18 000 წლის წინ უკრაინის ტერიტორიაზე "სახლებს" მამონტის ძვლებისგან აშენებდნენ — კვლევა
ფოტო: Universiteit Leiden
მეცნიერთა კვლევის თანახმად, ახლანდელი უკრაინის ტერიტორიაზე გამყინვარების ხანის ადამიანთა ნაწილი სიცივეს თავშესაფრებში ემალებოდა, რომელთა ასაშენებლადაც მამონტის ძვლებსა და ეშვებს იყენებდნენ.
დაახლოებით 18 000 წლის წინანდელი საცხოვრებლების კვალს სოფელ მეჟირიჩში მიაგნეს; 1966-1974 წლების გათხრებისას არქეოლოგებმა ძვლების განლაგების მიხედვით ივარაუდეს, რომ ეს სწორედ გამყინვარების პერიოდის "სახლები" უნდა ყოფილიყო. იმის მიუხედავად, რომ ამ მოსაზრებას ბევრი მეცნიერი იზიარებდა, კითხვები მაინც არსებობდა, მაგალითად: კონკრეტულად როდის იყენებდნენ აღნიშნულ თავშესაფრებს და რამდენი ხნით?
ადრეული ვარაუდების მიხედვით, თარიღები 19 000-იდან 12 000 წლის წინა პერიოდამდე მერყეობდა. მეტის გასაგებად და კითხვებზე პასუხის გასაცემად სპეციალისტებმა ამ თავშესაფრებთან ახლოს ნაპოვნი პატარა ცხოველების ნაშთების ხნოვანება შეისწავლეს.
ავტორებმა დაადგინეს, რომ მეჟირიჩის უდიდესი ასეთი სტრუქტურა 18 323-17 839 წლის წინ უნდა აეშენებინათ. ესაა დრო უკანასკნელი გამყინვარების მაქსიმუმის შემდეგ, ანუ ამ ხანის ყველაზე ცივი პერიოდი. მეცნიერთა გამოთვლებით, ამ თავშესაფარს ადამიანები, სავარაუდოდ, 429 წლის განმავლობაში იყენებდნენ.
სიცივისგან და ქარისგან თავდასაცავი სტრუქტურების "საძირკველი" მამონტების თავის ქალებისგან და გრძელი ძვლებისგან უნდა ყოფილიყო შექმნილი, რომლებიც ძირს ვერტიკალურად განალაგეს. "სახლები" ხის კონსტრუქციებს შეიცავდა და მცირე ზომის ცხოველების ტყავით ან მერქნით იყო დაფარული, ხოლო ეშვებითა და დიდი ბრტყელი ძვლებით "ჭერს" აშენებდნენ.
თითოეულ ასეთ თავშესაფარში დაახლოებით 5-7 ადამიანი ეტეოდა. ავტორები ფიქრობენ, რომ შიგნით მყოფები ცხოველთა ტყავსა და ხორცს ამუშავებდნენ, იარაღებს ამზადებდნენ და სხვა ამგვარი აქტივობებით იყვნენ დაკავებულნი.
ნაშრომი პლატფორმა Open Research Europe-ში გამოქვეყნდა.

კომენტარები