიც წარმატებით ართმევს თავს, მაგალითად, მანქანათმშენებლობის ქარხნებში ან კურიერებად "მუშაობენ".

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.