სანტა კლაუსი საჩუქრებს ყოველ ახალ წელს მთელი მსოფლიოს ბავშვებს უტოვებს, თანაც ამას სულ რამდენიმე საათის შუალედში ახერხებს. ზრდასრულებმა ვიცით, რომ ეს ასე არ არის, თუმცა მეცნიერები რის მეცნიერები იქნებოდნენ, ამ თემას რომ არ ჩაღრმავებოდნენ და დეტალურად არ გამოეთვალათ, თუ მაინც "რატომაა" ეს შეუძლებელი.

თუ ფიზიკოს მეთინ თოლანს დავუჯერებთ, სანტას შესახებ მითები ოდესმე შეიძლება რეალობადაც იქცეს — საამისოდ სანტამ უბრალოდ თანამედროვე კვანტურ ფიზიკას უნდა მიმართოს.

გამოთვლები იმ დაშვებას ეფუძნება, რომ სანტა კლაუსი ნამდვილად არსებობს. თოლანმა თავის წიგნში სცადა ეანგარიშა, თუ რამდენი სახლის სტუმრობა უწევს სანტას. მან დაუშვა, რომ სანტა მხოლოდ 10 წლამდე ასაკის ქრისტიან ბავშვებს ასაჩუქრებს, რომლებიც წლის განმავლობაში კარგად იქცეოდნენ. საბოლოოდ გამოვიდა, რომ 24 საათის განმავლობაში სანტა 234 მილიონ სახლს უნდა ეწვიოს, რისთვისაც წამში 2 708 ვიზიტია საჭირო. თუ ის დედამიწის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით იფრენს, ჯამში 32 საათი ექნება, ე.ი. წამში "სულ რაღაც" 2 000 ვიზიტი დასჭირდება.

ეს 40-ჯერ მეტია, ვიდრე იმ კადრების მაქსიმალური რაოდენობა, რისი დანახვაც ადამიანებს შეგვიძლია — ალბათ, მოფუსფუსე სანტას სწორედ ამიტომ ვერ ვხედავთ ხოლმე. მეორე მხრივ, თოლანი განმარტავს, რომ სანტა ამ შემთხვევაში საერთოდ მოკვდებოდა: გაიჭყლიტებოდა და დაიწვებოდა.

თუ სანტას თითო ბავშვისთვის საშუალოდ 1 კგ-იანი საჩუქარი მიაქვს, მას დაახლოებით 200 000-ტონიანი მარხილით 82 მილიონ კილომეტრზე მეტის გავლა მოუწევდა. გარდა ამისა, მარხილის ასაჩქარებლად სანტას 6-ჯერ მეტი ენერგია დასჭირდებოდა, ვიდრე 1 წლის განმავლობაში გერმანელები ჯამურად მოიხმარენ. თოლანი ასევე დეტალურად აღწერს, თუ როგორ აორთქლდებოდნენ ირმები, სანტა და მისი მარხილი. ამას გარდა, კუთხეებში ფრენაც მომაკვდინებელია.

მეორე მხრივ, გადარჩენა შესაძლებელია, თუ სანტა კვანტურ თეორიასა და ე.წ. ენერგია-დროის განუსაზღვრელობის პრინციპს ჩართავს საქმეში. პირველის თანახმად, მატერიას ტალღური თვისებებიც აქვს.

ეს ნიშნავს, რომ სანტა კლაუსი ტალღამ უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც სივრცეში ერთდროულად ბევრგან არსებობს და ყველა იმ მდგომარეობას აღწერს, რომელშიც სანტა ერთსა და იმავე დროს არსებობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთი სანტა კლაუსის ნაცვლად, უნდა არსებობდეს სანტას ტალღა, რომელიც მისი ყველა მდგომარეობის სუპერპოზიციებისგანაა შემდგარი.

შესაბამისად, სანტა ყველა სახლში ერთდროულადაა; კვანტური თეორიის კანონების თანახმად კი, ჩვენ მიერ მისი დანახვა შეუძლებელი უნდა იყოს: თუ მას დავინახავთ, ამ კონკრეტულ ლოკაციაზე სანტა კლაუსის ტალღა ჩამოიშლება, ე.ი. იგი არსებობას შეწყვეტს.

თოლანმა წიგნის ბოლოს განმარტა, რომ თანამედროვე კვანტურ ფიზიკას რეალობის, დროისა და ცნობიერების ჩვენეულ გაგებაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, მან კი ამ დარგს ახალი სარგებელი მოუძებნა: სანტა კლაუსის გადარჩენა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.